შემოქმედების დასაწყისში ნებისმიერი ხელოვანისთვის ინდივიდუალური ნიშისა და ხედვის პოვნა რთული საკითხია, მაგრამ სოფია კოპოლასთვის ამ ყველაფერთან გამკლავება ორმაგად რთული იყო. Მას არამარტო დიდებული მამისა და რეჟისორის, ფრენსის ფორდ კოპოლას ჩრდილიდან უნდა დაეღწია თავი, არამედ უნდა შეექმნა ფილმიც, რომელიც სრულად გამოხატავდა მის მსოფლმხედველობას. ქალების, გოგონების, ურთიერთობებისა და სხვა არაერთი ასპექტის ესთეტიკურად გამოხატვა სოფიას საქმიანობის მთავარ სავიზიტო ბარათად იქცა, რომლის დამსახურებით მამაკაცთა სამყაროსა და მათ ხედვას, ქალების დახვეწილ და ემოციურ თავგადასავალს უპირისპირებს.
როგორც თავად აღნიშნა წლების წინ, მხოლოდ სავარჯიშოდ შესრულებულმა The Virgin Suicides-ის სცენარმა კოპოლა რეჟისორობამდე მიიყვანა. თუმცა ამ ფილმის გადაღება მამაკაც რეჟისორს ჰქონდა ჩაბარებული. სულ ცოტა ხნის წინ Sofia Coppola Archives გამოიცა, სადაც რეჟისორი იხსენებს, რომ ფილმის გადაღებას მაშინდელი რეჟისორი სექსუალური და უფრო ბნელი გზით აპირებდა, ამიტომ საყვარელი ნოველის დამახინჯების უფლება არ მისცა და პროდიუსერებს საკუთარი სცენარი წარუდგინა. სწორედ ასე იქცა სოფია კოპოლა სრულმეტრაჟიანი ფილმის რეჟისორად, 2003 წელს თავად სოფიას სცენარითა და რეჟისურით გადაღებულმა Lost In Translation-მა კი ახალგაზრდა რეჟისორს ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს არაერთი ნომინაცია, გამარჯვება და რეჟისორ მამაკაცთა შორის გამეფებულ პატრიარქატში თავის დამკვიდრების საშუალება მისცა.
თუმცა, რეჟისორის ოსტატობასა და სცენარის შექმნის გასაოცარ ტექნიკასთან ერთად, სოფია კოპოლას ფილმების გამორჩეულ ელემენტს მოდა და კოსტიუმების დიზაინი წარმოადგენს. სწორედ ამ ასპექტის დახმარებით რეჟისორი განსხვავებულ ეპოქებში, ქვეყნებსა და ადამიანთა ემოციურ თავგადასავალში გვამოგზაურებს.
2007 წელს სოფია კოპოლას ფილმის Marie Antoinette-ს ორაზროვანი შეფასებების მიუხედავად, ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ფილმის კოსტიუმების დიზაინერმა, მილენა კანორერომ ოსკარის ჯილდოს მოპოვება შეძლო. დახვეწილი კორსეტები, მარაოები, ბრჭყვიალა სამკაულები და რაც მთავარია, მისი უდიდებულესობა ვერსალის სასახლე. მთელი ფილმის განმავლობაში კირსტენ დანსტის სტილის ევოლუცია მინიმალისტურიდან ბოჰემურამდე ამაღელვებელი სანახავია, რაც სოფია კოპოლას მიერ ჩაფიქრებულ მონარქის განვლილ გზას კიდევ უფრო თვალსაჩინოდ წარმოაჩენს.
