20 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამას კინემატოგრაფისტებისთვის: მასტერკლასებს, დისკუსიებს და პრეზენტაციებს.
ფესტივალზე ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი და საუკეთესო ოპერატორი. გამარჯვებულები კი ფესტივალის მთავარ პრიზს - ოქროს დინოზავრს მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი გამოშვების “ქვეყანა ფოკუსში” ჩეხეთი იქნება და მაყურებელი - “ჩეხეთის ცენტრი თბილისში” მხარდაჭერით - იხილავს ჩეხური ახალი ტალღის ფილმებს. ამასთანავე, მოეწყობა ბელგიელი რეჟისორის, შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენება, რითაც ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს კინემატოგრაფისტ ქალთა ღვაწლს.
ფესტივალზე ტრადიციულად ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა და გაიმათება ახალი ტალღის ქართველი დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები: ანა ძიაფშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის “ჯადოსნური მთა”, ლუკა ბერაძის “ღიმილიანი საქართველო” და გიორგი ვარსიმაშვილის “სასტუმრო მეტალურგი”.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფესტივალზე ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში - “საქანიმა” წარმოადგენს ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმებს.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა “ვორქშოპებიც”, სადაც უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობენ. “რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნოს” გაუძღვებიან რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი. კინოკრიტიკის სახელოსნოს კი ფილოსოფოსი და კრიტიკოსი დანა ლინსენი ჩაატარებს, ხოლო კინოოპერატორების საერთაშორისო სახელოსნოს - კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციის - IMAGO-ს და Dedo Weigert Film GmbH-ის მხარდაჭერით - უცხოელი და ქართველი გამოცდილი კინოოპერატორები გაუძღვებიან.
ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების მესამე კინოფესტივალი კიდევ იმიტომაა განსაკუთრებული, რომ 2023 წელს ქართულ კინოს, 115-ე საიუბილეო წელი შეუსრულდა.
დაწერე კომენტარი