Riviera Maya მექსიკის ტურისტული ნავსაყუდელია, სადაც სასტუმროების ბიზნესი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად ფართოვდება. ამჯერად მექსიკის თეთრი ქვიშის სანაპიროზე მოდის უდიდესი კონგლომერატის, LVMH-ის, მფლობელობაში მყოფმა კომპანიამ - Belmond-მა რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო Maroma ხელახლა გაიხსნა.
80 ჰექტარზე გადაჭიმული სასტუმრო 72 ნომერსა და ვილას აერთიანებს. წარსულში კერძო ფაზენდა (ესპანურ ენოვან ქვეყნებსა და რეგიონებში დიდი საცხოვრებელი რეზიდენცია) ბრიტანელი ინტერიერის დიზაინერის, ტარა ბერნერდისა და მისი გუნდის მიერ მთლიანად გარდაიქმნა, თუმცა ადგილობრივი ხელნაკეთობები, აგავისაგან ნაქსოვი ხალიჩები და ხალისკოს შტატის განთქმული თიხის ფილები, რომელიც კერამიკოს ხოსე ნოე სუროს მიერ ხელით არის დამზადებული, მთელ სასტუმროში მექსიკის ნამდვილ სულს აღვიძებს და წინა პლანზე სწევს მის ტრადიციებს, კულტურასა და ადგილობრივ ოსტატობას.
მექსიკური ცხოვრების სტილის პატივსაცემად, სასტუმრო ვიზიტორებს თაფლის მარგარიტათი ხვდება, რადგან ფუტკარი ამ ადგილის ტოტემური მწერია, ხოლო მარგარიტა ყველაზე უკეთ ტეკილათი მზადდება, მექსიკა კი, როგორც მოგეხსენებათ, ტეკილას სამშობლოა.
სასტუმრო სამ საცურაო აუზს აერთიანებს. თუმცა გასართობი სივრცეების სიმრავლესთან ერთად უმაღლესი სტანდარტებით აღჭურვილი სასტუმრო სტუმრებს ლათინურ ამერიკაში პირველ spaGuerlain- საც სთავაზობს, სადაც გარკვეული სამკურნალო პროცედურები სწორედ ფრანგული ბრენდის, Guerlain-ის Abeille Royale-ის ხაზის პროდუქციის გამოყენებით ტარდება. გაჯანსაღებასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებული სასტუმრო ოთხი ელემენტით (წყალი, ცეცხლი, მიწა და ჰაერი) და უნაყოფო ფუტკრის გვარის, მელიპონას მკურნალობის მეთოდებით არის შთაგონებული. მკურნალობის ეს მეთოდები წინაპართა სამკურნალო რიტუალებისგან ადგილობრივებს მემკვიდრეობით აქვთ გადმოცემული, მათი რწმენით ამ გზებით მკურნალობას მაიას ტომები საუკუნეების წინ მიმართავდნენ.
ადგილობრივი ტრადიციები თავს იჩენს Maroma-ს ექსკლუზიურ მენიუსა და კულინარიულ მრავალფეროვნებაშიც. მიშლენის ვარსკვლავის მქონე ავსტრალიელი შეფმზარეული, კურტის სტოუნი, მექსიკელ მზარეულ დანიელ კამაჩოსთან ერთად, სასტუმროში არსებული 4 რესტორნისათვის იუკატანის ნახევარკუნძულის ადგილობრივი ინგრედიენტებით შთაგონებულ სეზონურ კერძებს ქმნის. მექსიკური კულტურა, ინტერიერთან ერთად, თითოეულ კერძსა და სასმელში ცოცხლობს, განსაკუთრებით ტეკილაში, რომელსაც ადგილობრივი ტრადიციებით სასტუმროს შემოგარენში, ექსკლუზიურად სტუმრებისათვის აწარმოებენ.
ფოტო: Vogue France
დაწერე კომენტარი