ბოლო ხანებში ინსტაგრამი ნებისმიერი არტისტისთვის  მომგებიან პლატფორმად იქცა. განსაკუთრებით საინტერესოა  იმ არტისტების გვერდები, რომლებიც ქვიარ საზოგადოების წევრები არიან და საკუთარ ნამუშევრებს ავრცელებენ, ამით კი ისინი თავიანთი ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ გამოწვევებს გვიზიარებენ.

 

“ქვიარ ადამიანი ლამაზია. ის იმსახურებს იყოს იმდენად მიღებული და დაფასებული, რამდენადაც ეს შესაძლებელია”, - ამბობს ქვიარ არტისტი ფლორენს გივენი. თუმცა, საზოგადოებრივი წესებით, ერთგვარი დაუწერელი კანონებით  რომელიც ცნობილია ტრანსებისა და ქალების სხეულების ცენზურით, ქვიარ საზოგადოების ცხოვრების ამსახველი კადრების სოციალურ ქსელებში გავრცელება არც ისე მარტივია.

 

 

Gabriella Grimes, 24 წლის, ქალაქ ნიუ-იორკიდან

 

 

მან ილუსტრაციებზე მუშაობა 2017 დაიწყო, თუმცა ციფრულ ილუსტრაციების შექმნას 2018 წელს მიჰყო ხელი. სწორედ ამ დროს შეიცვალა არტისტის ნამუშევრების სტილი და მიმართულებაც. ის უმეტესად ფერად გამოსახულებებს ხატავდა და საბოლოოდ გადაწყვიტა, მხოლოდ ქვიარ საზოგადოების წევრების სახეები დაეხატა. ის მუდამ ცდილობს ასახოს რეალობა, -  ქვიარ ადამიანები ბედნიერები, ზოგჯერ საინტერესოდ უცნაურები, ემოციურები და განსხვავებულები არიან. გაბრიელას ნამუშევრებში აშკარად ჩანს, რომ მათი ისტორიები აუცილებლად მწუხარებითა და პრობლემებით სავსე სულაც არ არის.

 

არტისტი თავადაც ქვიარია. ამბობს, რომ უნდოდა ისეთი ადამიანები დაეხატა, რომლებიც მას ჰგავდნენ. საკუთარ თავს ფერადკანიან ქვიარ ილუსტრატორად მოიხსენიებს და სწორედ ასე უნდა, რომ იცნობდეს მას საზოგადოებაც. აღიარებს, რომ წლების განმავლობაში უჭირდა საკუთარი იდენტობის შესახებ ხმამაღალა გაეცხადებინა,  თუმცა ის, რასაც დღეს აკეთებს, არის მაგალითი სხვა მისი მსგავსი ადამიანებისთვის.

 

ამ ბოლო დროს არტისტი ძირითადად გეი წყვილებს ხატავს.  ის აღტაცებულია იმით, რასაც აკეთებს. მოსწონს, რომ არის ფერადკანიანი და ქვიარი, და აკეთებს ილუსტრაციებს, თუმცა ეს ყველაფერი ზოგჯერ რთულიც კია, რადგან შეიძლება არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერენ მის საქმიანობას, იმიტომ რომ  ფერადკანიანია, ან იმიტომ რომ ქვიარ საზოგადოების წევრია.

“ხანდახან ადამიანებს რაღაცების გაგება არ სურთ და ეს სამწუხაროა, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ისინი  ახერხებენ შეიგრძნონ ბედნიერებისა და თავისუფლების განცდა ჩემი ნამუშევრების წყალობით. ცხოვრება შეიძლება მშვენიერი, ჩვენი ურთიერთობები კი ჯანმრთელი იყოს. უნდა შეგვეძლოს ჩვენივე თავების ლამაზად აღქმა.”

Cute Brute, 39 წლის, ქალაქ ნიუ-იორკიდან

არტისტი ბავშვობიდან ხატავდა, თუმცა პროფესიული  საქმიანობა  დაახლოებით, 20 წლის წინ დაიწყო. როგორც ამბობს, ხატავს იმას, რაც შესაბამის მომენტში თავში უტრიალებს. ინსპირაციას იღებს 70-80-იანი წლების რეტრო კულტურიდან. მოსწონს, როცა გამოსახავს ნივთებს, რომლებიც თითქოს ჩვეულებრივები უნდა იყვნენ, თუმცა სექსუალურად ან უცნაურად გამოიყურებიან.