თუმცა, მანამ სანამ იქნებოდა მარია ანტუანეტა და სოფია კოპოლამ კოსტიუმების დიზაინის მნიშვნელობა საკუთარ ფილმებში სრულიად სხვა სიმაღლეზე გადაიყვანა, იქამდე იყო Lost In Translation, სადაც ბილ მიურეის პერსონაჟს, ბობ ჰარისს, 90-იანების საკულტო და ერთ-ერთი ყველაზე დიდებული დიზაინერის, Helmut Lang-ის სამოსი აცვია. ბობ ჰარისი შუახნის სუპერვარსკვლავია, ან შეიძლება ითქვას, ვარსკვლავი, რომლის სიკაშკაშეც ნელ-ნელა იკლებს. სწორედ ამ მიზეზით ხვდება იგი ტოკიოში, სადაც ვისკის რეკლამაში მონაწილეობისათვის 2 მილიონ დოლარს იღებს. მისი პარტნიორი, სკარლეტ იოჰანსონი ამერიკელი გოგონაა, რომელიც მოდის ფოტოგრაფ მეუღლეს ტოკიოში მიჰყვება და ფილმის სხვა გმირებთან ერთად ტოკიოს სასტუმრო პარკ ჰაიეტში ბინადრობს. სოფია კოპოლამ და კოსტიუმების დიზაინერმა ნენსი სტეინერმა შარლოტას (სკარლეტ იოჰანსონის) გარდერობის შესაქმნელად ისეთი ბრენდების სამოსი შეარჩიეს, როგორიც არის: Prada, APC და Marc Jacobs. თუმცა, მოგვიანებით, როგორც თავად რეჟისორი აღნიშნავს, პერსონაჟის სტილისა და კოსტიუმების დიზაინის საკითხში იმაზე მეტად ჩაერთო, ვიდრე მისგან საჭირო იყო, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი მხოლოდ ტანისამოსის მიმართ გადაჭარბებული სიყვარული აღმოჩნდა.
სოფია კოპოლას ფილმები შორს არის რეალური ბნელი და ცინიკური სამყაროსაგან. Რომანტიკული, თუმცა მუდმივად რეალური ადამიანური ურთიერთობებით გამდიდრებული სცენარი მაყურებელს კოპოლას უსაზღვრო ფანტაზიაში მოგზაურობის საშუალებას აძლევს, სადაც ხან 2000-იანების დასაწყისის ტოკიოში ამოვყოფთ თავს და ხანაც მე-18 საუკუნის საფრანგეთში. 2013 წელს სოფია კოპოლამ კარიერაში ყველაზე ნაკლებად რომანტიკული ფილმი - The Bling Ring შექმნა, სადაც მოვლენები 2000-იანი წლების ლოს-ანჯელესში ვითარდება. Sofia Coppola Archives-ის ერთ-ერთი ინტერვიუში რეჟისორი ფილმის შექმნის შთაგონებაზეც საუბრობს. ჩვეულებრივ ესთეტიკური გადაღების სტილით განთქმული კოპოლა ამ ნამუშევარში მის სრულიად სხვა სახეს გვაჩვენებს. Vanity Fair-ის ერთ-ერთი ნომრის კითხვის დროს ფილმის სიუჟეტად ქცეული ძარცვის შესახებ შეიტყო. პოპულარობით შეპყრობილმა კოლეჯის სტუდენტებმა ინტერნეტისა და ცნობილი ადამიანების ადგილსამყოფლის გაკონტროლებით პერის ჰილტონის, ორლანდო ბლუმისა და ლინდსი ლოჰანის სახლები გაძარცვეს. კრიმინალური ფაქტით შეშფოთებულმა სოფიამ საკუთარი შემოქმედების ძირითადი გზიდან გადახვევა და მისთვის სრულიად უცხო პროექტის შექმნა გადაწყვიტა. The Bling Ring რეჟისორისათვის ცინიკური და ბნელი სამყარო აღმოჩნდა, რომლის ნაწილად ყოფნაც თავად არ სურდა. თუმცა, ეს მოვლენა, რომელმაც იმდროინდელი ამერიკა მოიცვა, როგორც რეჟისორი თავად აღნიშნავს, ფაზა არ არის, არამედ სოციალური და კულტურული ცვლილებაა, და რაც მთავარია, საყურადღებო, გამაფრთხილებელი ამბავი იმაზე, რომ კონფიდენციალურობა სასურველია. კრიმინალური მოვლენების უკეთ აღსაქმელად ფილმში განსაკუთრებული მნიშვნელობა ადრეული 2010-იანების ჩაცმის სტილსაც ენიჭება. იმ პერიოდის ჰოლივუდში გამეფებული Juicy Couture-ს სპორტული ორეულები, დიდი ზომის სათვალეები, UGG-ები... კოპოლამ ფილმისათვის შეარჩია იმ ადამიანების ჩაცმის სტილი, რომელთა გარდერობითაც მძარცველები ყველაზე მეტად იყვნენ შეპყრობილნი. მძარცველი ბანდის მიერ ყველაზე მძიმედ დაზარალებული ლოს-ანჯელესის მაშინდელი პრინცესა, პერის ჰილტონი თავადაც ჩნდება ფილმში და კოპოლას საკუთარი სახლისა და გარდერობის გადაღების საშუალებასაც აძლევს. რაც სურათს კიდევ უფრო მეტად ნათელს ხდის - თუ რატომ იყო იგი კრიმინალური მიზნით გაერთიანებული თინეიჯერების მთავარი სამიზნე.
