დაიბადა თბილისში 1907 წელს, თუმცა მისმა ოჯახმა, რომელიც ხელოვანებისა და ინტელექტუალების წრესთან მჭიდრო ურთიერთობებით იყო დაკავშირებული, ქვეყანა 1919 წელს დატოვა და საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა - ჯერ ბერლინში, შემდეგ 1923 წლამდე ქალაქ დრეზდენში. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ სოციალ-დემოკრატიული მთავრობა პოლიტიკურ და ინტელექტუალურ საზოგადოებასთან ერთად იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ემიგრაციაში საფრანგეთში წასულიყო. მათ  შეუერთდა ვერა ფაღავას ოჯახიც, რომელიც ფრანგულ ქალაქ Montrouge-ში დასახლდა. ამ დროს ვერა 16 წლის იყო და დაწყებით სკოლაში დეკორატიულ ხელოვნებას და ხეზე გრავირებას სწავლობდა, 1929 წლიდან კი ანდრე ლოტეს სტუდიაში სკეჩების შექმნას ეუფლებოდა, Ranson-ის აკადემიაში სწავლობდა მხატვრობასაც, მათ შორის - ფრესკაზე, რამაც მომდევნო წლებში მის შემოქმედებაში არაერთხელ პოვა გაგრძელება, მაგალითად, ბრიუსელში მსოფლიო გამოფენაზე, ვატიკანის პავილიონისთვის შესრულებული ფრესკითაც.

თუმცა, სანამ 1943 წელს გალერისტ ჟან ბუშეს შეხვდებოდა, რომელმაც მისი ნამუშევრები დორა მაარის გვერდით გამოფინა იმ იმედით, რომ პიკასოს ცოლის სანახავად მოსული დამთვალიერებელი, სინამდვილეში, ვერა ფაღავას აღმოაჩენდა, 40-იანი წლების დასაწყისში, ომის გამოცხადების შემდეგ ხელოვანი მოხალისედ წითელი ჯვრის ასოციაციაში მედდად მუშაობდა და ამ ურთულეს წლებში, მაშინ როცა ბევრმა მისმა მეგობარმა დატოვა პარიზი, ის ოჯახთან ერთად კვლავ იქ რჩებოდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი აქტიური შემოქმედებითი პერიოდი ამ ეტაპიდან უმეტესწილად პარიზს და ჟან ბუშეს გალერეას უკავშირდებოდა, სადაც ვერას ნამუშევრები რეგულარულად იფინებოდა, პარალელურად კი მისი გამოფენები ხშირად ეწყობოდა შვედეთში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც უმეტესად 50-იან წლებში შესრულებულ ნატურმორტებს, მითოლოგიურ და ბიბლიურ თემებს და ფიგურატიულ ქალაქებს წარადგენდა ხოლმე.


60-იანი წლების დასაწყისში ვერა ფაღავას შემოქმედება აბსტრაქციონიზმმა მოიცვა, სადაც ხელოვანმა საკუთარი თავი და შემოქმედებითი თავისუფლება სულ სხვა კუთხით აღმოაჩინა, იმდენად რომ აკვარელში შესრულებულმა მისმა ამ პერიოდის ნამუშევრებმა 1966 წელს ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე საფრანგეთის ეროვნული პავილიონი წარადგინა. 1972 წელს საფრანგეთში ქართველი ემიგრანტის, თამარ ტარასაშვილი-ტალის ინიციატივით პარიზში ვერა ფაღავას გამოფენით გაიხსნა გალერეა „დარიალი“, სიმბოლური სახელით, რომელიც გალერისტის ქართულ ფესვებს უკავშირდებოდა. გალერეა 1996 წლამდე ფუნქციონირებდა, მისი წამყვანი მხატვარი კი ვერა ფაღავა იყო.

 მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში „დარიალში“ გამართული გამოფენებით თუ პომპიდუს ცენტრში დაცული ნამუშევრებით მას კარგად იცნობდნენ, საქართველოში ვერა ფაღავას სახელი არცთუ ისე დიდი ხნის წინ გახდა ცნობილი. პირველად 2012 წელს AC/VP-ს (ვერა ფაღავას ასოციაციის) ინიციატივით დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში მოეწყო რეტროსპექტივა, 23 სექტემბერს კი თიბისი კონცეპტის სივრცეში ვერა ფაღავას კულტურულ ასოციაციასთან (AC/VP) თანამშრომლობით და საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტთან პარტნიორობით მხატვრის კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა „მდუმარე ქალაქები“ გაიხსნება, სადაც 1950-იან და 80-იან წლებში შესრულებული ის ფერწერული ტილოები და აკვარელები გამოიფინება, რომლითაც ხელოვანი მდუმარე ქალაქების არქიტექტურის შესახებ გვიამბობს.

