სტივენ კლეინი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც Rhode Island School of Design-ის ფერწერის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 90-იანებში, ძირითადად მოდის ფოტოგრაფიით დაინტერესდა. კარიერის მანძილზე კლეინი თანამშრომლობდა პოპ-კულტურის და მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილ სახეებთან, ისევე როგორც სხვადასხვა მოდის სახლებთან.
კლეინის ფოტოგრაფია კომპოზიციურად კლასიკური მხატვრობით არის შთაგონებული, სადაც მოდელები ხშირად ქაოსურ სცენებში თითქოს რენესანსის ფიგურებად გვევლინებიან. კლეინის ფოტოგრაფიაში სეტ დიზაინს და კომპოზიციას დიდი ყურადღება ეთმობა, სწორედ ამიტომ ფოტოგრაფი ხშირად თანამშრომლობს კინემატოგრაფ დევიდ დელვინთან, რომელთან ერთადაც კლაინმა მადონას სინგლის, Alejandro-ს მუსიკალური ვიდეო გადაიღო.
კლეინის ფოტოგრაფიაში ხშირად ვაწყდებით ძალაუფლების, ძალადობის და დისტოპიურ თემებს, რაც ესთეტიკურად დიდწილად შთაგონებულია 90-იანების Bondage და ქვიარ კულტურით, რომელიც ხშირად იჩენს თავს მადონასთან თანამშრომლობაში.
ბოლო დროს კლეინი თავის ნამუშევრებში აქცენტს აკეთებს სექსიზმზე და სხვადასხვა სოციალურ პრობლემებზე. კლეინის ფოტოებში ქალებს ხშირად ტრადიციულ გენდერულ როლებში ვხედავთ, სადაც ისინი სექსისტურ კულტურაში ქალებთან ასოცირებულ საქმიანობებს, იქნება ეს სამზარეულოს თუ სახლის “საქმეები”, განგებ დესტრუქციულად ასრულებენ. ეს თემატიკა კარგად იკვეთება კლეინის ნამუშევრებში - ADHD, Woman in the Kitchen და ა.შ.
კლეინის შედარებით ადრეული ფოტოგრაფია ბევრად ზომიერია იმ გაგებით, რომ ფოტოების სიუჟეტები ნაკლებად ქაოსურია და კლეინის ყურადღება ძირითადად დინამიკური ფორმების და მოდელების ნაკვთების წარმოჩენაზეა შეჩერებული.ბოლო დროს მაღალი მოდის ფოტოგრაფიაში და ზოგადად, ხელოვნებაში, ვიზუალური ენა მეტად პოლიტიკურია, ამ მხრივ კლეინი თანამედროვე პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას. განსაკუთრებით საინტერესოა კლეინის უსათაურო ფოტო, სადაც ქალი ჭურჭელს რეცხავს, სახეზე კი “ნიღაბი-ტელეფონი” უკეთია, 70-იანების პერიოდის უცნაური პროტოტიპი - სახეზე მისამაგრებელი ტელეფონი, რომ ხელები “სახლის საქმეებისთვის” თავისუფალი იყოს.
კლეინი თავის ნამუშევრებში ქალებს და კაცებს ხშირად საკმაოდ მსგავსად წარმოაჩენს. მოდის ფოტოგრაფიაში, მოდელ ქალებსა და კაცებს სხვადასხვა ვითარებაში ვხედავთ - ქალებისგან განსხვავებით კაცები ძალაუფლებას გამოხატავენ. კლეინის ფოტოგრაფიაში სექსუალობა და ძალაუფლება ხშირად გაიგივებულია.
სტივენ კლეინის ნამუშევრებში გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ქალთა დისკრედიტაციისთვის გამოიყენება, სექსუალიზაციის ინსტრუმენტია, ხოლო “სილამაზე” წარმოჩენილია დესტრუქციის და ქაოსის ფონზე, რაც ცხადყოფს კიმ რობინსონის ცნობილ სენტიმენტს, რომ სილამაზეს არ აქვს მორალური განზომილება.
დაწერე კომენტარი