ბეტიე საარი ამერიკელი შავკანიანი არტისტია, რომელიც 70-იანების Black Arts Movement-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი იყო. თავის პოლიტიკურ შემოქმედებაში საარი ცდილობს არტისტულად აჩვენოს, თუ როგორ აისახება ინსტიტუციური და კულტურული რასიზმი შავკანიანების ცხოვრებაზე. ეს თემატიკა, რომელიც საარის თითქმის ყველა ნამუშევარში იკვეთება, ყველაზე ნათლად პირველად მის 1969 წლის ნამუშევარში, Black Girl’s Window-ში გამოჩნდა, სადაც ვხედავთ შუშაზე აკრულ შავ სილუეტს, რომელიც სამყაროს ფანჯრიდან უყურებს. სამყარო, რომელსაც შავკანიანი გოგო უმზერს, რასისტული სიმბოლიკით არის დატვირთული, მომენტალურად შესამჩნევია ფსევდომეცნიერული ფრენოლოგიური ილუსტრაცია, რომელიც “აჩვენებს”, რომ თეთრკანიანებს უკეთ განვითარებული ტვინი და კოგნიტური უნარები აქვთ. ამასთანავე, Black Girl’s Window, რომელიც დევიდ ჰამონსის Black Boy’s Window-თია შთაგონებული, საარის პირადი ასტროლოგიური რუკასავითაა, სადაც მისი თვალით დანახულ სამყაროში ვიხედებით. ფანჯრიდან დანახული სამყაროს მოტივი საარის შემოქმედებაში ხშირად გვხვდება. მაგალითად, Nine Mojo Secrets-ში არტისტის თვალით აღქმული სამყარო ისევ ფანჯრიდან ჩანს და აქაც ვხვდებით სხვადასხვა სიმბოლოებს, რომლებიც ამ შემთხვევაში აფრიკულ კულტურას ასახავს, აფრიკულ რელიგიურ ცერემონიებსა და არტეფაქტებს, რომლებიც აფრიკულ კულტურაში გამოიყენებოდა: ხორბალს, ბუმბულებს და ა. შ. Nine Mojo Secrets-ის შემდეგ, საარი ხშირად იყენებს აფრიკის კონტინენტზე გავრცელებულ შამანურ და ოკულტურ სიმბოლიკას. ამის შთაგონების წყარო საარისთვის 1970 წელს Natural History Museum-ში ვიზიტი გამოდგა, სადაც აფრიკის კონტინენტიდან მოპოვებული არტეფაქტები იყო წარმოდგენილი.
საარის თქმით, მსგავსი სიმბოლიკის დანახვა რაღაცნაირ უსიამოვნო გამოცდილებას ტოვებს, რადგან გროტესკულ არტეფაქტებს - ძვლებს და უცნაურ კონსტრუქციებს - რაღაც მისტიკური აურა აქვთ და ამიტომ, არტისტი ასეთ სიმბოლოებს განგებ იყენებს, რათა ერთგვარი შიში დათესოს მათში, ვინც აფრიკული კულტურის განადგურებას ან დამონებას ისახავს მიზნად. საარი ერთ-ერთი პირველი არტისტია, რომელმაც რასისტული სტერეოტიპების და ნარატივების გამოყენება რასიზმის და კოლონიალიზმის საპირისპიროდ დაიწყო. რასისტული სტერეოტიპების მიზანია, მოძალადეებს მისცეს ნარატივის წარმართვის საშუალება, რეპრესირებულ ჯგუფებს კი მიანიჭოს დამამცირებელი იდენტობა და ამ შემთხვევაში შავკანიანები წარმოაჩინოს, როგორც “უცხო”. თუმცა საარი თავის შემოქმედებაში აჩვენებს, რომ რასისტული იარლიყების მორგებით და ხელოვნებაში გამოყენებით, ძალაუფლება რეპრესირებულთა ხელში გადადის. მსგავსი ფილოსოფიით არის შთაგონებული ამერიკის ჰიპ-ჰოპ კულტურაც, სადაც არტისტები მათ მიმართ გამოყენებულ რასისტულ ტერმინოლოგიას ყოველდღიურობაში ხმარობენ და არტისტულ მედიუმში სრულად იყენებენ “განგსტერების” და სხვა სტერეოტიპებს. ამ ნარატივს კარგად ვხედავთ The Liberation of Aunt Jemima-ში და მის Washboard-ის სერიაში, Keepin’ it clean.
სარეცხი დაფების გარდა, საარი ხშირად იყენებს ყოველდღიურ ნივთებს, რომლებიც აფროამერიკელი ქალების ცხოვრებაში იჩენდნენ თავს და ხშირად მათი დისკრიმინაციის ინსტრუმენტებად გამოიყენებოდა. We Was mostly ‘about Survival-ში საუთოო დაფაა გამოყენებული, Loss of Innocence-ში კი საქორწინო კაბა და თოჯინას სკამი, რომელიც სხვა ბევრ ნამუშევარშიც გვხვდება.
ბეტიე საარის შემოქმედება ადამიანების ძალიან ბნელ მხარეს წარმოაჩენს, თუმცა ხაზს უსვამს ოპტიმიზმს, რომელიც არ ქრება ყველაზე სასტიკი რეპრესიების დროსაც კი. ამიტომ საარის შემოქმედებას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თანამედროვე აფროამერიკულ შემოქმედებაში, სადაც საარისეული სენტიმენტები დღემდე პოპულარულია.
დაწერე კომენტარი