70-იანი წლების შოტლანდიაში ტილდა სვინტონი იზრდებოდა სახლში, რომელსაც იტალიელი წარმოშობის ცნობილი ამერიკელი მხატვრის, ჯონ სინგერ სერჟანტის ორი ნამუშევარი ამშვენებდა. ნამუშევრები ტელევიზორის თავზე ეკიდა და პორტრეტზე გამოსახული მკვეთრი გამომეტყველების მქონე ქალბატონი ტილდას წარბაწეული უმზერდა. ეს ქალბატონი მეცო-სოპრანო, მისის ჯორჯ (ელსი) სვინტონი, მსახიობის დიდი ბებია იყო. სანქტ-პეტერბურგში დაბადებულ ელსის საზოგადოებისა და ოჯახის პოზიცია პროფესიონალ საოპერო ვოკალისტად ჩამოყალიბებაში ხელს უშლიდა, თუმცა ბარიერების მიუხედავად, ელსი სვინტონი კომპოზიტორების საყვარელ ვოკალისტად და სალონური საღამოების მასპინძლად იქცა. 

  წინაპრის განსაცვიფრებელმა ისტორიამ ტილდა სვინტონზე დიდი გავლენა იქონია და როგორც თავად აღნიშნავს, იგი მისთვის ჩრდილოეთის ვარსკვლავივით არის, რომლის ნათებაც არასდროს ქრება. სწორედ ამიტომ, დიდი ბებიის, ელსი სვინტონისა და სხვა წინაპრების პატივსაცემად, ტილდა სვინტონისა და ტიმ უოლკერის კოლაბორაცია W Magazine-სთვის ამ თემატიკას მიეძღვნა. დიდი ხნის მეგობრებმა, რომელთაც არაერთი ნამუშევარი და პროექტი აერთიანებთ, ამჯერად შოტლანდიაში გადაინაცვლეს, სადაც სერჟანტის ნახატებისა და სვინტონის წინაპრების ისტორიის გაცოცხლებას შეუდგნენ. 

ტილდა სვინტონს, როგორც მსახიობს, დაკისრებული დავალების შესაბამისად, ასაკისა და სქესის შეცვლის საოცარი უნარი გააჩნია. მისი სახის დახვეწილი ნაკვთები და ფერმკრთალი შეფერილობა გარდასახვის იდეალურ შესაძლებლობას იძლევა, რასაც თან ერთვის მისი სამსახიობო ნიჭი და ოსტატობაც. უოკერთან თანამშრომლობით, გადასაღებ მოედანზე მყოფმა სვინტონმა, ამჯერად თავის ტყუპ ვაჟებთან, ქსავიერთან და ონორთან ერთად, წინაპრების კამერის წინ გაცოცხლების პასუხისმგებლობა შეითავსა, სადაც მოხუც, ულვაშიან გენერლებსა და დახვეწილ ქალბატონებსაც განასახიერებს. პროექტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული ნამუშევარი, სადაც მინის კოლბაში მოთავსებული სვინტონი გენერლის ფორმაში გამოწყობილი მიწაზე წევს და ხელში სამხედრო ქუდი უჭირავს, მსახიობის 1995 წლის ინსტალაციას - The Maybe-ს მოგვაგონებს. Serpentine Gallery-სთვის დადგმული პერფორმანსის ფარგლებში სვინტონი 7 დღის განმავლობაში, ყოველ დღე 8 საათი მინის კოლბაში იყო მოთავსებული.

be3989c2-0504-4935-8c1d-5b4b733551f3-wm202305tila26.jpg.jpg 188.51 KB

 თუმცა, ფოტოსესიის საინტერესო კონცეფციასთან ერთად, პროექტი თავად ტილდა სვინტონისა და მისი ვაჟებისათვის ემოციურად მძიმე აღმოჩნდა. კოლბაში მოთავსებული ჯარისკაცის ფოტომ მსახიობს გარდაცვლილი მამა გაახსენა, რომელიც გენერალ-მაიორის რეგალიას ფლობდა და მეორე მსოფლიო ომშიც მონაწილეობდა. 

 Წარსულისა და წინაპრების მიერ დანატოვარი მემკვიდრეობა მძიმე ტვირთია, რომელსაც სვინტონი და მისი ოჯახი დაუღალავად ზიდავს. დიდი ბებიებისა თუ სხვა წინაპრების დღიურების კითხვა, ამბების შეცნობა და ტელევიზორის მიღმა, კედელზე ჩამოკიდებული პორტრეტები ტილდა სვინტონს საკუთარი გზის მიკვლევასა და შეცნობაში დაეხმარა. სწორედ ამიტომ, უოლკერისა და სვინტონის დუეტის მიერ შექმნილმა კიდევ ერთმა საერთო პროექტმა აწმყოსა და წარსულის მაგია, მათი ინტეგრაცია და ევოლუცია არა მხოლოდ მსახიობის მაგალითზე, არამედ ზოგადი სურათის წარმოსადგენად იდეალურად განასახიერა. 


ფოტო: W Magazine