არქიტექტურული მოძრაობა “მეტაბოლიზმი” 50-იანების იაპონიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადა და აერთიანებდა არქიტექტორებს, ისევე როგორც დიზაინერებს და არტისტებს, რომლებსაც სურდათ, რომ ომით განადგურებული იაპონიისთვის ახალი იდენტობა ეპოვათ. 1960 წელს, Tokyo World Design Conference-ზე, კიონორი კიკუტაკემ, კიშო კუროკავამ და ფუმიჰიკო მაკიმ თავიანთი “მეტაბოლიზმის მანიფესტი” წარადგინეს, რომელიც მოიცავდა ამბიციურ ფილოსოფიურ ჩარჩოს მომავლის ტოკიოსთვის, იაპონიისა და მთელი მსოფლიოსთვის. 

მანიფესტის თანახმად, თანამედროვე ქალაქები და ინფრასტრუქტურა უნდა ასახავდეს ადამიანურ საზოგადოებას, როგორც ბუნების ნაწილს, მუდმივად ცვალებადს და განვითარებადს, რომელიც ბიოლოგიური სამყაროს გაგრძელებაა. მეტაბოლიზმის მხარდამჭერი არქიტექტორების თვალში, ინფრასტრუქტურა და შენობებიც ცვალებადი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ მათი პროექტები ხშირად “მოდულურია”, როგორც ამას კიონორი კიკუტაკეს 1963 Marine City-ის კონცეფციაში ვხედავთ. 

“მოდულური” არქიტექტურა გულისხმობს მთლიანი სტრუქტურების ისეთი ნაწილებისგან ან მოდულებისგან გაკეთებას, რომელთა გამოცვლაც შესაძლებელი იქნება. Marine City ჩაფიქრებული იყო, როგორც მოდულებისგან გაკეთებული მეგასტრუქტურა, რომელიც თავის მხრივ უჯრედს წააგავს, თავისი კომპლექსური ორგანიზაციით და ორგანელებით. 

სამწუხაროდ, პოსტსაომარი პერიოდის ოპტიმიზმი იაპონიაში, ეკონომიკურ ბუმთან ერთად მინელდა და იაპონელი მეტაბოლისტების მომავლის ხედვები რეალობაში არ განხორციელდა, თუმცა მეტაბოლისტებმა მაინც მოახერხეს რამდენიმე საინტერესო კონსტრუქციის აშენება. ერთ-ერთი ასეთია Nakagin Capsule Tower, რომელსაც ახლა ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს. 

Nakagin Capsule Tower-ის მშენებლობა 1972 წელს დასრულდა და პირველი მეტაბოლისტური საცხოვრებელი კომპლექსი იყო, რომელიც 120 კაფსულისგან შედგებოდა, რომლებიც დროთა განმავლობაში უნდა გამოცვლილიყო. სამწუხაროდ, ტოკიოში უტოპიური მომავალი არ დადგა და ბინის მცხოვრებლებს თავისით მოუწევდათ კაფსულების გამოცვლა, ამიტომ 2012 წლისთვის შენობაში მხოლოდ 30 კაფსულაღა იყო ფუნქციური. 

Capsule Tower-ის პარალელურად კოჩის პრეფექტურაში, აშიზური-უვაკაის ეროვნულ პარკში იოშიკაცუ ცუბოის დიზაინით შექმნილი სადამკვირვებლო კოშკი გაკეთდა, რომელიც ზღვაში ჩადის და დამთვალიერებლებს საშუალებას აძლევს წყალქვეშ თევზებს დააკვირდნენ. სადამკვირვებლო კოშკი, დიდწილად, სწორედ Marine City-ის დიზაინით არის შთაგონებული. 

ამ ეპოქის ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც მეტაბოლიზმით იყო შთაგონებული, კიოტოს საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრია, რომელიც 1966 წელს აშენდა, თუმცა მას შემდეგ “მოდულები” 1985 და 1998 წლებში დაემატა. ნიშანდობლივია, რომ სწორედ აქ მოეწერა ხელი 1997 წლის კიოტოს პროტოკოლს, რომელიც პარიზის შეთანხმებამდე, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ყველაზე ამბიციური საერთაშორისო შეთანხმება იყო. 

დაახლოებით ამავე პერიოდში აშენდა კენზო ტანგეს Yoyogi-ის ეროვნული გიმნაზია, სადაც 1964 წლის ოლიმპიური თამაშები იმართებოდა. აღსანიშნავია, რომ ტანგე მეტაბოლიზმის მოძრაობის ერთ-ერთი ვოკალური მხარდამჭერი იყო და სწორედ ამ სტადიონის ხილვის შემდეგ გადაწყვიტა კენგო კუმამ, რომ არქიტექტორი გამხდარიყო.


მეტაბოლიზმის, როგორც არქიტექტურული მოძრაობის კულმინაცია 1970 წელს Osaka Expo-ზე ვიხილეთ, სადაც წამყვანი მეტაბოლისტი არქიტექტორების დიზაინის ნიმუშები იყო წარმოდგენილი. 

მეტაბოლისტების მოძრაობამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კენგო კუმას შემოქმედებაზეც, რომელიც მუდმივად იყენებს “მოდულობის” იდეას. რაღაც გაგებით, კუმა უკეთ ახერხებს მეტაბოლისტების თავდაპირველი იდეების სრულად გამოყენებას, რადგან თავის დროზე ტექნოლოგია იმდენად განვითარებული არ იყო, რომ მეტაბოლისტების ხედვები ბოლომდე რეალიზებულიყო. 

მიუხედავად იმისა, რომ მეტაბოლისტებმა თავიანთი მასშტაბური გეგმების სრულად განხორციელება ვერ შეძლეს, არქიტექტორებმა ეს თავიდანვე იცოდნენ და მიზნად პირველ რიგში მეტაბოლიზმის ფილოსოფიის პოპულარიზაცია ჰქონდათ დასახული. ამ მხრივ მათ წარმატებას მიაღწიეს, რადგან მეტაბოლიზმის ელემენტები გვხვდება ყველგან - პოპულარული კულტურით დაწყებული, საერთაშორისო კოსმოსური სადგურით დამთავრებული.