1966_Venise_ht_146x116cm_vera-pagava_coll-ACVP.jpg 272.22 KB

 სიჩუმე თანმდევია ვერა ფაღავას ნამუშევრებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა შემოქმედების პერიოდს - დასაწყისს ფიგურატიული ნამუშევრებით თუ აბსტრაქციონიზმში გადასულ გვიანდელ წლებს, სიუჟეტს ნატურმორტებით თუ რეალური და ამავე დროს აბსტრაქტული ცარიელი ქალაქებით. ფემინიზმიც კი სიჩუმის ენით საუბრობს და უმეტესად ფრანგული ენის მდედრობითი სქესის სათაურებად გამოიხატება.  სწორედ „სიჩუმე“, ანუ 1965 წელს შესრულებული Silecieus იყო ამ გამოფენის სახელწოდების მთავარი შთაგონება, როდესაც კურატორი ნინა ახვლედიანი ვერა ფაღავას „მდუმარე ქალაქებზე“ მუშაობდა.

 გამოფენაზე  AC/VP-ის კოლექციის გარდა, ნამუშევრები კერძო და საჯარო კოლექციებიდანაც არის წარმოდგენილი, მათ შორის - თავის დროზე სწორედ „დარიალში“ გამოფენილი ნამუშევრები და ამ გამოფენების ამსახველი საარქივო მასალები და ფოტოდოკუმენტაცია, რომელთაგან ერთ-ერთზე ვერა ფაღავას მიერ ქალაქების და არქიტექტურის თემაზე შესრულებული ნამუშევრების გამოფენაცაა ასახული. 

“მდუმარე ქალაქების” გამოფენაზე შეხვდებით ნამუშევრებსაც, რომლებსაც ფართო საზოგადოება პირველად იხილავს, მათ შორისაა მხატვრის საქაღალდეში აღმოჩენილი ცხრა ნახატის ნაკრები, მინაწერით „ვენეცია“. ნამუშევარი ნათელი სურათია მისთვის დამახასიათებელი უნიკალური წერტილოვანი სტილის, რომელსაც თავად ასე ხსნიდა:  „მე შემიძლია, ხაზები გავავლო, მაგრამ ეს არ იქნება ის, რის თქმაც მინდა. ხაზს არ გააჩნია სათანადო პლასტიკურობა. მე ვბეჭდავ წერტილ-წერტილ“.

 მის სახასიათო სტილს ეხმიანება და „წერტილ-წერტილ“ ჰქვია კურატორ ნინა ახვლედიანის ესეის, რომელიც შესულია Kona Books-ის პუბლიკაციაში, ვერა ფაღავას ჩანახატებთან, AC/VP-ის არქივებიდან ამოკრებილ ნიმუშებთან, კანადელი ავტორისა და პოეტის, ლისა რობერტსონის ესეისთან და პიერ ლეკიუირის ლექსთან ერთად, რომელიც ავტორმა მხატვარს 1972 წელს მიუძღვნა.

