ავსტრალიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი და LGBTQ საზოგადოების უფლებათა დამცველი 2018 წელს საზოგადოების, მოდისა და მუსიკალური ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში ექცევა. ტროი სივანმა 2018 წელს ამჟამად კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბომი - Bloom გამოუშვა და ამავე სახელწოდების სინგლის ვიდეოკლიპმა მომღერლისათვის თამაშის წესები შეცვალა. Vogue-ის ყოფილი ვიდეოგრაფის, ბარდია ზეინალის გადაღებულ ვიდეორგოლში ტროი მაკიაჟითა და Philip Treacy-ისა და Valentinos-ს კოლაბორაციით შექმნილი ქუდით გამოჩნდა. სტილისტების ჯგუფის მნიშვნელოვანმა მოდურმა გადაწყვეტილებამ ტროი სივანს Teen Vogue-ის, L’Officiel Men-ისა და Wonderland-ის გარეკანებზე მოხვედრის საშუალება მისცა, რასაც სულ ცოტა ხანში თავად Valentino-ს 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის კამპანიაში მონაწილეობაც მოჰყვა.
თუმცა, ტროი სივანის კარიერა გაცილებით ადრე მსახიობობითა და შემდეგ მომღერლობით იწყება. საკუთარ YouTube არხზე სიმღერის შემდეგ, სადაც 4 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, 2013 წელს EMI Australia-სთან კონტრაქტი გააფორმა. 2 წლის შემდეგ კი, 2015 წელს სადებიუტო ალბომი - Blue Neighbourhood გამოუშვა, რომელმაც ძალიან მალე შეერთებული შტატების ჩარტებამდე მიაღწია და ტოპ 10-ში მოხვედრაც შეძლო. YouTube არხმა ტროი სივანს კონტრაქტის გარდა საზოგადოებასთან დაკავშირებისა და მასთან ღიად საუბრის საშუალებაც მისცა. სწორედ ამ არხზე 2013 წელს მილიონობით გამომწერს ვიდეო, სახელად coming out გაუზიარა, სადაც მის სექსუალურ ორიენტაციაზე საუბრობდა. სოციალური მედიის ამგვარი გზით გამოყენებისა და მისი მასობრივი მიმდევრების გამო, 2014 წელს ჟურნალ TIME-მა ტროი სივანი წლის 25 ყველაზე გავლენიანი თინეიჯერის სიაშიც შეიყვანა.
მუსიკალურმა თუ სამსახიობო ნიჭმა და სტილის საინტერესო შეგრძნებამ ტროი სივანი 2018 წლის შემდეგ სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანა. წარმატებული სინგლები თუ ფილმები ქსავიერ დოლანსა და ნიკოლ კიდმანთან ერთად, Euphoria-ს რეჟისორის, სემ ლევინსონისა და The Weeknd-ის გახმაურებული სერიალში The Idol-ში მონაწილეობის შემდეგ ზაფხული მომღერლისა და მსახიობისათვის კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა. 2 თვის წინ მომღერალმა 2023 წლის ზაფხულის ჰიმნად წოდებული სიმღერა - Rush გამოაქვეყნა, რომლის განახლებულმა ვერსიამ PinkPantheress-ისა და კორეული ჯგუფის, Stray Kids-ის წევრ Hyunjin-თან ერთად კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა. Როგორც თავად ხსნის, Rush საცეკვაო მოედანზე უცხო ადამიანის კოცნას ჰგავს.
დატვირთული, ცხელი ზაფხულისა და ოქტომბერში დაანონსებული მესამე სტუდიური ალბომის, Something to Give Each Other-ის შემდეგ, ტროი სივანმა საზოგადოებას საკუთარი ბრენდის შექმნის შესახებ აცნობა, რომელიც სახლის დეკორატიულ ნივთებსა და სუნამოებს წარადგენს. როგორც არტისტმა Vogue-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, პატარა ასაკში დაწყებულმა მოგზაურობამ სახლითა და მისი იდეით კიდევ უფრო მეტად შეიპყრო. სწორედ ამიტომ თბილი, ექსპრესიული და უსაფრთხო სივრცის შექმნა დაისახა მიზნად. მაგრამ, ბრენდის დაანონსების მოულოდნელობის მიუხედავად ტროი სივანის არქიტექტურისა და დიზაინის მიმართ ინტერესი სიახლე სულაც არ არის, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც არტისტის Architectural Digest-ის სახლი აქვთ ნანახი.
Ფოტო: Vogue, Billboard, Hero Magazine, GQ
გარეკანის ფოტო: Hero Magazine
დაწერე კომენტარი