თბილისში, ბაქოსა და ლონდონში საცხობების ქსელით ცნობილი “ანტრე” ჯგუფი,რომელიც ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს, სარესტორნო მიმართულებით განვითარებასა და ახალი გასტრონომიული გამოცდილების დამკვიდრებას იწყებს. “47” კომპანიის დამფუძნებლების მიერ შექმნილი ახალი სალონური სივრცეა, რომელიც კოტე აფხაზის 47 ნომერში პირველ სტუმრებს უკვე მასპინძლებობს.
ჟან მიშელ შარლი, “ანტრე” ჯგუფის ფრანგი თანადამფუძნებლი სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ მონტონში, რესტორატორების ოჯახში დაიბადა. მიშელი ამ სფეროს პატარა ასაკში ეზიარა და საოჯახო ბიზნესი მთავარი ინტერესისა და მოღვაწეობის საგნად აქცია: “6 წლის ასაკიდან მშობლებს, ჩემს და-ძმასთან ერთად, რესტორანში ვეხმარებოდი. ეს იყო ჯადოსნური სამყარო, რომლიდანაც ალბათ არასდროს გამოვალ. ნახევარ საუკუნეზე მეტია, კვების სექტორში ვარ და დღესაც იმ პატარა 6 წლის ბავშვის ემოციებს დავატარებ, ვაგროვებ, ვუფრთხილდები და მინდა, ჩვენს სტუმრებს 47-ში დავახვედრო.“ სწორედ ამიტომ, თბილისში, ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანში სალონის ტიპის რესტორანი კომპანიის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებითა და ემოციებით შეიქმნა.
ძველი თბილისის შუაგულში მდებარე სივრცე ინტერნაციონალურ გემოებს, სამზარეულოსა და კულტურებს აერთიანებს, სადაც სეზონური ინგრედიენტებით მომხმარებლების თვალწინ ჯანსაღი და უნიკალური კერძები იქმნება. ბრიტანეთიდან ჩამოტანილი გრილის ხაზის დახმარებით, კერძების უმრავლესობა, როგორც უკვე აღინიშნა, თავად სტუმრების თვალწინ ნაკვერჩხალსა და შეშაზე მზადდება, რაც რესტორანში წარმოდგენილ მენიუს ჯანსაღთან ერთად მეტად მომხიბვლელს ხდის. ამასთან ერთად, ინგრედიენტთა დიდ ნაწილს რესტორანი მცირე ფერმერებისაგან იღებს, ამიტომ თითოეული პროდუქტი სეზონური, ბუნებრივი და ორგანულია. როგორც ჟან მიშელ შარლი ამბობს, 47 ეს არის დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში სალონური ურთიერთობების ერთგვარი აღდგენა, სცენა ხელოვნებისათვის მისი ყველა
შესაძლო ფორმით, ადგილი გემოების რეალიზებისა და მაგიდის გარშემო გულწრფელი საუბრისთვის.
სივრცის გამოყენება მათ არა მხოლოდ ახალი და არომატული გემოების შესაქმნელად სურთ, არამედ ხარისხიანი მუსიკის გასაჟღერებლადაც - გვსურს ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა მათ მიერ შექმნილი მუსიკა ჩვენს სივრცეში 47 წუთის განმავლობაში დაუკრან; ბევრი ექსპერიმენტული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ როგორც კლასიკური მუსიკის, ასევე ჯაზის ჟანრშიც. ჩვენი რესტორნის სივრცე როგორც მსოფლიოში აღიარებულ არტისტებს, ასევე დამწყებ, ახალბედა და გემოვნებიან ადამიანებსაც დაეთმობათ“.
დაწერე კომენტარი