 ნინა ახვლედიანი: პუბლიკაციისთვის ვთარგმნეთ ფრანგი პოეტის და გამომცემლის, პიერ ლეკიურის ლექსი, რომელიც 1972 წელს ვერა ფაღავას მიუძღვნა. გიზიარებთ ფრაგმენტს მისი ლექსიდან: „თუ გავიხსენებთ, რომ ხელოვანი შეიძლება კრისტალში გამოჩნდეს ხან მხიარული, ხან შემართული, და, როგორც აღმოსავლურ ზღაპრებშია, ხან თაგვად და ხან ალუბლად მოგვევლინოს, აი, მაშინ ვხვდებით, რომ უკვე აღარაფერი ვიცით ვერა ფაღავას შესახებ, ვერა ფაღავა კი იწყებს არსებობას.“ [პიერ ლეკუირი, 1972]. ვერა ფაღავა იშვიათად იძლეოდა ინტერვიუს და არც ვრცლად საუბრობდა ხოლმე საკუთარ მხატვრულ შემოქმედებაზე, ვფიქრობთ, ლეკიურის ეს ლექსი კარგად ასახავს მას.  „წიგნში ასევე შესულია ვერა ფაღავას ჩანახატები „უსათაურო“, ვენეცია (1960) და კანადელი ავტორისა და პოეტის, ლისა რობერტსონის ესეის - „შფოთვის“ ქართული თარგმანი. განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ავტორმა დაგვრთო ნება, გამოგვექვეყნებინა მისი ესეი. ლისა რობერტსონის ესეი ქართულ ენაზე სრულად თარგმნა ლელა დუმბაძემ. რობერტსონმა წერა და გამოქვეყნება ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. მისი თხზულებები ხშირად თემატურ კავშირშია ფილოსოფიასთან, ხელოვნებასა და ურბანიზმთან. რობერტსონის შემოქმედებაში მრავალგზის ჩნდება სივრცე და სტრუქტურა. როგორც პოეზიაში, ასევე პროზაში ის ხშირად  მიმართავს არქიტექტურასა და ქალაქებს, რათა მისი ნაწარმოებები ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეყრდნობოდეს. რობერტსონის ნაწერში არქიტექტურა არის სივრცე და სტრუქტურა. მისი ტექსტის გაცნობის შემდეგ გამოფენას კიდევ სხვა კუთხით აღგვიქვამთ. რაც შეეხება, ჩემს ესეის - „წერტილ-წერტილ“, პუბლიკაციაში თავმოყრილ მასალას ეხმაურება და პირდაპირ აკავშირებს მას გამოფენასთან, ისე რომ პუბლიკაცია პროექტის დანართის როლს კი არ ასრულებს, არამედ გამოფენის ბუნებრივი ნაწილია.

შეიძლება ითქვას, რომ ვერა ფაღავას 1950-იანი წლებიდან 1980-იან წლების ჩათვლით შესრულებული ნამუშევრების სრული რეტროსპექტივით, რომელსაც საარქივო მასალები, ფოტოდოკუმენტაცია, მხატვრის ჩანაწერები თუ მის შესახებ არსებული პუბლიკაციებიც ერთვის, თიბისი კონცეპტის სივრცეში გამართული ეს გამოფენა პირველი მცდელობაა ვერა ფაღავას შემოქმედების სიღრმისეულად შესაცნობად. გამოფენის იდეა პირველად 2017 წელს ელისო ტარასაშვილთან - ვერა ფაღავას ასოციაციის პრეზიდენტთან შეხვედრისას გაჩნდა, რომელმაც „დარიალის“ დამფუძნებლის, თამარ ტარასაშვილი-ტალის ქალიშვილთან ერთად ვერა ფაღავას შემოქმედების, არქივის კონსერვაციის, დაცვისა და გავრცელების მიზანი დაისახა. მარჯანიშვილის 7-ში გამართული ეს გამოფენაც, მხატვრის შემოქმედების კიდევ ერთხელ გაცნობას და აღიარებას ემსახურება - ამჯერად საქართველოში, მის მშობლიურ ქალაქში.

GD_Galerie Darial, Vano, Oreste Gordeladze, Vera Pagava, Thamar Taly, Denise Lioté_1.jpg 195.55 KB

მარიამ წიქარიძე (თიბისის კულტურული პროექტების მენეჯერი): ვერა ფაღავა და მისი შემოქმედება, ვფიქრობთ,  არა მხოლოდ ფრანგული ან ქართული კულტურის ნაწილია, არამედ   მსოფლიო კულტურის ნაწილიც არის. ვერა ფაღავა  დაუკავშირდა  ევროპულ კულტურას და იქ მიმდინარე პროცესების თანმდევი გახდა.  მიუხედავად მისი საერთაშორისო აღიარებისა და მნიშვნელობისა, მისი შემოქმედება ქართულ რეალობაში არ არის ისე  ცნობილი და გამოკვლეული, როგორც ის იმსახურებს.  ამის გამო კიდევ უფრო დიდია ინტერესი მხატვრის მიმართ. მისი ნამუშევრები დღესაც ძალიან აქტუალური და თანამედროვეა.  იმედია, ეს გამოფენა - „მდუმარე ქალაქები“, რომელიც 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში,  საშუალებას მოგვცემს კარგად გავიცნოთ ვერა ფაღავა  და მის მშობლიურ ქვეყანაშიც ისე იყოს დაფასებული,  როგორც საფრანგეთშია. 


ფოტო: (c) ვერა ფაღავას კულტურული ასოციაცია - AC/VP