სანტიაგო კალატრავა ესპანელი არქიტექტორი და სტრუქტურული ინჟინერია, რომლის ხედვითაც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური და საინტერესო პროექტები შეიქმნა. არქიტექტურის და მოგვიანებით ინჟინერიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, კალატრავამ ციურიხში დაიწყო მუშაობა, სადაც მან პირველი სრულმასშტაბიანი პროექტი, ციურიხის რკინიგზის სადგური - Stadelhofen დააპროექტა, რომლის მშენებლობაც 1990 წელს დასრულდა.
პარალელურად კალატრავა თავის პირველ ხიდებზე - Bac de Roda-ზე (ბარსელონა) და Puente del Alamillo-ზე მუშაობდა. სწორედ ამ პროექტებით გაითქვა სახელი კალატრავამ მსოფლიოში.
კალატრავას თქმით, მისი ნამუშევრები დიდწილად სკულპტურით არის შთაგონებული, რადგან ხშირად სხვადასხვა პროექტების და დიზაინის იდეა კალატრავას თიხასთან მუშაობის დროს იბადება. მალმოში მდებარე ცათამბჯენი Turning Torso კალატრავას თავდაპირველად ერთმანეთზე დაწყობილი კუბების სპირალურ სკულპტურად ჰქონდა ჩაფიქრებული, რომელიც თავის მხრივ ადამიანის ხერხემლის ანატომიით არის შთაგონებული.
კალატრავას ნამუშევრები ერთ რომელიმე მიმდინარეობას ნაკლებად ერგება, ამასთანავე არქიტექტორის ინფრასტრუქტურული პროექტები დიდწილად მეოცე საუკუნის შვეიცარიელი და გერმანელი ინჟინრების მიერ გაკეთებული მიგნებებით არის შთაგონებული, სადაც სივრცის ეფექტურად გამოყენება ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ამის გათვალისწინებით კალატრავას აშენებული რკინიგზის სადგურები, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი დეტალისგან შედგება, სამუშაო და გადაადგილებისთვის საჭირო სივრცეს პრაქტიკულად ხელუხლებელს ტოვებს.
კალატრავას შენობების ფასადები ხშირად ხომალდს წააგავს, გაჭიმული იალქნებით და გემბანებით. დიზაინის ეს ელემენტები ემჩნევა სამუელ ბეკეტის ხიდს დუბლინში, მილუაკის ხელოვნების მუზეუმს და კალიფორნიაში რედინგის მდინარეზე გავლებულ საფეხმავლო ხიდს, რომელიც ამასთანავე მსოფლიოში ყველაზე დიდი მზის საათიც არის.
მზის საათის დიზაინს, ანუ მცირე დაქანების მქონე წაწვეტებულ კონსტრუქციას კალატრავას არქიტექტურულ პროექტებში ხშირად ვხედავთ. ერთ-ერთი პირველი ასეთი შენობა ბარსელონაში 1992 წლის ოლიმპიური თამაშების დროს აშენებული სამაუწყებლო კოშკი იყო.
კალატრავა ხშირად ცდილობს, რომ მისი შენობები გარემოსთან ჰარმონიაში იყოს როგორც დიზაინით, ისე გამოყენებული სამშენებლო მასალებით. ამის ნათელი მაგალითია Bebidas Group-ისთვის აშენებული ღვინის მარანი, რომელიც Sierra de Cantabria-ს მთების ფორმას იმიტირებს და მაროკოში მდებარე Auditorio de Tenerife-ის თაღოვანი გუმბათი, რომელიც ამფითეატრს ფარავს.
კალატრავას ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და მასშტაბური პროექტი აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტის ადგილის რეკონსტრუქციაა. ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილას ახლა კალატრავას დიზაინით შექმნილი World Trade Center Transportation Hub არის, რომლის არქიტექტურა შთაგონებას ისევ ბუნებიდან იღებს. არქიტექტორის თქმით, კონსტრუქცია ბავშვის ხელიდან აფრენილ მტრედს ჰგავს, რასაც მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა აქვს ნიუ-იორკისთვის.
სატრანსპორტო ჰაბის მახლობლადაა 2022 წელს კალატრავას კიდევ ერთი ნაგებობა, წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც 2001 წელს მომხდარი ტერაქტის დროს დაზიანდა.
გარდა იმისა, რომ სანტიაგო კალატრავა თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და გავლენიანი არქიტექტორია, მას არანაკლები წვლილი აქვს სტრუქტურულ ინჟინერიაში. მისი შენობები ხშირად თითქოს ფიზიკის კანონებს არღვევს, იქნება ეს ერთი შეხედვით ძალიან ვიწრო ჯებირებზე დამაგრებული ნაგებობა თუ ჰაერში მოტივტივე გუმბათები.
დაწერე კომენტარი