მაურიციო კატელანი იტალიელი არტისტია, რომლის შემოქმედებაც კომიკურობით და ჰიპერ-რეალისტური სტილით არის ცნობილი. კატელანს სატირული გამოფენების და ინსტალაციების გამო, ხელოვნების სამყაროს “მასხარას” ეძახიან.
მის სახელს უკავშირდება Toiletpaper Magazine, იტალიელ ფოტოგრაფთან, პიერ-პაოლო ფერარისთან ერთად დაარსებული ჟურნალი, რომლის გამოფენაც Run as slow as you can ცოტა ხნის წინ მუმბაიში, Nita Mukesh Ambani Centre-ში გაიხსნა და 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ToiletPaper-ის ჟურნალები კატელანის სიურრეალისტური სამყაროს არქივია, რომელსაც თავის ლოგიკა და სტრუქტურა აქვს. ის ერთი შეხედვით ძალიან უცხოა, მეორე მხრივ კი, თითქოს ძალიან ნაცნობ მომენტებს იდეალურად გადმოსცემს.
კატელანი სიურრეალიზმით და ჰიპერ-რეალიზმით ადრეული ასაკიდან იყო გატაცებული. მისი ნამუშევრები უცნობი ესთეტიკის და გაზვიადებული რეალობის მიუხედავად, ძალიან რეალურ გამოცდილებებს კომიკურად ან სატირულად აღწერენ.
კომედია და რეალობის აბსურდულობა ხშირად მომენტალურად აშკარაა. ამის ნათელი მაგალითებია შუა თითის სკულპტურა, სახელად L.O.V.E და ოქროს უნიტაზი America. ამ ნამუშევრების კომიკურობა, მათი კონტექსტიდან გამომდინარეობს, რაც ხელოვნებაზე გაკეთებული დიუშენისეული მეტაკომენტარიცაა.
ხშირად კატელანის ნამუშევრების კომიკურობა მათი პირდაპირობიდან გამომდინარეობს, რაც კარგად ჩანს ნამუშევრებში - Comedian და Daddy, Daddy.
აღსანიშნავია, რომ Comedian, სავარაუდოდ, “ყველაზე მეტჯერ შეჭმული” ნამუშევარია, რადგან კედელზე მიკრული ბანანი ჯერ 2019 წელს ქართველმა არტისტმა, დავით დათუნამ შეჭამა, მოგვიანებით კი სეულში კორეელმა სტუდენტმა, რომელმაც უბრალოდ აღნიშნა, რომ შიოდა.
კატელანის უნიკალური ესთეტიკა, რეალობის უცნაურად გაზვიადებულ სურათს გვთავაზობს, რომელიც რაღაც აბსტრაქტულ განწყობებს გადმოსცემს. არის რაღაც უცნაური და აბსურდული იმაში, რომ ადამიანი საკუთარი თავის მაგრიტისეულ ცვილის ფიგურებს აკეთებს და კატელანიც სწორედ ამის დანახვას გვთხოვს - ცხოვრება უცნაურია.
ცვილის ფიგურებით და ტაქსიდერმიით ახალგაზრდობიდანვე იყო გატაცებული, მისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი ნამუშევარი 1997 წლის ვენეციის ბიენალეზე წარმოდგენილი რამდენიმე ათეული მტრედის ფიტული იყო. ამავე სტილში კატელანმა რამდენიმე ცხენის ფიტულიც გამოფინა - ზოგი მათგანი იატაკზე წამოწოლილი, ზოგი კი თითქოს კედელში ჩაჭედილი.
კატელანის სკულპტურებს და ფიტულებს ხშირად აქვთ საერთო კონცეფცია - სიკვდილი. მაგალითად, ნამუშევარი “You” რეალურად არტისტის სკულპტურა-ავტოპორტრეტია, რომელიც თოკით იყო დაკიდებული.
სიკვდილს ვხვდებით კატელანის რელიგიური თემატიკის ნამუშევრებშიც, მაგალითად, მეტეორით გაჭყლეტილი რომის პაპი ან მუხლებზე დამხობილი ჰიტლერი.
კატელანის ნამუშევრები მსოფლიოში პერიოდულად აჩენენ დისკუსიებს იმაზე, რა არის ხელოვნება და შეიძლება თუ არა კატელანის შემოქმედება ჩაითვალოს ხელოვნებად? კატელანი ამ კითხვისადმი ინდიფერენტულია, რადგან მისი მიზანი უბრალოდ სასაცილო ხუმრობის შექმნაა და გული არც იმაზე დასწყდომია, რომ მისი ბანანი შეჭამეს და დიდად არც მისი ოქროს უნიტაზი ენატრება, რომელიც ნიუ-იორკში მოიპარეს.
დაწერე კომენტარი