ფილმების გადაღება, შეიძლება ითქვას, სკეიტკულტურის განუყოფელი ნაწილია. სკეიტერებმა თავიდანვე დაიწყეს VHS კომპილაციების გაკეთება, დღეისათვის კი რეჟისორები ამ თემასთან დაკავშირებით არაერთ ბრენდთან ერთად ქმნიან ნამდვილ, ცოცხალ, ამაღელვებელ დოკუმენტურ ფილმებსა და რეკლამებს. Hammock Magazine სკეიტკულტურის შესახებ 7 მოკლემეტრაჟიან ფილმს გთავაზობთ:
1. 7HILLS
რეჟისორ სტენლი ბრუკის სიუჟეტი იორდანიაში, ამანის პირველ სკეიტპარკში ვითარდება. გამომდინარე იქიდან, რომ იორდანიის მოსახლეობის 40% ლტოლვილია, შეიქმნა სივცე, სადაც თანხის გადახდის გარეშე, წარმომავლობის მიუხედავად, პარკში დროის გატარება ყველას შეუძლია. ეს არის უსაფრთხო, რეკრეაციული გარემო, სადაც სომალელი, სირიელი, სუდანელი, პალესტინელი და სხვა ქვეყნებიდან ჩასული ლტოლვილებისათვის უფასო სკეიტგაკვეთილები ტარდება. ფილმში, რომელიც ლტოლვილი ბავშვების იორდანიულ ისტორიას ჰყვება, გამოყენებულია ადგილობრივი რეპერის - Shbash-ის მუსიკაც, რაც ამ ქვეყნის თანამედროვე კულტურას პოპულარიზაციაში ეხმარება.
2. LOOK AT ME
იქამდე, სანამ რეჟისორი და სკეიტერი - ბინგ ლიუ თავის ოსკარზე ნომინირებულ დოკუმენტურ ფილმს - Minding The Gap-ს გადაიღებდა, მან თავისი ხელით გადაღებული ვიდეონაკრები შექმნა, რომელიც ჩიკაგოს სკეიტსცენებს ასახავს. ლიუ გორგოლაჭებით მოხეტიალე ახალგაზრდების ცხოვრების სტილს ნამდვილად უნიკალურად წარმოგვიჩენს. Look At Me არა მარტო იმ სკეიტერებს გვიჩვენებს, რომლებსაც სხვადასხვა ტრიუკების კამერაზე აღბეჭდვა უნდათ, არამედ იკვლევს იმ ახალგაზრდა ფოტოგრაფებისა და დამწყები რეჟისორების პოზიციებს, რომლებიც ობიექტივის წინ არ ჩნდებიან.
ეს არის ფილმი სკეიტერი ქალების შეუპოვარ ნიჭსა და ხასიათზე. მასში პირველი პროფესიონალი სკეიტერი ქალის სტატუსის მქონე ელისა სთიმერის, ასევე ნორა ვასკონსელოსის (პირველი სკეიტერი ქალი, რომელმაც Adidas-ის კამპანიაში მონაწილეობა მიიღო), ლიზი არმანტოსა (პირველი ქალი, რომელმაც 360-გრადუსიანი ბრუნვით ე.წ. მარყუჟი წარმატებით შეასრულა) და ჯეიმი რეიესის (ჰონოლულუს ერთ-ერთ საუკეთესო სკეიტერი) თავბრუდამხვევი კადრებია თავმოყრილი.
4. EPICLY PALESTINE’D: THE BIRTH OF SKATEBOARDING IN THE WEST BANK
პალესტინის დე ფაქტო დედაქალაქი რამალაჰი. ეს დედამიწის ის ადგილია, სადაც სკეიტბორდის შეძენა შეუძლებელია. ფილმი იმ რეალობას ასახავს, რომელშიც სკეიტით სრიალი პალესტინის სამხედრო ოკუპაციიდან ერთგვარ თავის დასაღწევ საშუალებად გვევლინება. სკეიტბორდინგი პალესტინის ტრადიციული საზოგადოებისათვის ადვილად მისაღები არასდროს ყოფილა, ამიტომ სპორტის ამ სახეობას ახალგაზრდებიც კი ისე აღიქვამენ, როგორც უცნაურს.
5. SAINT DENIS
Saint Denis - ეს ფილმია, რომელიც პროფესიონალი სკეიტერის, დენის ლინის კლასიკური ვიდეოებისგან განსხვავებით, ექსტრემალურ კადრებს გვიჩვენებს. მთავარი გმირი ყოველთვის საუკეთესო ამპლუაში არ წარმოგვიდგება. პირიქით, ფილმში მისი მავნე მხარე წინა პლანზეა წამოწეული. საინტერესოა ისიც, რომ ლინის ეს ხასიათი ბევრ კარგ სკეიტერს ახასიათებს. საერთო ჯამში, ნამუშევარი არა მარტო დენისის “დრაივსა” და ნიჭზე მოგვითხრობს, არამედ იგი რთული სიტუაციებიდან გამოსავლის პოვნის კარგ მაგალითადაც გვევლინება.
6. DEATHBOWL TO DOWNTOWN „SOUL ARTISTS“
დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით Deathbowl To Downtown “Soul Artists”, 70-იანების ნიუ-იორკის ერთ-ერთი სკეიტერების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც ქალაქი თავიანთ სათამაშო მოედნად გარდაქმნეს. მათ ბრონქსის მიტოვებული აუზი - Deathbowl, ფაქტობრივად თავიანთ „სახლად“ აქციეს. დროთა განმავლობაში კი სწორედ ისინი გახდნენ პირველი სკეიტერები, რომლებმაც ნიუ-იორკის ქუჩებში სკეიტებით პირველად ისრიალეს. ეს არის ისტორია, თუ როგორ შექმნა სკეიტჯგუფმა „მათი ხელოვნებიდან“ ტანსაცმლის ბიზნეს-ბრენდი.
ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჰავანას ელფერებსა და მის კულტურას სკეიტერის თვალით წარმოგვიდგენს. მინიმალური ფულადი სახსრებით ახალგაზრდები ვერ ახერხებენ ახალი სკეიტების შეძენას, რის გამოც Cuba Skate ადგილობრივ სკეიტერებს მათ შექმნაში უსასყიდლოდ ეხმარება. ფილმის რეჟისორი ზაკ მაკი მსგავსი პროექტების პოზიტიურობას წარმოგვიდგენს და გვიმტკიცებს, რომ სკეიტულტურას თავისუფლებისა და თვითგამოხატვის ფორმით თავის გადარჩენა ყველგან შეუძლია.
დაწერე კომენტარი