La Mamounia - ასე ეწოდება მაროკოში, კერძოდ, მარაკეშში მდებარე სასტუმროს, რომელიც Condé Nast Traveller-ისა თუ სხვა არაერთი საერთაშორისო გამოცემის მიერ მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროდ აღიარეს. მარაკეშის ყველაზე დიდი მეჩეთის Koutoubia-ს პირისპირ აღმართული სასტუმრო 1923 წელს არქიტექტორებმა - ჰენრი პროსტმა და ანტუან მარკიზიომ დააპროექტეს. 15 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მე-18 საუკუნეში სულთან მეჰმედ ბენ აბდალაჰმა საკუთარ ვაჟს - მულაი მამოუნს საქორწინო საჩუქრის სახით გადასცა, მშენებლობა 6 წლის შემდეგ დასრულდა და არტ დეკოს სტილი და მაროკოს არქიტექტურა იდეალურად გააერთიანა. სასტუმროს სახელწოდება არაბული ენიდან წარმოიშვა და ითარგმნება, როგორც უსაფრთხო თავშესაფარი.

  მდიდრული სასტუმრო ისტორიული წარსულით  2006 წელს განახლების მიზნით 3 წლით დაიხურა და მისი რენოვაციის პასუხისმგებლობა დიზაინერ ჟაკ გარსიას დაეკისრა. მან დიზაინში მსუყედ შეიტანა წითელი და ყვითელი ფერები, თუმცა 2009 წელს, მისი ხელმეორედ გახსნის შემდეგ,  ფრანგი არქიტექტორი და ინტერიერის დიზაინერი სასტუმროს ორიგინალური მახასიათებლების დაკარგვის გამო გააკრიტიკეს. დღეს La Mamounia 135 ნომერს, 71 ლუქს ნომერს და 3 ე.წ. რიადს აერთიანებს (მაროკოში ცენტრალურ ეზოში აშენებული ტრადიციული სახლი, რომელიც შემდგომ სასტუმროდ გარდაიქმნება). თითოეულ ნომერსა თუ რიადს ტრადიციული მაროკოული ხის კარი აქვს, რომლის მიღმაც ქალაქისთვის დამახასიათებელი ოსტატობა თანამედროვე დიზაინს ერწყმის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მარაკეშის განცალკევება ცივილიზებული სამყაროსაგან რთულია, აქ ტექნოლოგიები, ტელევიზორები თუ სხვა სახის გაჯეტები ნამდვილად უადგილოა. 

5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 3 სახის რესტორანს აერთიანებს, რომლებიც ვიზიტორებს მაროკოს ტრადიციულ კერძებს, აზიურ და იტალიურ სამზარეულოებს სთავაზობენ. ამასთან ერთად, შეუძლებელია ისეთმა დიდებულმა სასტუმრომ, როგორიც La Mamounia სპა-ს გარეშე იარსებოს, ამიტომ სტუმრებს აქ მოხვედრისას სასტუმროს ექსკლუზიური La Mamounia Spa-ს ინტენსიური რელაქსაციის სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობაც ეძლევათ. Სიჯანსაღეზე ორიენტირებული პროცედურები მთლიანად სხეულზე ზრუნვისა და მისი ღრმად დატენიანების ხელოვნებას ეთმობა. 

 იმპერიული ქალაქის გულში მდებარე სასტუმრო 95-წლიანი ისტორიის განმავლობაში უამრავი ვიზიტორისათვის მართლაც იქცა უსაფრთხო და შეუცვლელ ნავსაყუდლად. მას ხშირად სტუმრობდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილიც, რის გამოც სასტუმროს ერთ-ერთს ბარს სწორედ ჩერჩილის სახელი ჰქვია. ამასთან ერთად 1956 წელს La Mamounia ალფრედ ჰიჩკოკის ფილმის, The Man Who Knew Too Much-ის გადასაღებ მოედნადაც იქცა, სადაც მთავარ როლებს ლეგენდარული მსახიობები - დორის დეი და ჯეიმს სტიუარტი ასრულებდნენ. 

  სასტუმროს სტუმრები La Mamounia-ს ქაოსური სამყაროდან მოულოდნელად მოწყვეტასა და ჯადოსნურ, საიდუმლო, საოცრებათა ქვეყანაში მოხვედრას ადარებენ, სადაც დრო თითქოს ჩერდება. მაროკოს გულში გამეფებული აღმოსავლური სული მდიდრულ, მითურ და ამავდროულად, მოდერნისტულ ატმოსფეროსაც ქმნის. ინტერიერი, ექსტერიერი, წარსული თუ ადგილმდებარეობა, მარაკეშის ღირსშესანიშნაობათა მრავალფეროვნების მიუხედავად, სასტუმროს თავად აქცევს ქალაქისა და აფრიკის ჩრდილოეთით მდებარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლად. 

ფოტო: Paris Select, En-Vols, Lasvit