Huka Lodge ახალი ზელანდიის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე ცნობილი სასტუმროა, რომელიც მდინარე ვაიკატოს სანაპიროზე, Taupo-სგან არც ისე შორს მდებარეობს და მთლიანად ტყით არის გარშემორტყმული. Huka Lodge თავდაპირველად მეთევზეებისთვის განკუთვნილი კარვების პატარა კომპლექსი იყო, რომელიც 1924 წელს გაკეთდა, თუმცა ნელ-ნელა ტერიტორიაზე მცირე ზომის კოტეჯებიც განთავსდა და ის მალევე გახდა ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორის ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილი ახალ ზელანდიაში. სასტუმრო 20 კოტეჯისგან შედგება, ამათგან ცენტრალური შენობა ერთგვარი მისაღები და ამასთანავე კომუნალური სივრცეა, სადაც ულამაზესი ტერასის მქონე რესტორანიც არის, რომელიც სტუმრებს ადგილობრივ კერძებს და ღვინოს სთავაზობს.
ცენტრალური შენობიდან სასტუმროს მთელ ტერიტორიაზე დაქსაქსული ბილიკები კოტეჯებისკენ მიდის, სადაც სტუმრებს სამი სხვადასხვა ტიპის ნომერში შეუძლიათ დროის გატარება. ესენია - Junior Lodge, Alan Pye Cottage და Alex van herren cottage, რომელიც დანარჩენი შენობებისგან მოშორებით დგას და მდინარეზე კერძო “სანაპიროც” კი აქვს.
Alex van herren cottage ოთხ საძინებელს და ფართო მისაღებ ოთახს მოიცავს, რომლის ცენტრშიც ულამაზესი ბუხარია გაკეთებული. ორი საძინებელი მდინარეს და ჩანჩქერს გადაჰყურებს, ხოლო სამხრეთის ფანჯრები შიდა ეზოში გადის.
Alan Pye Cottage შედარებით პატარაა და მოკრძალებულად გამოიყურება. ინტერიერის დიზაინი ნაკლებად გრანდიოზულია, თუმცა სიმყუდროვის განცდას ტოვებს. აღსანიშნავია, რომ Alan Pye Cottage-ს თავისი სპაც აქვს, რომელიც Maori მხატვრობით არის გაფორმებული. Junior Lodge ყველაზე პატარაა, მიუხედავად ამისა, ძალიან მყუდროა და ამასთან, სასტუმროს ყველა სერვისითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ.
Huka Lodge ახალი ზელანდიის ჩრდილოეთ კუნძულზე მდებარეობს და გარშემორტყმულია ულამაზესი ბუნებით, ისევე როგორც კულტურული ძეგლებით. სასტუმრო დამსვენებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროგრამას და სტუმრებს ახალი ზელანდიის ბუნების და კულტურის გაცნობის საშუალებას აძლევს.ამასთანავე, სასტუმროს ტერიტორიაზე განთავსებულია ტენისის ულამაზესი კორტი, მშვენიერი ბაღები და რესტორანი უგემრიელესი კერძებით.
თუ სასტუმროს ტერიტორიის დატოვება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა Water Rafting-ში ან ითევზაოთ მდინარე ვაიკატოში, ან Taupo-ს ტბაზე, რომელიც უგემრიელესი კალმახით არის ცნობილი. Huka Lodge-ს მყუდრო გარემო საშუალებას მოგცემთ თავი დააღწიოთ ხმაურიან გარემოს და აღიდგინოთ სასიცოცხლო ძალები ახალი ზელანდიის ბუნებაში.
დაწერე კომენტარი