2011 წელს პარიზის ორ სხვადასხვა გალერეაში ორი სხვადასხვა არტისტის - კარსტენ ჰოლერის და მაურიციო კატელანის გამოფენები გაიხსნა. თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებული ადამიანები, კრიტიკოსებთან და ჟურნალისტებთან ერთად, ერთი გალერეიდან მეორეში მიდიოდნენ თანამედროვეობის ორი გამოჩენილი არტისტის შემოქმედების სანახავად, თუმცა მათ გასაკვირად, ორივეგან იდენტური ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
კარსტენ ჰოლერისთვის ხელოვნება მთლიანად კოლექტიური პროცესია: ახალი ნამუშევარი, ჰოლერის ფილოსოფიით, არასდროსაა “ორიგინალური”, არამედ ხელოვნების დატვირთვის არსი მის გამოყენებაშია. ამ მოსაზრების დასტურად, მის მიერ შექმნილ ობიექტებს ხშირად საჯარო სივრცეებში ვხვდებით, სადაც თვალსაჩინოა დამთვალიერებლების ინტერაქცია ნამუშევრებთან. ჰოლერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინსტალაცია ლონდონში, Tate modern-ში მოეწყო, სადაც ცენტრალური ადგილი გიგანტურ რკინის სასრიალოს ეკავა. “სასრიალოები” მიმდინარე პროექტია და ერთ-ერთი 2000 წელს მილანში, Prada-ს ოფისში განთავსდა.
ჰოლერი სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია და 1994 წლამდე აქტიურად მუშაობდა ენტომოლოგად, მას შემდეგ, რაც თავის სფეროში საკმაოდ გავლენიანი დისერტაცია გამოაქვეყნა მარცვლეულის პარაზიტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ჰოლერი აკადემიური ენტომოლოგიით დიდად აღარ ინტერესდება, ბუნება მის ნამუშევრებში დიდ როლს თამაშობს. მის შემოქმედებაში ხშირად შეხვდებით ბუნების იმიტაციას ან უბრალოდ ფიტულებს.
ჰოლერი მოხიბლულია სამყაროში არსებული ფუნდამენტური სიმეტრიებით, რომელიც თავს ბევრგან იჩენს და არტისტი სწორედ ამის ჩვენებას ცდილობს. მაგალითად, 2005 წელს Gagosian-ში გამართულ გამოფენაზე შუშისგან დამზადებული ფიფქები კარუსელების ფოტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამდა სტრუქტურულ მსგავსებებს ბუნების და ადამიანების ქმნილებებს შორის.
Sliding Doors, რომელიც პირველად 2003 წელს Tate-ში გამოიფინა, სხვა ნამუშევრების მსგავსად, სივრცის და სიმეტრიების კვლევაა.
ჰოლერის ყველაზე ცნობილი ინტერაქციული ნამუშევრებია Hotel Room და Psycho Tank. ეს უკანასკნელი სეპტიკური ავზია (sensory deprivation pool), სადაც დამთვალიერებლებს ჩასვლა და ტივტივი შეეძლოთ, ხოლო Hotel Room Guggenheim-ში გაკეთებული “ღია” ოთახი ღერძის გარშემო მოძრაობდა და იქ ღამის გატარება 1000 ევროდ შეიძლებოდა.
აღსანიშნავია, რომ ბელგიელი არტისტის ბოლო დროის გატაცება სოკოებია, რომლებიც მის გამოფენებში უფრო და უფრო ხშირად და ინტენსიურად ფიგურებს, კერძოდ კი, amunita mascaria-ს სახეობა, რომელიც ადამიანებისთვის მომწამვლელია, თუმცა გარკვეული ფსიქოდელიური ეფექტი აქვს.
ჰოლერის შედარებით ახალ ინსტალაციებში უფრო ხშირად ფიგურირებს მანათობელი ობიექტები, მაგალითად, ცნობილი “ოქროს კარუსელი”, რომელიც სრულად ფუნქციურია.
ნათურებისგან დამზადებული შედარებით უფრო აბსტრაქტული ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ინსტალაციაზე, სახელწოდებით Day, სადაც სინათლეებისგან მარტივი, ისევე როგორც საკმაოდ კომპლექსური სიმეტრიის მქონე ფორმები იყო შექმნილი.
ჰოლერმა სახელი 90-იანებში, მაურიციო კატელანთან, დაგლას გორდონთან და სხვა რამდენიმე არტისტთან ერთად გაითქვა, რომელთა ნამუშევრებიც ხშირად იყო წარმოდგენილი Guggenheim-ში და Tate Modern-ში. ჰოლერის შემოქმედება საინტერესო იმითაა, რომ ის საშუალებას გვაძლევს გავაფართოოთ ჩვენი წარმოდგენა ხელოვნებაზე და მთავარი დატვირთვა მივანიჭოთ არა დაკვირვებას, არამედ შთაბეჭდილებას, რომელსაც ამა თუ იმ ნიმუშის დათვალიერება გვიქმნის.
დაწერე კომენტარი