საბატო დე სარნოს, როგორც Gucci-ის კრეატიული დირექტორის, სადებიუტო კოლექციის წარდგენამდე სულ ცოტა დრო რჩება. წნეხი დიდია, თუმცა რამდენიმე დღის წინ გავრცელებული დევიდ სიმსის მიერ გადაღებული კამპანიის ფოტოებით იტალიელმა დიზაინერმა სათანადო ყურადღების მიპყრობა უკვე მოასწრო. 2016 წელს სამოდელო ბიზნესიდან გაუჩინარებული დარია ვერბოვი, როგორც ჩანს,  Gucci-ის ახალი ერას დაბადებასთან ერთად ბრუნდება და საბატო დე სარნოს პირველი კამპანიის სახედ მოგვევლინა. 

 კანადელ-უკრაინელი მოდელის დებიუტი 2003 წელს შედგა, დე სარნოს მოდის ბიზნესში ყოფნის პირველ წელს. ვერბოვის პირველი დიდი წარმატება სტივენ მეისელის მიერ გადაღებული  Prada-ს 2003 წლის შემოდგომის კამპანია იყო, ამ დროს კი დამწყები დიზაინერი იტალიურ ბრენდში ასისტენტის პოზიციას იკავებდა. როგორც თავად დე სარნო აღნიშნავს, ორივე მათგანმა მოდის სფეროში მოღვაწეობა ერთ დროს დაიწყო და ახლა, 20 წლის გასვლის შემდეგაც, ცხოვრების ახალ თავს კვლავ ერთად ხვდებიან.

IMG_2446.jpg 674.62 KB

 მიუხედავად იმისა, რომ დარია ვერბოვის მოდის სფეროში დაბრუნებას ფიბი ფაილოს დიდ დაბრუნებას უკავშირებდნენ, როგორც ჩანს, ადრეული 2000-იანების საკულტო მოდელმა საკუთარი კარიერის ახალი ფურცელი იტალიურ ბრენდსა და მის ახალ ეპოქას დაუკავშირა.


ფოტო: Vogue, Gucci