რომან პოლანსკი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რეჟისორია, რომელმაც მეოცე საუკუნეში არაერთი ჟანრის განმსაზღვრელი ფილმი შექმნა, როგორიცაა ჰორორ კლასიკა Rosemary’s Baby, ერთ-ერთი საუკეთესო ნეო-ნუარი Chinatown და მრავალი სხვა. პოლანსკი კინოთი ბავშვობაშივე დაინტერესდა, როცა გეტოს მავთულხლართებს მიღმა გერმანულ პროპაგანდისტულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს უყურებდა.
პოლონელი რეჟისორის პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა - Knife in the Water ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა, რაც პოლანსკის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ Knife in the Water პირველი წარმატებული პოლონური ფილმი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის თემატიკას არ ასახავდა.
Knife in the Water-ის კომიკური თემატიკა, კლასობრივი დაპირისპირება და სხვა სოციალური ქვეტექსტები პოლანსკის მომდევნო პროექტებშიც იკვეთება, მაგალითად, Dance of the Vampires-ში, რომელიც აშშ-ში The Fearless Vampire Killers-ის სახელით გამოვიდა. ფილმი ვამპირების ტროპის პაროდიაა, რომელიც მოგვითხრობს პროფესორზე და მის მოუხერხებელ თანაშემწეზე, რომლებიც ტრანსილვანიაში ვამპირებს ეძებენ. სწორედ ამ ფილმის გადაღებაზე გაიცნო პოლანსკიმ მისი მომავალი მეუღლე - შერონ ტეიტი.
პოლანსკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმი Rosemary’s Baby 1968 წელს გამოვიდა, რითაც პოლანსკიმ თავი ჰოლივუდში დაიმკვიდრა. Rosemary’s Baby ირა ლევინის იმავე სახელწოდების ნოველას ეყრდნობა, რომლითაც პოლანსკი იმდენად მოიხიბლა, რომ მისი ადაპტაცია, 272-გვერდიანი სცენარი, რეჟისორმა 2 კვირაში დაწერა.
70-იანებში პოლანსკის ყველაზე აქტიური წლები იყო. 73 წელს გამოვიდა პოლანსკის What?, რომელიც ჰიპი კომედიაა, 74 წელს კი Chinatown - პოლანსკის მეორე ყველაზე ცნობილი ფილმი, სადაც მთავარ როლს ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს.
Chinatown ერთ-ერთ საუკეთესო ამერიკულ ფილმად ითვლება Mystery ჟანრში და ის ოსკარის 11 ნომინაციაზე იყო წარდგენილი. 1975 წელს პოლანსკი პარიზში დაბრუნდა და Tenant გადაიღო, რომელიც რონალდ ტოპორის იმავე სახელწოდების ნოველაზეა დაფუძნებული. 1976 წლის შემდეგ პოლანსკი აშშ-ში აღარ დაბრუნებულა, რადგან აშშ-ის მთავრობის მიერ ძებნილია 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის, ისევე როგორც სხვა ბრალდებების გამო.
1979 წლიდან პოლანსკიმ ისევ განაახლა ფილმების გადაღება. ამ პერიოდიდან განსაკუთრებით საინტერესოა Tess, რომელიც რეჟისორმა შერონ ტეიტს მიუძღვნა. Tess-ში მთავარ როლს მსახიობი და მოდელი ნასტასია კინსკი ასრულებს, რომელსაც ფილმში ინგლისური აქცენტი აქვს. სრულყოფილი აქცენტისთვის მსახიობმა 6 თვე ბრიტანეთში სხვადასხვა სოფლებში გაატარა.
1992 წლის Bitter Moon პოლანსკის 90-იანების ფილმებიდან, სავარაუდოდ, ყველაზე პოპულარულია. აქ ყველაზე უკეთ არის გავრცობილი ფსიქო-სექსუალური, თითქმის ფორიდული თემატიკა, რის გამოც რეჟისორმა საზოგადოების ნაწილისგან, მის წინააღმდეგ აღძრული საქმიდან გამომდინარე, კრიტიკა დაიმსახურა. თუმცა, ჰიუ გრანტის და კრისტინ სკოტ ტომასის მონაწილეობით გადაღებული ფილმი კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.
2001 წელს გამოვიდა პოლანსკის The Pianist ედრიენ ბროუდის მონაწილეობით, რომელიც ვლადისლავ შპილმანის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, კერძოდ კი, მის ცხოვრებაზე მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დიდწილად პოლანსკის ცხოვრებითაა შთაგონებული, რომელმაც ჰოლოკოსტის დროს, შპილმანის მსგავსად, ოჯახის წევრები დაკარგა. რეჟისორმა ფილმისთვის ოსკარი მიიღო, თუმცა ცერემონიას არ ესწრებოდა.
სირთულეების მიუხედავად, პოლანსკი დღესაც აქტიურად მუშაობს, თუმცა კრიტიკოსები მისი პროექტებისადმი შედარებით სკეპტიკურად არიან განწყობილი. ფსიქო-სექსუალურ თემებს რეჟისორი 2013-ის Venus in Fur-ში და Based on a True Story-ში კიდევ ერთხელ ვრცლად იკვლევს.
ტურბულენტური კარიერის და პირადი ცხოვრების მიუხედავად, პოლანსკიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან რეჟისორად დაიმკვიდრა თავი და მიუხედავად იმისა, რომ მისი უახლესი პროექტები ხშირად ისეთივე ეფექტურობით ვერ ახერხებს აუდიტორიის მოხიბვლას, მისი უნიკალური ხელწერა მაინც უცვლელია. პოლანსკის სხვადასხვა ჟანრის ფილმების მთავარი თემატიკა საბოლოოდ მაინც ადამიანური მდგომარეობაა, მყიფე და დრეკადი გარე ძალების წინაშე. რეჟისორი ახლა 90 წლისაა, თუმცა როგორც თვითონ ამბობს, კიდევ არაერთი ფილმის გადაღებას გეგმავს.
დაწერე კომენტარი