სასახლეები კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიის ყველაზე ნათელი არქიტექტურული გამოხატულებაა, რომლებიც რაც დრო გადის ღირებულებასა და მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად იძენენ. საბედნიეროდ, თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრია კარგად ხვდება ამ არტეფაქტების იდეას, ამიტომ დიდი სასტუმროების ქსელების მაგნატები უძველეს ციხესიმაგრეებს ახალ სიცოცხლეს სძენენ ან თავად იწყებენ უახლესი სტანდარტებით უძველესი სტილის სასახლეების შენებას. უძველესი არქიტექტურის, საგულდაგულოდ შემონახული ინტერიერისა და შესაბამისი კლასის მომსახურებასთან ერთად, Hammock წარმოგიდგენთ საუკეთესო სასახლეებს მსოფლიოში, რომლებიც დღეს სასტუმროს სახით ფუნქციონირებენ და სტუმრებს  ზღაპრული სამყაროს პერსონაჟად აგრძნობინებენ თავს. 


Ashford Castle - ირლანდია

Ashford20Castle.jpg 385.94 KB
მე-13 საუკუნით დათარიღებული ვიქტორიანული სასახლე 1939 წლიდან სასტუმროს სახით ფუნქციონირებს. 2013 წელს 350 ჰექტარ მიწის ფართობზე მდებარე ეშფორდის სასახლე Red Collection Hotels-ის მფლობელობაში გადავიდა და მას შემდეგ 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც საუკუნეების გასვლის მიუხედავად ვიქტორიანული სტილის ინტერიერს არ ღალატობს, 83 ნომრით მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩასულ სტუმარს მასპინძლობს. 


Cliveden House - ინგლისი

Cliveden20.jpg 79.31 KB
არაერთი ჯილდოს მფლობელი, ბერქშირის შუაგულში მდებარე მე-17 საუკუნით დათარიღებული სასახლე უკვე 300 წელზე მეტია ინგლისისა თუ სხვა ქვეყნების ელიტურ საზოგადოებას მასპინძლობს. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ინგლისის სამეფო ოჯახის წევრების, ლორდებისა და ჰერცოგების მფლობელობის შემდეგ დღეს სასახლე 47 ნომრის მქონე 5-ვარსკვლავიან სასტუმროდ არის გარდაქმნილი და თითოეულ სტუმარს თავისი სიმდიდრით, ელეგანტურობითა და დახვეწილი ინტერიერით თავს სამეფო ოჯახის საპატიო წევრად აგრძნობინებს. 


Burg Wernberg - გერმანია

Burg20Wernberg.jpg 103.91 KB
ვერნბერგის სასახლის შესახებ პირველი ცნობები 1280 წლით თარიღდება. მიუნხენის სიახლოვეს მდებარე სასახლე დღეს ვიზიტორებს მსოფლიო კლასის სტანდარტების შესაბამის მომსახურებას  და  2 მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანსაც სთავაზობს. შუა საუკუნეების ბავარიული არქიტექტურის, ანტიკვარული ინტერიერისა და ბავარიის სოფლების ულამაზესი ხედებით სასტუმრო ნამდვილი გერმანული დასვენების შეგრძნების საშუალებას იძლევა. 


Manoir de Lebioles, Spa - ბელგია

Manoir20delebioles1.jpg 153.43 KB
1905 წელს სამხრეთ ბელგიაში, არდენების ტყეებში აგებულ სასახლეს ხშირად პატარა ვერსალადაც მოიაზრებენ. კლასიკური რენესანსის ელემენტებით გაფორმებული სასტუმროდ ქცეული სასახლე უნიკალური დეკორაციის მქონე ნომრებს მოიცავს. თუმცა, გასაოცარი ინტერიერისა თუ ექსტერიერით ტკბობასთან ერთად სასტუმრო ვიზიტორებს უმაღლესი დონის გამაჯანსაღებელ პროცედურებსაც სთავაზობს. 