სოფია კოპოლას ფილმები მარტოობაზეა ფოკუსირებული, მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟი სხვა ადამიანების გარემოცვაში და შუაგულში იმყოფება. სწორედ ამის გამო კინონამუშევრის თითოეული სურათი მელანქოლიური, თუმცა რომანტიკული და მეოცნებე ხასიათით არის დატვირთული. თითქოს მარია ანტუანეტასა და სხვა ქალების თავგადასავლის შემდეგ სოფია კოპოლამ 2017 წლის შემდეგ საკუთარი პირველი ფილმი ლოგიკურად მიუძღვნა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქალბატონს, რომლის ისტორიაც სულაც არ არის ისეთი ლამაზი, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ვენეციის კინოფესტივალის მთავარი სენსაცია Priscilla იყო, რომლის შექმნის იდეაც პრისცილა პრესლის 80-იანებში დაწერილი წიგნის - Elvis and Me-ს წაკითხვის შემდეგ დაიბადა. რეალობისაგან განსხვავებით, ეს წიგნი ერთადერთია, სადაც როკ-ენ-როლის მეფედ წოდებული ელვის პრესლი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია. ავტობიოგრაფიული ნაშრომი პრისცილას ბავშვობაზე, ელვისთან შეხვედრასა და Graceland-ში გატარებულ დღეებზე გვიყვება, მანამ სანამ მუსიკისა და კინოს ვარსკვლავი ლოს-ანჯელესში ფილმების გადაღებით იყო დაკავებული.
სოფია კოპოლასათვის, როგორც ფემინისტური კინოს ვარსკვლავისათვის, განსაკუთრებით საყურადღებო ელვისის მიერ პრისცილას გემოვნებისა თუ მთლიანად ზრდასრულობის ფორმირება აღმოჩნდა: მას მოსავდა ისე, როგორც საკუთარ იდეალს. არქივების კრებულში კოპოლა იხსენებს, რომ წიგნის წაკითხვის შემდეგ პრისცილას ისტორია მარია ანტუანეტას ისტორიასთან დააკავშირა, თუმცა ახლა მოვლენები საფრანგეთის ნაცვლად, 2 საუკუნის შემდეგ ამერიკაში ვითარდებოდა. ეს არის ქალის ამბავი გასაოცარ სამყაროში და როგორც სხვა დანარჩენში ყველა ფილმშიც, ამ შემთხვევაშიც არის სამყარო და გოგონა, რომელშიც იგი გზის გაკვლევასა და საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობს. დიდი მოდის სახლების ჩართულობით რეჟისორმა და კოსტიუმების დიზაინერმა წარსული სურათისა და 60-იანი წლების ესთეტიკის გაცოცხლება იდეალურად შეძლეს. სპეციალურად ფილმისათვის Chanel-ის მოდის სახლმა პრისცილას რეალური საქორწინო კაბის ანალოგი შექმნა, ხოლო Valentino-მ ელვისის იტალიურ ბამბის სვიტერებს ახალი სიცოცხლე შესძინა. თითოეული სამოსი იდეალურად ეხმიანებოდა იმ პერიოდს, რომელსაც სიუჟეტი ასახავს და პრისცილას ჩაცმის სტილს, რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, თავად ელვისის მიერ იყო ჩამოყალიბებული და ფორმირებული.
დაწერე კომენტარი