10 სექტემბერიდან 22 ოქტომბრამდე Gallery Artbeat საბინა ჰორნიგის და თამუნა ჭაბაშვილის ერთობლივ გამოფენას -  “დაუცველობის საზღვრებს” მასპინძლობს, რომელიც გალერეის პრესრელიზის მიხედვით, “იკვლევს მუდმივად ცვალებად სოციალურ და პოლიტიკურ პერსპექტივებს ხელოვნურად შექმნილ გარემოში და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვრების გავლენას და ფანჯარას, როგორც შუალედურ სივრცეს, რომელიც შლის ზღვარს საჯაროს და კერძოს, ხილულს და უხილავს შორის”. 


გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები დიდწილად თბილისში დამკვიდრებული არქიტექტურული მოტივებით არის ნაკარნახები. მაგალითად, ჰორნიგის სკულპტურა - “შებრუნებული ფანჯარა” თბილისში ფართოდ გავრცელებული ტრადიციული ტიპის სარკმლის და აივნის ცხაურებით არის შთაგონებული. გამოფენაზე წარმოდგენილია საბინა ჰორნიგის ფოტოები თბილისის ფანჯრების მოტივებით, რომლებიც ასახავენ მშენებარე ობიექტებს თანამედროვე ქალაქური პეიზაჟის ფონზე. 


თამუნა ჭაბაშვილის ნამუშევრების კვლევის საგანი ადამიანის მიერ შექმნილი სისტემების ეფემერულობა და მოწყვლადობაა. გამოფენაზე წარმოდგენილი ჭაბაშვილის ნამუშევრების შთაგონება უკრაინელი ქალების მიერ მოქსოვილი სამხედრო კამუფლაჟის ბადე გახდა. ჭაბაშვილისთვის ეს კამუფლაჟი ფერადი ნაჭრებით მორთულ ნატვრის ხეს, იმედის სიმბოლოს ჰგავდა. ნატვრის ხე კი სულიერი და ფიზიკური თავდაცვის მეტაფორაა. 

370357037_772830658182793_2835255772375549549_n.jpg 168.12 KB