10 სექტემბერს Silk Factory Studio-ში ნანანო ფაღავას და ნატაშკა აბზიანიძის დაარსებული ავეჯის სტუდიის, Mezzanine-ის გამოფენა გაიხსნა, რომელიც 17 სექტემბრამდე გაგრძელდა. დიზაინერები საინტერესო ობიექტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან აგროვებენ და არემონტებენ, ხშირ შემთხვევაში კი მთლიანად ახალ სახეს აძლევენ. გამოფენაზე, კურატორ ლიკა ჭკუასელთან თანამშრომლობის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრებიც. “გამოფენისთვის ნამუშევრები საკმაოდ მცირე დროში, ორ გალერეასთან Why not Gallery-ისთან და 4710-თან, ისევე როგორც დამოუკიდებელ არტისტებთან, ლეილა შელიასთნ, ნატო ბაგრატიონთან, სალომე ჯოხაძესთან და სალომე დუმბაძესთან თანამშრომლობით შევარჩიეთ. ნამუშევრები კი შეირჩა როგორც Mezzanine-ის წარმოდგენილი ავეჯის, ისევე Silk Factory Studio-ის სივრცის გათვალისწინებით”, - ამბობს ლიკა ჭკუასელი. Mezzanine-ის გამოფენაზე, აღნიშნული გალერეებიდან, შემდეგი არტისტების ნამუშევრები იყო წარმოდგენილი: The Why not Gallery-ის ნოდო უგულავა, ანა ჩადუნელი, დათო ნათიძე და თამარ გურგენიძე, 4710-დან კი ქეთი კაპანაძე და მარიამ საკნელაშვილი.
გთავაზობთ ინტერვიუს სტუდიის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ნანანო ფაღავასთან Mezzanine-ის ნამუშევრებსა და Silk Factory Studio-ში გამართულ ახალ გამოფენაზე, სადაც დიზაინერების შექმნილი ავეჯი, ქართველი არტისტების დაწერილ ნახატებთან და დეკორაციებთან ერთად არის წარმოდგენილი.
ნანანო, პირველ რიგში მოგვიყევით Mezzanine-ის შესახებ, რა იყო სტუდიის დაარსების მთავარი შთაგონება?
სტუდიის დაარსების სურვილი ნატაშკა აბზიანიძესთან ერთად მაშინ გამიჩნდა, როცა სახლში რემონტი დავიწყე და სტანდარტული ავეჯის ყიდვა, რომელიც სტანდარტულ მაღაზიებშია გამოტანილი მაინცდამაინც არ მინდოდა, ამიტომ მეორადების თვალიერება დავიწყე და ბევრი ძალიან საინტერესო ავეჯი ვიპოვე, რომელიც თითქმის განადგურებული იყო და რესტავრაცია სჭირდებოდა. რესტავრაციის პროცესში კი ყველაფერმა თითქოს ახალი სახე, ახალი იდენტობა მიიღო. ეს რაღაც ჰობი მალევე მუდმივ საქმიანობად მექცა.
რა საერთო კონცეფცია აერთიანებს Mezzanine-ის ნამუშევრებს და როგორ არჩევთ ობიექტებს რესტავრაციისთვის?
როცა სტუდია ახალი გაკეთებული გვქონდა, მარტო თბილისში ვაგროვებდით ავეჯს და ნივთებს, რომლებსაც რესტავრაციას ვუკეთებდით ან იერს ვუცვლიდით, მაგრამ ახლა ხშირად ვსტუმრობთ სხვადასხვა ქვეყნებს - ბელგიას, ნედერლსნდებს… ამას წინ Milan Design Week-ზეც ვიყავით… ვცდილობთ სულ ახალ-ახალი ნივთები ვიპოვოთ. შერჩეულ ობიექტებს ვაგზავნით საქართველოში და მერე ხელოსნებისა და რესტავრატორების გუნდის დახმარებით ყველაფერს ვარემონტებთ ან ახალ სახეს ვაძლევთ, იმის მიხედვით, რა მოგვწონს და ან გვინდა იმ კონკრეტულ მომენტში. რაღაც კონცეფცია არ გვაქვს, რომელსაც გვინდა ავეჯი “მოვარგოთ”.
მოგვიყევით Silk Factory Studio-ში გამართული გამოფენის შესახებ, როგორც ვიცით, ექსპოზიცია თანამედროვე ხელოვანებთან თანამშრომლობით შედგა, რა კონცეფციის გარშემოა ეს კოლაბორაცია?
ამ სივრცეში გამოფენა ცოტა ხნის წინ გავხსენით და ძალიან გვინდოდა, რომ რაღაც განწყობა შეგვექმნა, რომელიც თან კომფორტული იქნებოდა და თან დამთვალიერებელს საშუალებას მისცემდა ყველაფერი კარგად დაეთვალიერებინა. სხვადასხვა ავეჯი წარმოდგენილია არტისტების ნამუშევრებთან, ნახატებთან და სკულპტურებთან ერთად, რაც კურატორის, ლიკა ჭკუასელის დამსახურებაა. ეს ნამუშევრები ავეჯთან ერთად უფრო მეტად ქმნის, მაგალითად, სახლის ან სამუშაო სივრცის გარემოს, ყველა ამ “კუთხეს” თავისი განწყობა აქვს. გვიხარია, რომ ბევრი საინტერესო არტისტის ნამუშევარი გვაქვს - ქეთი კაპანაძის შექმნილი სანათები, ლეილა შელიას და ნოდო უგულავას ნახატები და მრავალი სხვა.
მოგვიყევით თქვენთვის გამორჩეული ერთი ნამუშევრის და მისი რესტავრაციის პროცესის შესახებ…
თავიდანვე, როცა რაღაცას შევარჩევთ, დაახლოებით ვხვდებით, როგორ შედეგს მივიღებთ, თუმცა ხანდახან სრული სიურპრიზია ხოლმე. მაგალითად, სანათი, წარწერით “Bitch” თავიდან უბრალო ნათურით იყო და მისი სტრუქტურა ახლაც უცვლელია, თუმცა ყველა გამოფენაზე სხვადასხვანაირია ხოლმე. იმის მიხედვით, თუ რა მოგვწონს კონკრეტულ მომენტში, შეიძლება ნებისმიერ რამეს ხელახლა შევუცვალოთ სახე ან მხოლოდ ყალიბი დავტოვოთ და მისგან სრულიად ახალი რაღაც შევქმნათ, მაგალითად, რამდენიმე სკამი ახლიდან შევფუთეთ პრიალა ზედაპირით, რათა დანარჩენ კოლექციას მორგებოდა.
დაწერე კომენტარი