მოდის სამყაროზე არაერთი საინტერესო დოკუმენტური ფილმია გადაღებული, რომლებიც ნათლად წარმოაჩენენ იმ ქაოსურ, ხშირად ძალიან დამღლელ შემოქმედებით პროცესს, რაც ამ ინდუსტრიაში მუშაობას ახლავს თან. თანამედროვე მოდა, დიზაინერებს, ბიზნესმენებს, მკერავებს და მოდელებს შორის მრავალმხრივი კოლაბორაციის შედეგია. ცოტა ხნის წინ Apple+-ის მოკლე დოკუმენტურ სერიალში - The Supermodels, რომელიც 20 სექტემბერს გამოდის, მაღალ მოდას ცნობილი მოდელების თვალით გვანახვებს. ამ სტატიაში განხილულია 10 ფილმი, რომლებიც მოდის სამყაროს კულისებიდან გვიჩვენებს, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს უკეთ გაეცნოს დიზაინერებსა თუ იმ მოვლენებს, რომლებმაც თანამედროვე მოდა განსაზღვრეს.
7 Days Out
7 days Out Netflix-ის მოკლე დოკუმენტური ფილმებისგან შემდგარი მინისერიალია, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე უფრო დეტალურ წარმოდგენას გვიქმნის. ერთ-ერთი ეპიზოდი Chanel-ის 2018 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენების შესახებ მოგვითხრობს. სერიალში დეტალურად არის ნაჩვენები, როგორ იქცევა რეალობად ლაგერფელდის დიზაინერული ნამუშევრები და რა მასშტაბის მომზადებაა საჭირო უშუალოდ ჩვენებამდე.
The Supermodels
The Supermodels Apple-ის დოკუმენტური სერიალია, რომელიც 20 სექტემბერს გამოდის, სადაც ყველაზე ცნობილი სუპერმოდელები - ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი, ლინდა ევანგელისტა და კრისტი ტარლინგტონი თავიანთ კარიერაზე და პირად გამოცდილებებზე საუბრობენ, რაც მოდის სამყაროზე უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს.
Westwood: Punk.Icon.Activist
2018 წლის დოკუმენტური ფილმში დეტალურად არის განხილული ვესტვუდის ნამუშევრების ისტორია, ისევე როგორც მათი გავლენა თანამედროვე მოდაზე. ამ დოკუმენტური ფილმის კიდევ ერთი ხიბლი ისაა, რომ მასში თითქმის სრულად არის წარმოდგენილი ლეგენდარული დიზაინერის სამუშაო პროცესი.
Lagerfeld Confidential
ლეგენდარული დიზაინერი კარლ ლაგერფელდი მის პირად ცხოვრებას და პროფესიულ საქმიანობას ხშირად მიჯნავდა და პრივატულობას ამჯობინებდა. როდოლფ მაკრონის Lagerfeld Confidential კი საშუალებას გვაძლევს დიზაინერის ქაოსური ყოველდღიური ცხოვრება და საქმიანობა ვიხილოთ. ფილმის განსაკუთრებული ხიბლია ლაგერფელდის ვრცელი, ხშირად ირონიული მონოლოგები და ანეკდოტური ისტორიები მაღალი მოდის სამყაროზე.
Bill Cunningham: New York
ბილ კანინგემი - ქუჩის ფოტოგრაფი - ქალაქში მუდამ ველოსიპედით მოძრაობდა და ფირზე საინტერესო ჩაცმულობის მქონე ნიუიორკელებს, ისევე როგორც ცნობილ ადამიანებს აღბეჭდავდა. კანინგემმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მოდის ფოტოგრაფიასა და ჟურნალიზმში. მისი ფოტოები 1978 წლიდან რეგულარულად ქვეყნდებოდა New York Times-ში.
L’amour fou
2010 წლის დოკუმენტური ფილმი ივ სენ ლორენის და მისი პარტნიორის, პიერ ბერჟეს ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი პიერ ბერჟეს ავტობიოგრაფიული გადმოსახედიდან მოდის სამყაროზე და სენ ლორენზე საინტერესო პერსპექტივას გვთავაზობს. ბერჟე დეტალურად იხსენებს Dior-ის ადრეულ ისტორიას და სენ ლორენის ბრძოლას დეპრესიასთან, რასაც ფილმში მანამდე უცნობი ჩანაწერები ახლავს.
House of Cardin
House of Cardin ტოდ ჰიუსის და დევიდ ებერსოლის თანამშრომლობით გადაღებული დოკუმენტური ფილმია, რომელიც მოგვითხრობს იმ მასშტაბური გავლენის შესახებ, რომელიც პიერ კარდენმა იქონია მოდაზე როგორც საკუთარი ბრენდით, ისე სხვადასხვა მოდის სახლებთან თანამშრომლობით. ფილმში კარდენის ხელწერაზე საუბრობენ ცნობილი მოდელებიც, მათ შორის - ნაომი კემპბელი და შერონ სტოუნი.
The First Monday in May
The First Monday in May მთლიანად Met Gala-ს შესახებაა გადაღებული, სადაც ყურადღება კონკრეტულად 2015 წლის გალაზე - China: Through the Looking Glass-ზეა გამახვილებული. გარდა იმისა, რომ ფილმში მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების სამუშაო პროცესია ნაჩვენები, დეტალურად ჩანს ის ქაოსური და ხშირად საკმაოდ ჩახლართული საქმიანობა, რომელიც Met-ის ორგანიზებას სჭირდება.
Valentino: The Last Emperor
ვალენტინო მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერია, რომელმაც თავის დაფუძნებულ მოდის სახლს 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა. Valentino: The Last Emperor Vanity Fair-ის რეჟისორის, მეტ ტირნაუერის გადაღებული ფილმია, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს დეტალურად დაინახოს როგორია Valentino-ს ბრენდი და უფრო ზოგადად, მოდის სამყაროს კულისებს მიღმა.
McQueen
იან ბონოტის და პიტერ ეტედუის 2018 წლის დოკუმენტური ფილმი McQueen ლეგენდარული მოდის დიზაინერის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, თუმცა ფილმის მთავარი აქცენტი ნაკლებადაა მაკქუინის უშუალო პროფესიული საქმიანობა, არამედ რეჟისორები მაკქუინის ფსიქოპორტრეტს გვთავაზობენ, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს მაკქუინი ბევრად ინტიმურ გარემოში დაინახოს.
Helmut Newton: Frames from the Edge
ჰელმუტ ნიუტონი 80-იანების ყველაზე ცნობილი მოდის ფოტოგრაფია, რომლის ნამუშევრებმაც დიდი გავლენა იქონია როგორც მოდაზე, ისე ზოგადად კულტურაზე. ნიუტონის ფოტოები ხშირად პრაქტიკულად ეროტიკული და სექსუალიზებულია, რის გამოც ფოტოგრაფს ხშირად აკრიტიკებდნენ და აქებდნენ კიდეც. 1989 წლის ამ დოკუმენტურ ფილმში ნიუტონის საქმიანობას: მოდელების არჩევის და ფოტოების დადგმის პროცესს დეტალურად ვეცნობით.
დაწერე კომენტარი