ვერნერ პანტონი დანიელი ინტერიერის და ავეჯის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი იყო, თუმცა პანტონი საკუთარ თავს პირველ რიგში გამომგონებლად მოიაზრებდა. ამის მიზეზი ნაწილობრივ ისაა, რომ პანტონმა მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი წარმოდგენა იმაზე, თუ რა მასალებით შეგვიძლია ავეჯის დამზადება და რა ფორმის შეიძლება იყოს ის. ამას ნათლად მოწმობს მისი 1967 წლის დიზაინი, რომელიც უბრალოდ “პანტონის სკამის” სახელით არის ცნობილი.
პლასტმასს და “იაფი” მასალების გამოყენებას პანტონისთვის ფილოსოფიური დატვირთვა აქვს. 1980 წელს ვენაში გამართულ კონფერენციაზე დიზაინერმა ლექცია წაიკითხა, რომელიც მოგვიანებით წიგნად გამოიცა, სახელწოდებით My Design Philosophy, სადაც დიზაინერი საინტერესო დაკვირვებას აკეთებს: “შეგიმჩნევიათ, რომ რაც უფრო მდიდრდებიან ადამიანები, მათი გემოვნება უფრო კონსერვატიული ხდება?”. პანტონი კარიერის მანძილზე ამ უცნაურ ტენდენციას უპირისპირდებოდა და ცდილობდა შეექმნა ავეჯი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა მარტივად წარმოებადი, “პრიმიტიული” და “დინამიკური”. ამ პრინციპის სრული დემონსტრაცია მსოფლიომ ჰამბურგში მდებარე Der Spiegel-ის ოფისის სახით იხილა.
პანტონი ინტერიერის დიზაინში მრავალფეროვანი განათებების გამოყენების ერთ-ერთი პიონერი იყო, რის გამოც, 60-იანებში მისი დიზაინი ხშირად იყო გაკრიტიკებული, როგორც “სიჭარბით სავსე”, თუმცა ისტორიამ ეს მოსაზრება წარსულშივე დატოვა, რადგან დიზაინერის ყველაზე “კომპლექსური” ნამუშევრებიც კი საკმაოდ მარტივია, როგორც ამას Visiona და Visiona II-ის მაგალითით ვხედავთ.
60-იანების და 70-იანების მანძილზე, Bayer Corporation-ის დაკვეთით, პანტონმა ფუტურისტული ინტერიერის დიზაინი შექმნა, რომელსაც ის “ინტერიერის პეიზაჟებად” მოიხსენიებდა. მართლაც, პანტონის მოწყობილ სივრცეებში ცენტრალური დატვირთვა ფერების და ფორმების ურთიერთქმედებას აქვს და არა რომელიმე კონკრეტულ ავეჯს. Visiona I და Visiona II დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენებად მოიაზრება ინტერიერის დიზაინის სამყაროში, რადგან აქ წარმოდგენილმა ფორმებმა და ფერთა გამამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია არა მხოლოდ დიზაინზე, არამედ მთელ რიგ Sci-fi ჟანრის ფილმებზე, თანამედროვე კინემატოგრაფიაზე და სეტ-დიზაინზე.
ვერნერ პანტონი ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული ავეჯის დიზაინერი იყო, რომელსაც ასობით უნიკალური ობიექტი აქვს შექმნილი, ზოგი მათგანი კი სამუდამოდ დაიკარგა, როგორც, მაგალითად, Der Spiegel-ის შენობაში მდებარე საცურაო აუზი, რომელიც 90-იანებში ხანძრის დროს დაიწვა.
პანტონის ნამუშევრები ხშირად ძალიან დინამიკურია, ხშირად კი საკმაოდ მარტივ ფორმებს, წრეებს, სამკუთხედებს და ოთხკუთხედებს ეფუძნება. ამ ფორმების შეპირისპირებით, ისევე როგორც საგულდაგულოდ შერჩეული განათებით, პანტონი მარტივ, მაგრამ ეფექტურ ვიზუალებს ქმნის.
სანათების და ჭაღების დიზაინში პანტონი უფრო მეტად დინამიკურ ფორმებს ეყრდნობა, რომელთა სტრუქტურაც ხშირად ბიოლოგიური სამყაროთია შთაგონებული, როგორც, მაგალითად, ცნობილი Fun Lamp, რომელიც ფუტკრების გუნდს წააგავს, და ასევე ნიჟარის მაგვარი Globe Lamp.
2023 წლის 2 ივნისს კოპენჰაგენში Verpan-მა პანტონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები გამოფინა, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი წარმოდგენები საყოფაცხოვრებო სივრცეებზე და იმაზე, თუ რა არის კომფორტული.
აღსანიშნავია, რომ გამოფენაზე პანტონის დიზაინით შექმნილი ახალი ავეჯიც ვიხილეთ, რომელიც Verpan-ის ორმა ავეჯის დიზაინერმა დაამზადა. პანტონის დიზაინი ლიცენზირებულია Verpan-ის მიერ და მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანს აქვს მათი რეპროდუქციის უფლება.
პანტონის შემოქმედება დღემდე საკმაოდ პოპულარულია მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ის თითქოს მთლიანად 60-იანების ეპოქას ეკუთვნის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ბევრი ფუტურისტი ავეჯის დიზაინერი გამოჩნდა, თუმცა მათი მომავლის ხედვა ხშირად შეზღუდული იყო ეპოქის ნორმებით. პანტონის ნამუშევრები კი აქტუალობას დღემდე იმიტომ არ კარგავს, რომ მათ მიღმა ძალიან ფრთხილად, გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებული ფილოსოფიაა და ხედვა იმის შესახებ, თუ რა დატვირთვა აქვს ავეჯის დიზაინს, ისევე როგორც საყოფაცხოვრებო სივრცეებს ჩვენს ცხოვრებაში.
დაწერე კომენტარი