მას შემდეგ, რაც ტომ ფორდმა მოდის სფეროს დატოვება და საკუთარი ბრენდის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა, კრეატიული დირექტორის პოზიცია ფორდის ერთგულმა პარტნიორმა, პიტერ ჰოკინგსმა გადაიბარა. მიუხედავად იმისა, რომ პიტერი ტომს თითქმის 25 წლის წინ,  1999 წელს, ჯერ კიდევ Gucci-ს კრეატიული დირექტორის პოზიციაზე მუშაობის დროს შეუერთდა, ტომ ფორდის ჩანაცვლება მარტივი არ არის. იგი ფიგურაა, რომელსაც 90-იანი წლების ბოლოდან მოდის სფეროს დღევანდელი სახის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამიტომ, სეზონის მოდის კვირეულების მიმართ მოლოდინი პიტერ ჰოკინგისა და Gucci-ს ახალი დიზაინერის, საბატო დე სარნოს დებიუტებმა გაზარდეს. 

  Tom Ford მუდმივად იყო ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ვარსკვლავი, თუმცა ახლა ჩვენებამ ამერიკის კონტინენტიდან ევროპაში გადმოინაცვლა და პირველი კოლექცია მილანის მოდის კვირეულზე წარადგინა. როგორც პიტერი აღნიშნავს, მისთვის მილანი საკუთარი კარიერის საწყისებთან დაბრუნებას ჰგავს, იმ დროს, როდესაც ტომთან ერთად Gucci-ში მუშაობას შეუდგა. თუმცა, სენტიმენტალურ მნიშვნელობასთან ერთად ბრიტანელი დიზაინერისათვის იტალია შეუდარებელი ოსტატობისა და ხარისხის სიმბოლოა. 

  მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, პიტერმა კარგად შეისწავლა Tom Ford-ის, როგორც ბრენდის იდენტობა და მისი მთავარი მახასიათებლები: ელეგანტურობა, სექსუალურობა, გლამური და სილამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდში მუშაობის ბოლო წლებში იგი მამაკაცის ხაზის სამოსზე იყო პასუხისმგებელი, გუშინ წარმოდგენილმა კოლექციამ ერთიანობა და მამაკაცისა და ქალის სამოსს შორის კავშირი იდეალურად წარმოაჩინა. თუმცა, ჰოკინგსის შემოქმედების ეს დეტალი გუშინდელი საღამოს ერთადერთი გამორჩეული ელემენტი სულაც არ ყოფილა. როგორც ჩანს, ბრიტანელი დიზაინერისათვის სადებიუტო კოლექციისათვის სტანდარტს ტომ ფორდის ხელმძღვანელობით შექმნილი Gucci-ს კოლექციები წარმოადგენდა. ჩვენებაზე იტალიური მოდის სახლის 1996 წლის შემოდგომის კოლექციიდან რამდენიმე, თუმცა არა იდენტური და კარიკატურული რეფერენსი ვიხილეთ. ლურჯი ხავერდის პიჯაკი და შარვალი, თუმცა ამჯერად Tom Ford-ის დნმ-ით გამდიდრებული და შავი კაბა, რომელიც მცირე ცვლილებებით Gucci-ს საკულტო თეთრ კაბას მოგვაგონებს. 

  Პასუხისმგებლობისა და წნეხისაგან გამოწვეული ნერვიულობის თავიდან ასარიდებლად ტომ ფორდმა პიტერ ჰოკინგს დეტალების მიმართ ყურადღება შეუქო და როგორც იწინასწარმეტყველა, შოუ სუპერ გლამურული გამოვიდა. 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის წარდგენის შემდეგ ერთი რამ ცხადია - Tom Ford სანდო ხელშია და ახალ ერას დამაჯერებელი დებიუტით ხვდება. 


ფოტო : Vogue Runway