ტაკაში მურაკამი Black Lives Matter კამპანიის მხარდასაჭერად 6 ახალ ნამუშევარს გამოსცემს. თითოეული მათგანის 300 ეგზემპლარი გაიყიდება - შემოსული თანხები კი Black Lives Matters-ს და სხვა ანტირასისტულ კამპანიებს სრულად მოხმარდება. ნამუშევრების ღირებულებისა და მათი შეძენის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, მათი გაყიდვიდან შემოსული თანხა 1 მილიონ დოლარამდე განისაზღვრება.


მურაკამის დიზაინისთვის დამახასიათებელ ყვავილებს Black Lives Matter კამპანიის მხარდასაჭერად შექმნილ ყველა მის ნამუშევარში შეხვდებით, განსხვავებით კაშკაშა ფერებისა, რომლებიც არტისტმა ამჯერად მუქი ტონალობის ფერებით ჩაანაცვლა. მურაკამიმ ინსტაგრამის პოსტში ასევე აღნიშნა, რომ ყველა ნამუშევარს პირადად მოხატავს და მოაწერს ხელს. ნამუშევრების შეძენა NTWRK აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, შემოსული თანხა კი Black Lives Matter-ს, Equal Justice Initiative-ს და Color of Change-ს გაუნაწილდება.

„არტისტის როლი აწმყოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვება და მათი შესწავლაა, შემდეგ კი ამ ყველაფრის მომავალი აუდიტორიისთვის გამოხატვა, - წერს ტაკაში მურაკამი ინსტაგრამის გვერდზე განთავსებულ პოსტში. - თუმცა, თუ ჩემს ნამუშევრებს აქ და ახლა რაიმეს შეცვლა შეუძლიათ, მათი სახით რასობრივი უსამართლობით შევიწროებულ შავკანიანთა საზოგადოების მხარდაჭერასა და გაძლიერებაში წვლილს აუცილებლად შევიტან“.