მიუხედავად იმისა, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან უკვე 30 წელზე მეტი გავიდა, ამ ეპოქის სტილი და მისი ნოსტალგია გაუჩინარებას ჯერ კიდევ არ აპირებს. ადამიანების სახელებს, რომლებმაც მე-20 საუკუნის ბოლო პერიოდის სტილის ჩამოყალიბებასა და დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი, სტილისა და მოდის ენციკლოპედია ოქროს ასოებით ინახავს. ერთ-ერთი მათგანი კი ამერიკის პრინცესად წოდებული ქეროლაინ ბესეტ-კენედია, რომელიც წარმატებული კარიერისა და Calvin Klein-ის პუბლიცისტობის მიუხედავად, საერთაშორისო მედიისა თუ საზოგადოების ყურადღების ცენტრში 1994 წელს, ჯონ კენედი უმცროსთან ურთიერთობის დაწყების შემდეგ მოექცა.
ტრენდების შემქმნელი - ხშირად ასე მოიხსენიებდა ადგილობრივი პრესა ქეროლაინს და თავად ჯონ კენედ უმცროსის დედას, ჟაკლინ კენედსაც ადარებდა. ამერიკის შეერთებული შტატების 35-ე პრეზიდენტის ვაჟის მიმართ მედიის განსაკუთრებულმა ყურადღებამ ქეროლაინ ბესეტისა და მისი ცხოვრების მიმართ ინტერესიც გააორმაგა, რის გამოც ამერიკული თუ საერთაშორისო ტაბლოიდური მედია ბესეტის შეუცვლელი სტილის მდიდარ არქივებს ინახავს.
გლობალურ პოპულარობამდე ცოტა ხნით ადრე ქეროლაინ ბესეტი ლეგენდარული ამერიკული ლეიბლის, Calvin Klein-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან და მნიშვნელოვან ფიგურად იქცა. ბრენდის საერთაშორისო გაყიდვების კოორდინატორს, სუზან სოკოლს ბოსტონში გაყიდვების ასისტენტის პოზიციაზე მომუშავე ქეროლაინის გარეგნობა, საინტერესო სტილი და შარმი შეუმჩნეველი არ დაუტოვებია. მისი ინსტინქტი კი მართალი აღმოჩნდა და ახალგაზრდა კოლეგა ბრენდის ისეთი მნიშვნელოვანი მომხმარებლების მრჩევლად იქცა, როგორებიც იყვნენ მსახიობი ანეტ ბენინგი და სატელევიზიო წამყვანი დაიან სოიერი. სტილის განსაკუთრებული შეგრძნების დახმარებით ქეროლაინი ვარსკვლავურ მომხმარებლებს სამოსის შერჩევასა და მათ მოხდენაში ეხმარებოდა. Calvin Klein-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ძალიან მალე ქეროლაინ ბესეტმა მილიონობით დოლარის ღირებულების სამოსის გაყიდვა შეძლო. თუმცა მოგვიანებით, მანამ სანამ 1996 წლის გაზაფხულზე ბრენდში საკუთარ პოზიციას დატოვებდა, საჯარო და ულტრა პოპულარულმა ურთიერთობამ ბენეტი თავად აქცია Calvin Klein-ის რეკლამად და თავად მისტერ კლეინის მუზად.
მას შემდეგ, რაც 1994 წელს ჯონ ფიცჯერალდ კენედისა და ჟაკლინ კენედის უფროსმა ვაჟმა ახალგაზრდა, საზოგადოებისათვის უცნობ გოგონასთან ურთიერთობა გაასაჯაროვა, ქეროლაინ ბესეტი პაპარაცებისა და მედიის მუდმივ სამიზნედ იქცა. ქეროლაინის პერსონალურმა სტილმა სწრაფად მიიქცია საერთაშორისო მედიის ყურადღებაც. იმ პერიოდში დამკვიდრებული ტენდენციების იგნორირება და საკუთარი უნიკალური ჩაცმის სტილით პრესამ ამერიკის მომავალ პრინცესას 90-იანი წლებისა და ამერიკული სტილის სიმბოლო უწოდა. ურთიერთობის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ, 1996 წელს, წყვილის ზღაპრული ქორწილი ჯორჯიის შტატში, განცალკევებით მდებარე კამბერლენდის კუნძულზე გაიმართა. უელსის პრინცესასა და პრინცის, ჩარლზისა და დაიანას ქორწილის შემდეგ, ქეროლაინისა და ჯონ კენედის ქორწილი ეპოქის კიდევ ერთ ყველაზე გახმაურებულ ქორწინებად და ქორწილად იქცა, თუმცა ხალხით სავსე სამლოცველოსა და დარბაზების ნაცვლად, მათი სიყვარულის დღესასწაულს მხოლოდ 40 ადამიანი ესწრებოდა. ქორწილი თავად იყო მოვლენა, თუმცა პატარძლის კაბამ სურათი მთლიანად შეცვალა. ქეროლაინის კაბა მისმა უახლოესმა მეგობარმა, ნარცისო როდრიგესმა შექმნა. მინიმალისტურმა, თეთრმა აბრეშუმის კაბამ ამერიკელი დიზაინერი ძალიან სწრაფად ცნობილ სახედ და ბრენდის შემქმნელად აქცია. სწორედ ასე გაჩნდა ამერიკის მოდის რუკაზე 1997 წელს Narciso Rodriguez, როგორც დამოუკიდებელი ლეიბლი.
ამერიკული სპორტული და ავანგარდული, დახვეწილი სამოსის ნაზავი ქეროლან ბესეტ-კენედის სტილს ფრანგულ მინიმალიზმთან აახლოებდა, რაც კენედების ოჯახისა და თავად ჟაკლინისათვის სრულიად უჩვეულო იყო. თუმცა, ხანმოკლე ცხოვრების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც წყვილი 1999 წელს ტრაგიკულად დაიღუპა ავიაკატასტროფაში, მისი სტილის მემკვიდრეობა სიცოცხლეს კვლავ აგრძელებს. ნიუ-იორკის ქაოსურ რუტინაში ცხოვრების მიუხედავად, ქეროლაინმა შეძლო შეექმნა საკუთარი იდენტობა, რომელიც თავს არაერთი დიზაინერის შთაგონებასა და ფილმებისა თუ სერიალების პერსონაჟის შექმნის დროს იჩენს. 2 ათწლეულზე მეტის გასვლის შემდეგაც კი, 90-იანების მინიმალიზმის დედოფლის, ესთეტიკა და სტილის მომხიბვლელობა, სოციალური მედიისა და არასტანდარტული ტენდენციების რეალობაშიც კი, სულ უფრო და უფრო მეტად მძლავრი და პოპულარული ხდება, რადგან ქეროლაინ ბესეტ-კენედმა ამერიკის კონტინენტზე, იმ პერიოდში მოდის მთავარი დედაქალაქებიდან ძალიან შორს, ჩამოაყალიბა სტილი, რომელსაც დროითი და სივრცითი საზღვრები არ გააჩნია.
ფოტო: British Vogue, Vogue Australia, Vanity Fair
დაწერე კომენტარი