2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონზე სტოკჰოლმში დაფუძნებული ბრენდი, უცნაური სახელით AVAVAV, ბეატ კარლსონის კრეატიული დირექტორობით გამოჩნდა. დრამატული, პროვოკაციული და, გარკვეულწილად, კომიკური ჩვენება წარმატებისა და წარუმატებლობის იდეას ასახავდა, ხოლო თავად ბეატ კარლსონის თქმით, კოლექციის მთავარ შთაგონებას ფული და მისკენ სწრაფვა წარმოადგენდა.
პოდიუმზე ვირუსულად გავრცელებულ მოდელების ეპატაჟურ წაქცევასთან ერთად, რაც, რა თქმა უნდა, შოუს ნაწილი იყო, ბრენდის პოპულარობა წარმოდგენილმა სამოსმაც განსაზღვრა, რომელიც ქორეოგრაფიულად დადგმულ გამოსვლებზე არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა. დოლარის ემბლემით გაფორმებულ საცურაო კოსტიუმებთან, უკიდურესად დიდი ზომის ჰუდებსა და ქურთუკებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ცნობილი დიზაინერების ლოგოების ერთ სამოსში გაერთიანებამ მიიპყრო. სიმდიდრის თემის განვრცობას კიდევ უფრო მეტად სპეციალური ფრაზებით გაფორმებული აქსესუარებიც ეხმარებოდა, მაგალითად, კეპი წარწერით Filthy Rich და თავად სიმდიდრის ექვივალენტის, Rolex-ის 300 000 დოლარის ღირებულების ყელსაბამი. კარლსონის თქმით, დრამატული ჩვენების მთავარი იდეა სიმდიდრეზე ირონიული დაკვირვება იყო, თუ როგორ იყენებს ამ ერთგვარ ძალაუფლებას საზოგადოება საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად, დიზაინერისათვის კი სამოსით ისეთი განცხადების გაკეთება, როგორიცაა “მე მდიდარი ვარ” სახალისო და შთამაგონებელი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, ერთი შეხედვით კომიკური ჩვენება წარმატებისა და წარუმატებლობის, სიმდიდრისა და მისი საშუალებით რეალობიდან წარუმატებლად გაქცევის კონცეფციაზე იყო აგებული, რამაც სკანდინავიის ცენტრში შექმნილი ბრენდი AVAVAV იტალიური მოდის ნაწილად აქცია.
ამჯერად, 2024 წლის გაზაფხული-სეზონის მილანის მოდის კვირეულმა ბრენდის კიდევ ერთ ვირუსულ ჩვენებას პირველად უმასპინძლა.ახალგაზრდა შვედი დიზაინერისათვის ბოლო სამ წელში შექმნილი კოლექციების ხმაური სულაც არ აშინებს, რადგან AVAVAV - ისათვის მთავარი წარმოდგენილი სამოსისა და შოუს სიღრმეა, რადგან მნიშვნელოვანია არსებობდეს სათქმელი, რომლის საზოგადოებისთვის მიწოდებასაც ამ გზით შეძლებ. მილანში, მოდის ერთ-ერთ ცენტრალურ დედაქალაქში შეკრებილ სტუმრებს კარლსონმა იმედი არც ამჯერად გაუცრუა და იუმორისტული, თეატრალური სანახაობით, თუმცა მის მიღმა არსებული ღრმა იდეით, კოლექციამ და მთლიანი შოუს კონცეფციამ კიდევ ერთხელ მიიპყრო მოდის სამყაროს მთელი ყურადღება.
თავდაპირველად, ჩვენებაზე გამოჩენილ მოდელს კულისებიდან ძალით აგდებდნენ, რომლებიც რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის შემდეგ სტრესისა და ქაოსის გამო კვლავ უკან ბრუნდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი ცრემლიანი თვალებითა და ტირილისაგან დაზიანებული მაკიაჟით მიემართებოდნენ პოდიუმის ბოლოს მდგარი ფოტოგრაფებისაკენ. მოდელების ნაწილი კი ნახევრად შიშველი ჩაცმას პოდიუმზე გამოსული აგრძელებდა. მიუხედავად იმისა, რომ არაორდინალურმა ჩვენებამ მასების ყურადღება მიიპყრო, მისი შთაგონება და მთავარი სათქმელი გასაგები მხოლოდ საზოგადოების მცირე ნაწილისათვის აღმოჩნდა. AVAVAV - ის 2024 წლის გაზაფხულ-ზაფხულის კოლექცია მთლიანად სტრესს მიეძღვნა და როგორც მოგვიანებით აიღნიშნა, შთაგონება სათავეს თავად კარლსონის ცხოვრებიდან იღებს - ახალი კოლექციის შექმნის სირთულეები მოდის სეზონური კალენდრის მკაცრი ვადების გამო, თუ რამდენი რამის ერთდროულად მოსწრება ხდება საჭირო სეზონიდან სეზონამდე სრულყოფილი სამოსის წარსადგენად.
აუღელვებელი იუმორითა და თეატრალური დადგემბით ბრენდი ყოველი ჩვენებისას ნათელს ჰფენს ინდუსტრიის სტრესულ და ქაოტურ რეჟიმს და მასთან დაკავშირებულ იმედგაცრუებას, შფოთვასა და პასუხისმგებლობებს, რათა საზოგადოებას მისი ღირებულებების გათვალისწინებით სწორი სიგნალი მიაწოდო. სწორედ ამიტომ, NO TIME TO DESIGN კონცეფციით შექმნილი კოლექცია და მისი ჩვენება მთლიანად ემსახურება მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანების, მათ შორის დიზაინერებისა თუ მოდელების სტრესულ მდგომარეობას, დაჩქარებული რუტინისა და მკაცრად გაწერილი დროის პირობებში.
ფოტო: Vogue Runway, LE MILE MAGAZINE
დაწერე კომენტარი