მისი შემოქმედების უმეტესი ნაწილი მამაკაცის შიშველი სხეულებია, რაც მის იდენტობას უსვამს ხაზს. ცდილობს წარმოაჩინოს, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს ადამიანი და რამდენად ალოგიკურია ის, რომ ეს ხშირად მოიხსენიება ტაბუდადებულ თემად.

მას ასევე მოსწონს, როცა განსხვავებული გენდერული ნიშნის მახასიათებლებს ერთმანეთში ურევს, მაგალითად, როცა გამოსახავს ულვაშებსა და კუნთებს, გრძელ წამწამებთან და დიდ ბაფთებთან ერთად. ამბობს, რომ მისთვის ესთეტიკურია, როცა სილამაზე ბრუტალურობას ერწყმის. ყოველივე ამას კი მისი იუმორი ერთვის თან.

“ჩემი უდიდესი გამოწვევაა, აღმიქვამდნენ ქვიარ ილუსტრატორად. ქვიარ თემას უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ჩემს საქმიანობაში, თუმცა არ მინდა ეს  დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს. აღმოვაჩინე, რომ ჩემი გულშემატკივრების რიგებში საკმაოდ მრავალფეროვანი ადამიანები არიან - მამაკაცები, ქალები, მოხუცები, ახალგაზრდები, ჰომო- თუ ჰეტეროსექსუალები… მიხარია, რომ ამდენი განსხვავებული ადამიანი იწონებს და აფასებს ჩემს შემოქმედებას."

Cat, 26 წლის, ქალაქ პორტლენდიდან

ილუსტრირება არის გზა, რომლის საშუალებითაც არტისტი საუბრობს პირად საკიხებზე. მუდმივად ცდილობს, რომ შემოქმედების დახმარებით ასახოს რეალობა. როგორც თვითონ ამბობს, მისი სტილი არის თავხედური, პირდაპირი და მარტივი. მის გვერდზე შეხვდებით როგორც ეროტიკულ ნამუშევრებსა და ბინძურ კომიქსებს, ასევე სამოტივაციო პოსტერებსაც.

არტისტის ნამუშევრები ემსახურება სექსუალური განათლების გაზიარებას ახალგაზრდებისთვის და ძირითადად ეფუძნება საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებას. “ვცდილობ დავუბრუნდე იმ დროის აზროვნებას, როცა ვიწყებდი საკუთარი სექსუალურობის გაცნობიერებას/აღმოჩენას. და ვავრცელებ იმ ინფორმაციას, რაც ძალიან კარგი იქნებოდა მაშინ  ჩემთვის ხელმისაწვდომი რომ ყოფილიყო.”

“ძალიან ბევრ მესიჯს ვიღებ კითხვის სახით ამა თუ იმ სექსუალურ საკითხთან დაკავშირებით. ამ კითხვებზე პასუხების გაცემას კი ჩემი ილუსტრაციებით ვცდილობ.”

არტისტი აღიარებს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია საკუთარი სექსუალური იდენტობა და აღმოჩენის შემდეგ ერიდებოდა ეს  საზოგადოებისთვის გაეზიარებინა. ამბობს, რომ  თავიდან ყველაფერი  ძალიან რთული ჩანს, ამიტომაც ადამიანებს ილუსტრაციების გზით უკავშირდება და აჩვენებს, რომ ისინი მარტონი არ არიან.

ბისექსუალი არტისტი უპირისპირდება ბიფობიას და სოციალური ქსელის და შემოქმედების საშუალებით პოზიტივს ავრცელებს. ამით მხარს უჭერს სექსუალურ თავისუფლებას და ამას გამოხატავს უსაფრთხო და  კეთილი ფორმებით. როგორც ქვიარი, ის ხშირად ხდება ბულინგისა და რასიზმის მსხვერპლი სიციალურ მედიაში, თუმცა ბლოკავს ადამიანებს, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ. როგორც განმარტავს, ამის მიზეზი და მიზანი არის ერთდაერთი, მისმა გამომწერებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.

Wednesday, 25 წლის, ქალაქ ლონდონიდან

არტისტი თავის საქმიანობას საკუთარი თავის გამოხატვის და საზოგადოებასთან დაკავშირების საუკეთესო საშუალებად აღიქვამს. “ჩემი სტილი ხალისით სავსე, ფერადი და სუპერქვიარულია”

მისი ყველა პერსონაჟი ტრანსგენდერია. ცდილობს ახალგაზრდებს მიაწოდოს ის საჭირო ინფორმაცია, რაც თავის დროზე თვითონ დააკლდა. ხელოვნება არის გზა, რომლითაც სიყვარულის და ბედნიერების იმედს ჩაუსახავს ქვიარ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს. მისი საქმიანობა ასევე გამოირჩევა ღია საუბრებით მენტალურ ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებით.

