22 სექტემბერს მილანის მოდის კვირეულმა იტალიელი დიზაინერის, საბატო დე სარნოს Gucci-ს 2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის საბედიუტო კოლექციის ჩვენებას უმასპინძლა. იტალიური საკულტო ბრენდის მფლობელი კომპანიის, Kering-ის მიერ იანვარში წარდგენილი დიზაინერისა და მისი ნაკლებად ცნობილი შემოქმედებითი კარიერის გამო მოდის სფერო 22 სექტემბერს მილანის ქუჩებში, ბრერას გალერეას სიახლოვეს დაგეგმილ ჩვენებას განსაკუთრებული ინტერესით ელოდა. თუმცა, უამინდობის გამო ჩვენებამ ქალაქის განაპირას მდებარე ბრენდის სათავო ოფისში გადაინაცვლა, იქ, სადაც  ალესანდრო მიკელე Gucci-ს ჩვენებებს მართავდა.

დე სარნოს სადებიუტო კოლექციამ ალესანდრო მიკელეს Gucci-ს ეპოქა საბოლოოდ დაასრულა და კარი გაუხსნა ბრენდის ახალ ერას, რომელმაც მოდის კრიტიკოსთა საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ახალგაზრდა დიზაინერის შემოქმედება ახლოს არის ტომ ფორდის Gucci-ს ესთეტიკასთან. მაშინ როცა გასულ წლებში ბრენდის კოლექციები მრავალფეროვანი პრინტებით იყო გამდიდრებული, ახლა წარმოდგენილი სამოსის მთავარი ელემენტი სიმარტივე და მინიმალიზმი იყო, თუმცა თვალსაჩინო და აშკარა სიმარტივის მიღმა უამრავი დეტალი იმალებოდა, რომელთა შექმნაც იტალიური მოდის სახლისათვის დიდ შრომას მოითხოვდა. კოლექციის კიდევ ერთი განსაკუთრებულ ნაწილი ბრენდის ლეგენდარული Jackie და Bamboo ჩანთის მოდელები იყო, რომლებიც საბატო დე სარნომ განსხვავებული მასალით, დეტალებითა და ფერებითაც წარმოადგინა.


ფოტო: Vogue Runway