Europalia - ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია, რომელიც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ იმართება და კონკრეტულ მოწვეულ ქვეყანასა და მის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს. წელს ფესტივალი საქართველოს, მის კულტურასა და ხელოვნებას ეთმობა. 

ფესტივალს გამოფენა “ავანგარდი საქართველოში (1900-1936)” გახსნის. რუსეთის იმპერიის დაცემისა და ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ბედნიერ მირაჟად წარმოდგენილი თავისუფლება მხოლოდ 3 წელს, 1921 წლამდე, საბჭოთა ჯარების შემოჭრამდე გაგრძელდა, მცირეხნიანმა დამოუკიდებლობამ ქვეყანაში ავანგარდული ხელოვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი. ქუთაისისა და თბილისის არაერთ კაფესა და ტავერნაში მხატვრები და სხვა არტისტები იკრიბებოდნენ და აწყობდნენ მულტიდისციპლინარულ ღონისძიებებს, რამაც ხელი შეუწყო ახალი მხატვრული მიმართულებების დანერგვას. მრავალრიცხოვან არტისტთა თანამშრომლობამ საქართველოში ხელოვნების მრავალი ფორმა წარმოშვა, ქართული ტრადიციების დასავლურ და აღმოსავლურ ტრადიციებთან შერწყმით გაჩნდა ისეთი მიმდინარეობები, როგორიც არის ნეოსიმბოლიზმი, ფუტურიზმი, დადაიზმი, ექსპრესიონიზმი და კუბო-ფუტურიზმი. მათი ინტერაქცია კი გამოიხატებოდა ნახატებში, ფილმებში, სპექტაკლებში, მწერლობასა და ფოტოგრაფიაშიც კი. 

ამ პერიოდში ქართულ ავანგარდს 200-ზე მეტი ნამუშევარი უკავშირდება. მათგან 150 გამოფენაზე, ევროპაში პირველად, საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმიდან, საქართველოს ხელოვნების სასახლიდან, დავით კაკაბაძის ფონდიდან და კერძო კოლექციებიდან იქნება წარმოდგენილი. Europelia-ს ხელოვნების ფესტივალის საქართველოსა და მისი კულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, გიგო გაბაშვილის, პეტრე ოცხელის, შალვა ქიქოძის, ნიკო ფიროსმანის, ირაკლი გამრეკელისა და ნუცა ღოღობერიძის ნამუშევრებს აერთიანებს.

 გამოფენაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში შექმნილ ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება თანამედროვე ქართველი მხატვრის, მეგი რუსტამოვას ფილმი “დედა ენა”, რომელიც სტალინის რეჟიმის დროს -  1950-იან წლებში თბილისიდან ყაზახეთში დედის გადასახლებაზე მოგვითხრობს. 


ფოტო: Europali