“მთელი ცხოვრების განმავლობაში მქონდა განცდა, რომ ადამიანებს აქვთ ასეთი მიდგომა: “ვიცით, რომ ქვიარ საზოგადოების წარმომადგენლები ხართ, თუმცა ამაზე ნუ გვესაუბრებით, რადგან თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ.” სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ხმამაღლა და გარკვევით მესაუბრა. ეს საჭიროა. ძალიან მღლიდა ის სიჩუმე, რომელიც ქვიარ ადამიანებს მსხვერპლად იწირავდა. არ არსებობს საზღვარი ჩემს ხელოვნებასა და ჩემს ცხოვრებას შორის. ჩემი შემოქმედება თავად მე ვარ.”

“ვგრძნობ, რომ პრივილეგირებული ვარ, რადგან ვარ თეთრი. მართალია, ჩემი ცხოვრებაც სავსეა გამოწვევებით, თუმცა ალბათ ვერასდროს გამოვცდი იმას, თუ რა პრობლემებთან უწევთ გამკლავება ქვიარ საზოგადოების სხვა წევრებს. პრივილეგირებული ვარ, რადგან მაქვს საშუალება, ვიყო ხელოვანი და გამოვხატო საკუთარი თავი. თუმცა ირგვლივ ძალიან ბევრი ქვიარ ილუსტრატორია, რომლებსაც არ ეძლევათ შანსი, აკეთონ თავიანთი საქმე. ჩვენ, ქვიარ საზოგადოების წარმომადგენლებს, გვჭირდება მეტი სივრცე, რადგან ჩვენი შეხედულებები ყოველთვის საჭირო და მნიშვნელოვანია. არავინ არ უნდა გრძნობდეს თავს ყუთში გამოკეტილად.”

Florence Given, 20 წლის, ლონდონიდან



არტისტმა შიშველი ქალების ხატვა 14-15 წლის ასაკში დაიწყო, თუმცა ეს ყოველივე მის მთავარ საქმიანობად მხოლოდ 18 წლის ასაკში იქცა, როცა ინსტაგრამზე ნამუშევრების გავრცელება დაიწყო. მისი სტილი ნათელი ფერებით, 70-იანი წლების სექსუალურობით შთაგონებული, ენერგიულობითა და სითამამით გამოირჩევა. ცდილობს სხვა მისნაირი ადამიანები საკუთარი ნამუშევრებით წაახალისოს და მიახვედროს, რომ ყველაფერი, რასაც გარეთ ეძებენ, ისევ და ისევ მათ თავშია.

“ბისექსუალურობის (საკუთარი იდენტობის) ასახვა ჩემს ნამუშევრებში წარმოაჩენს ჩემს იმ თვისებებს, რასაც წლების განმავლობაში ჩემთვის ვინახავდი. ვფიქრობ, ეს აშკარად თვალსაჩინოა მათთვის, ვინც ინსტაგრამზე მომყვება. როგორც არტისტი, შენი ნამუშევრები ყოველთვის შენი გონებისა და იდენტურობის ასახვა იქნება, ამიტომაც არ ვთვლი, რომ ჩემი ხელოვნებისა და ჩემი გამოცდილებების (ქვიარ ქალის) ერთმანეთისგან გამოყოფა სწორი იქნებოდა. საკუთარ სექსუალურობაზე საუბარმა შვება მომგვარა.”

ამბობს, რომ მას ხშირად ბაძავენ, პარავენ ნამუშევრებს, ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში, აბულინგებენ პირად შეტყობინებებში. მიაჩნია, რომ ამის მიზეზი არის მისი გულწრფელი და თავდაჯერებული საუბრები მთელი მსოფლიოსთვის, ბევრისთვის საკმაოდ არაკომფორტულ საკითხებთან დაკავშირებით.

მას შემდეგ, რაც მან ადამიანებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ტოქსიკური ურთიერთობები (კამპანია #DumpHim) და წაახალისა ქალები, აღექვათ საკუთარი სექსუალურობა, აქტიურად გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც აქამდე ვერ ხვდებოდნენ, თუ რას იმსახურებდნენ რეალურად. “მართალია, დამღლელია, თუმცა ყოველთვის ვიქნები იმ ცვლილების მომხრე, რომელიც მინდა მსოფლიოში დამკვიდრდეს. სხვაგვარად ჩემი არსებობა წარმოუდგენელია.” - ამბობს არტისტი.