1999 წელს ლონდონის მოდის კვირეულზე Alexander McQueen-ის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა, სახელწოდებით No.13, რომელსაც დიზაინერის დაჟინებული მოთხოვნით, არცერთი ცნობილი ადამიანი არ ესწრებოდა. მინიმალისტური სეტ-დიზაინი თითქოს არაფრით იყო გამორჩეული, თუ არ ჩავთვლით ორ რობოტულ მხარს, რომელსაც ტრადიციულად მასშტაბურ წარმოებებში იყენებენ. რობოტები შოუს ბოლოს ამუშავდნენ, როცა მათ შორის მოდელი შალომ ჰარლოუ გაჩერდა. მისი თეთრი კაბა კი რობოტულმა მხრებმა დრამატული მუსიკის ფონზე შეღებეს. 

No.13-ის ბოლოს გამართული პერფორმანსი მომენტალურად პოპულარული გახდა და დიდი გავლენა იქონია თანამედროვე ჩვენებებზე, ისევე როგორც ზოგადად ტანსაცმლის დიზაინზე. მეოცე საუკუნის მიწურულს მაკქუინმა მომავლის ხედვა შემოგვთავაზა, სადაც წინა პლანზე წამოვიდა ტექნოლოგია, ოღონდ განსხვავებით 70-იანების ოპტიმისტური ფუტურიზმისგან, მოდის სამყაროში მომავლის ხედვა ბევრად დისტოპიური და უფერული გამოდგა. ეს სენტიმენტი ყველაზე სრულად არის წარმოჩენილი Philipp Plein-ის 2016 წლის ჩვენებაზე, სადაც ბილიკი, რომელზეც მოდელები გადიოდნენ, ერთგვარ საწარმო ხაზად (assembly line) იქცა, რომელზეც რობოტები სცენაზე გამოსულ ქალებს “აწარმოებდნენ”. 

მომავლის “გაუფერულება” ნათლად ჩანს ისეთი დიზაინერების ნამუშევრებშიც, რომლებიც ფუტურიზმის ესთეტიკით დიდი ხანია ინტერესდებიან. მაგალითად, Thierry Mugler-ის 79 წლის კოლექცია, რომლის ტანსაცმლის დიზაინიც თითქოს პირდაპირ ურსულა ლე გუინის ფენტეზი სამყაროდანაა აღებული, ოცდამეერთე საუკუნის მომავლის ხედვისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება, სადაც ბილიკზე ადამიანი-მწერის ჰიბრიდები გამოდიან. 

ტექნოლოგიური პროგრესის ერთი შეხედვით უსასრულო პოტენციალი, შეიძლება ითქვას, შფოთვის წყაროა, რადგან სამყარო აბიჯებს ეპოქაში, სადაც ადამიანსა და უსულო მანქანებს შორის ზღვარი თითქოს იშლება - სენტიმენტი, რომელიც გვხვდება Gareth Pugh-ის ნამუშევრებში, განსაკუთრებით კი მის 2007-ის კოლექციაში. 

ტრანსჰუმანისტური თემატიკა თანამედროვე მოდაში საკმაოდ აქტუალურია და ზოგი სუპერმოდელი, კიბორგების ერთგვარ წარმომადგენლად გვევლინება. მაგალითად, ბელა ჰადიდი, რომელიც ბევრი დიზაინერისთვის ყველაზე უკეთ ირგებს “კიბორგის” როლს, როგორც ამას Heavn-ის ახალი კოლექციის კამპანიაში ვხედავთ. 

ბელა ჰადიდი Coperni-ის კოლექციის ჩვენებაზეც გამოჩნდა, სადაც მისი სხეული სპეციალური საღებავით დაიფარა, რომელიც ჩვენებაზე დამსწრე აუდიტორიის თვალწინ მალევე კაბად გარდაიქმნა. 

coperni-s23-040-1664621574.jpg 1.1 MB

მოდის სამყაროში სულ უფრო აქტიურად დაიწყო წარმოების ახალი მეთოდოლოგიების გამოყენება, რისი ერთ-ერთი პიონერიც ირის ვან ჰერპენი იყო. 

1671688-inline-inline-ivh-voltage-556.jpg 170.63 KB

დისტოპიის და ტრანსჰუმანიზმის ნარატივების მიღმა, დიზაინერები ბოლო ათწლეულებია, ზოგადად ტექნოლოგიის ესთეტიკით ინტერესდებიან, რაც ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვე ტექნოლოგია ძალიან მაღალი სიზუსტის სიმეტრიებს ეყრდნობა. Givenchy-ის 1999 წლის ჩვენების შემდეგ, განსაკუთრებით პოპულარული გახდა მიკროჩიპების და ნახევარგამტარების “პატერნების” გამოყენება ტანსაცმლის დიზაინში. 

tumblr_nc77keB9sx1rnbekgo1_1280.jpg 368.01 KB

პერიოდულად ვხვდებით კოლექციებს, რომლებიც დიდწილად კოსმოსით და კოსმოსში მოგზაურობის თემატიკით არის შთაგონებული. NASA-ს და საბჭოთა კავშირის მიერ შექმნილი სკაფანდრები, ისევე როგორც რაკეტები, არაერთი მოდის სახლისთვის გახდა ინსპირაციის წყარო. 


სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა Coperni-ის ახალი 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციისთვის შექმნილი გენერაციული ფილმიც -  The Wolf, The Lamb and The Stream, რომელიც ადამიანებისა და ტექნოლოგიის ურთიერთობას გვიჩვენებს. კლიპში გამოყენებული მთხრობელის ხმაც, მოდელი - Lila Grace Moss-ის კომპიუტერული ფიგურაც და გარემოც ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი. 

Chanel-ის 2017 წლის შემოდგომის კოლექციის ჩვენებაზე რეალისტური რაკეტაც კი ვიხილეთ, რომელიც თითქოს სცენიდან კოსმოსისკენ მიფრინავდა. ამავე წელს, მოდის სახლის კიდევ ერთ ჩვენებაზე, რეტრო-ფუტურისტული ესთეტიკის სეტ-დიზაინსაც შევხვდით, რომელიც კლასიკური sci-fi ფილმით, Metropolis-ით იყო შთაგონებული. 

ზოგადად, სამეცნიერო ფანტასტიკიდან, სავარაუდოდ, არცერთ ფილმს არ აქვს ისეთივე გავლენა მოდის სამყაროზე, როგორც Metropolis-ს. სწორედ Metropolis-ით იყო შთაგონებული Dior-ის pre-fall ჩვენება 2017-ში, სადაც ბილიკზე გამოსულ მოდელებს გიგანტური რობოტის სკულპტურა გადმოჰყურებდა. 

მაღალი მოდის სამყაროში ხშირად არის წამოჭრილი საკითხები, რომლებსაც თანამედროვე კულტურაში ვაწყდებით. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ტექნოლოგიური პროგრესის კვალი, ისევე როგორც ამ უკანასკნელის მიერ შთაგონებული ესთეტიკა, მოდის სამყაროზეც აისახა.  


ფოტო: Jun Sato, Victor Boyko, Cr Fashion Book, Victor Virgile