32 წლის დიზაინერს, პიტერ დუს მოდის სამყარომ მარტივი დავალება როდი დააკისრა - განაახლო და ახალი სიცოცხლე შესძინო 90-იანების საკულტო ბრენდს, რომელიც თითქმის 20 წელია ჰელმუტ ლენგის წარსული დიდებით იკვებება და თანამედროვე მოდის სამყაროში დამკვიდრებას ვერ ახერხებს.
2005 წელს, მას შემდეგ, რაც თანამედროვე მოდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დიზაინერმა, ჰელმუტ ლენგმა საკუთარი სახელობის ბრენდი, Helmut Lang დატოვა, ინდუსტრიის კიდევ ერთი დიდი, ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. წარმოშობით ავსტრიელ დიზაინერს ხშირად ნიუ-იორკის მინიმალისტური სტილისა და, ზოგადად, ნიუ-იორკსა თუ მთელ მსოფლიოში ქუჩის სტილის ინდუსტრიის სულისჩამდგმელად მიიჩნევენ. თუმცა, გავლენა მხოლოდ ჩაცმის სტილისა და სამოსის გლობალურ ხასიათზე არ ვრცელდებოდა, მოდის კალენდარი იმ სახით, როგორსაც დღეს ვიცნობთ, სწორედ მისი გადაწყვეტილების შედეგია - ეჩვენებინა კოლექცია პარიზის ნაცვლად ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე. იქამდე კი ინდუსტრიის 4 ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა სტარტს ევროპის კონტინენტზე იღებდა და ნიუ-იორკში სრულდებოდა.
მოდის ინდუსტრიის მწვერვალზე მყოფმა ლენგმა მოულოდნელად ბრენდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ლეიბლის გავლენა და სიძლიერე ნელ-ნელა შეასუსტა. ცვლილებებისა და სწრაფ მოდაში თავის დამკვიდრების მცდელობის მიუხედავად, ბრენდი ძველი დიდების დაბრუნებას ან მასთან მიახლოებას ჯერ კიდევ ვერ ბედავდა. თუმცა, ბრენდის დაღმასვლამ ჰელმუტ ლენგზე, როგორც მოდის ერთ-ერთ უდიდეს დიზაინერზე გავლენა ვერ იქონია და, პირიქით, დიდი მოდის სახლების არაერთი კრეატიული დიზაინერის შემოქმედება, გარკვეულწილად, სწორედ ლენგის დიზაინის რეფერენსებზეა აგებული.
რამდენიმე თვის წინ მოდის სახლმა სიახლე გაავრცელა, რომლის მიხედვითაც Helmut Lang-ს სათავეში ახალგაზრდა, ენერგიული, წარმოშობით ვიეტნამელი დიზაინერი, პიტერ დუ ჩაუდგებოდა. მოდის სფეროთი პატარა ასაკში დაინტერესებულმა პიტერმა ჰელმუტ ლენგის შესახებ იმ პერიოდში საკმაოდ აქტუალური და პოპულარული პლატფორმის, Tumblr-ის საშუალებით შეიტყო და ინტერნეტით შეძენილი სიყვარული Helmut Lang-ის კრეატიულ დირექტორობაში გადაიზარდა. Céline-ის ატელიეში ფიბი ფაილოს ხელმძღვანელობით მუშაობის შემდეგ, 2018 წელს, საკუთარი სახელობის ბრენდი Peter Do შექმნა და მოდის სამყარომ პიტერ დუ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნია, გავრცელებული სიახლე კი ბრენდის ხელახალ დაბადებასა და ძალების დაბრუნებას ნიშნავდა. 






დაწერე კომენტარი