Castello Di Vicarello - იტალია

Castello20Vicarello202.jpg 137.73 KB
Castello Di Vicarello ტოსკანაში მდებარე მე-12 საუკუნეში აგებული სასახლე იტალიურ ზღაპარში მოგზაურობას ჰგავს. ბუნების წიაღში განმარტოებით მდებარე, ტოსკანის გასაოცარი ხედებითა და ზეთისხილის კორომებით გარშემორტყმული უძველესი იტალიური არქიტექტურის მქონე სასახლე უკვე წლებია მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან მასპინძლობს სტუმრებს. 900 წლით უკან დაბრუნებასა და დროში მოგზაურობასთან ერთად სასტუმრო ვიზიტორებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სპა და სარესტორნო მომსახურებასაც სთავაზობს. 


Alila, Bishangarh - ინდოეთი

Alila2-min.jpg 220.24 KB
ჯაიპურის მახლობლად, არავალის ქედებზე მდებარე სასახლე ერთადერთია, რომელიც საბრძოლო სასახლიდან სასტუმროდ გადაკეთდა. 2 საუკუნეზე მეტი ხნის წინ ინდოეთისა და მსოფლიოს უძველესი მთის, არავალის სიახლოვეს აგებული სასახლე 10-წლიანი  რესტავრაციის შემდეგ სასტუმროდ გარდაიქმნა. Alila ძველი ინდური არქიტექტურული მახასიათებლების თანამედროვეობასთან იდეალურ შერწყმას წარმოადგენს, რაც სასტუმროს მისი ისტორიითა და განსაცვიფრებელი მდებარეობით კიდევ უფრო მეტად განსაკუთრებულს ხდის. 


Fairmont Frontenac - კანადა

Fairmont201.jpg 152.5 KB
უზარმაზარი, 18 სართულისა და 611 ოთახისაგან შემდგარი სასახლე 1893 წელს აიგო და მას შემდეგ კვებეკის ხატად იქცა. კანადის ისტორიულ ღირსშესანიშნაობად აღიარებული სასტუმრო არაერთი ისტორიული პოლიტიკური პირის, მათ შორის უინსტონ ჩერჩილისა და ფრანკლინ დ. რუზველტის თუ ცნობილი რეჟისორის, ალფრედ ჰიჩკოკის დანიშნულების ადგილს წარმოადგენდა. გოტიკური სტილის ერთ-ერთი პირველი სარკინიგზო სასტუმრო დღეს სპასა და რამდენიმე რესტორანს აერთიანებს. 


Thornewood Castle - ვაშინგტონი, აშშ

Thornewood202.jpg 171.5 KB
ვაშინგტონში მდებარე Thornewood-ის სასახლე მე-15 საუკუნეში ინგლისში მდებარე ელიზაბეტის სასახლის დაშლილი აგურებისაგან აიგო. სასახლის არქიტექტურასა და მის მშენებლობას ამერიკელი არქიტექტორი კირტლენდ კელსი კატერი კურირებდა. გოტიკური სტილის სასახლე, რომელსაც მე-15 საუკუნით დათარიღებული ხელით მოხატული მინის ნამუშევრები ამშვენებს, დღეს სასტუმროდ არის ქცეული და საქორწინო თუ სხვა სახის ღონისძიებებსაც ხშირად მასპინძლობს. 


Highlands Castle - ნიუ-იორკი

Highlands20Castle_Great20Hall20facing20windows.jpg 6.14 MB
1978 წელს ჯონ  ლავენდერი 3 წლის ვაჟს, ჯეისონს, საკუთარი სასახლის აგებას დაჰპირდა. 5 წლის შემდეგ კი ბოლტონ ლენდინგში, ნიუ-იორკში, ჯორჯის ტბის ხედებით სასახლისათვის იდეალური ადგილმდებარეობა გამოჩნდა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, 2010 წელს, სასახლის მფლობელებმა - ჯონ და ივონა ლავენდერებმა სახლი სხვა ადამიანებსაც გაუზიარეს და სასტუმროდ აქციეს.  დღეს სასახლე სტუმრებს 5 სახეობის ნომერთან ერთად არაერთ გასართობ აქტივობას სთავაზობს, მათ შორის - კანოეთი გასეირნებასა და ჯომარდობას. 


ფოტო: Vogue, Condé Nast Traveller, Architectural Digest, Highlands Castle