1913 წლის 27 ივნისს კანადაში, ოდესიდან კვებეკში ემიგრირებული რუსი ებრაელების ოჯახში ფილიპ გოლდშტეინი დაიბადა, მომავალი მხატვარი, რომელმაც მე-20 საუკუნის მხატვრობაში უდიდესი გარდატეხა შეიტანა. 1935 წელს მხატვარმა გვარი გასტონად გადაიკეთა, რადგან ფიქრობდა, რომ მისი მეგობარი გოგონას ოჯახს ებრაული წარმოშობის ბიჭი არ მოეწონებოდა. 1919 წელს წელს 6 წლის ფილიპი ოჯახთან ერთად კალიფორნიაში, კერძოდ, ლოს-ანჯელესში გადასახლდა, თუმცა იმ დროს კუ კლუქს კლანის გამეფებულმა რეგულარულმა აქტივიზმმა და მათ მიერ ებრაელებისა და შავკანიანების მუდმივმა დევნამ ფილიპ გასტონის მამა 1923 წელს თვითმკვლელობამდე მიიყვანა. 10 წლის გასტონი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც მამის უსულო ცხედარი ფარდულში იპოვა. 

6d2046c27ecd827441d686fef2dc2a8a7e450e39-2048x1400.jpg.jpg 286.82 KB
ფილიპი ხელოვნებით პატარა ასაკში დაინტერესდა, მისი კომიქსი 13 წლის ასაკში კი Los Angeles Times-ის საბავშვო რუბრიკაშიც გამოქვეყნდა. Მხატვრობისა და ხელოვნების მიმართ გამოხატული გამძაფრებული ინტერესისა და ამ სფეროში ნიჭის გამომჟღავნების გამო, დედამ ფილიპი კლივლენდის School of Cartooning-ში ფერწერის კურსზე ჩაწერა, 14 წლის ასაკში კი ლოს-ანჯელესის Manual Arts High School-ში ჩაირიცხა, სადაც ჯექსონ პოლოკს დაუმეგობრდა.

წარმოშობისა და ეროვნების გამო გამუდმებული დევნით გამოწვეულმა პროტესტმა და ოჯახის წევრის გარდაცვალებით მიღებულმა ტრავმამ მალევე იჩინა თავი მხატვრის შემოქმედებაში. მისი პირველი ფრესკები და ნამუშევრები ამერიკაში მძვინვარე რასიზმსა და საზღვარგარეთ მიმდინარე ომებს ასახავდა. დაგროვილი პროტესტის გამოხატვის პირველივე მცდელობიდან მუშაობა თანატოლ ამერიკელ მხატვართან, რუბენ ქედიშთან, ერთად დაიწყო. 1932 წელს ცნობილ სკოტსბოროს ბიჭების სასამართლო პროცესის ფარგლებში 9 უდანაშაულო აფრიკელი ბიჭის მხარდასაჭერი მურალი და 1934 წელს კი მექსიკაში, კვლავ ქედიშთან ერთად, 93 კვადრატულ მეტრ კედელზე მისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ფრესკა - The Struggle Against Terror შექმნა. ახალგაზრდა არტისტმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში მურალი კუ კლუქს კლანის წევრებსაც მიუძღვნა - ფრესკაზე შავკანიანი მამაკაცი კლანის წევრს სცემს, რაც იმ პერიოდში მხატვრის საკმაოდ თამამი და უშიშარი გადაწყვეტილება აღმოჩნდა რეჟიმთან დასაპირისპირებლად. თუმცა, ლოს-ანჯელესის პოლიციამ ნამუშევრები მალევე გაანადგურა. 

ახალგაზრდა ასაკში რასიზმის მსხვერპლი თანატოლების მხარდასაჭერად შექმნილ მურალებს, მოგვიანებით ნაცისტური რეჟიმის სისასტიკისა და ვიეტნამის ომის წინააღმდეგ შექმნილი ნამუშევრები მოჰყვა. 70-იან წლებში იგი ბავშვობის გატაცებას, კარიკატურების სიყვარულს დაუბრუნდა და პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს კარიკატურების სერია მიუძღვნა, რომელსაც “ღარიბი რიჩარდი” უწოდა. რიჩარდ ნიქსონისა და მისი ადმინისტრაციისათვის მიძღვნილი ნამუშევრები მხატვრის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა და საზოგადოებამ იგი პირველად მხოლოდ 2001 წელს იხილა. თუმცა, კარიკატურების გარდა, უოტერგეიტის სკანდალისა და პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, გასტონმა მოვლენებს ნამუშევარი San Clemente მიუძღვნა. 

ფილიპ გასტონს გამორჩეულ არტისტად მის შინაარსობრივად ღრმა და საინტერესო ნამუშევრებთან ერთად, შემოქმედებითი მრავალფეროვნებაც აქცევს. იგი არ ქმნიდა ხელოვნების მხოლოდ ერთ სტილსა და მიმართულებას. მან საკუთარი თავი სიურრეალიზმისა და ავანგარდის მიმართულებაშიც გამოსცდა, წარმატებას მიაღწია აბსტრაქციაშიც, თუმცა მოგვიანებით კვლავ ფიგურებით მხატვრობას დაუბრუნდა, რასაც კრიტიკოსებისა და მისი მხატვარი მეგობრების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა. ისინი გასტონს მოღალატედ თვლიდნენ, რადგან აბსტრაქტული სტილი უკან მოიტოვა. მიუხედავად იმისა, რომ ფილიპ გასტონის თითოეული ნამუშევარი მოდერნიზმის გამოძახილია, იგი აღმერთებდა რენესანსის ეპოქის მხატვრობას, განსაკუთრებით პიერო დელა ფრანჩესკას და ხშირად სწორედ იტალიელი მხატვრის შემოქმედება მისი ნამუშევრების მთავარ შთაგონების წყაროს წარმოადგენდა. თუმცა, თითოეული მხატვრული სტილის მიუხედავად, გასტონის მიერ შექმნილი ხელოვნება გამოხატავდა იმას, თუ რა სისასტიკის, ბოროტებისა და ტრაგედიის წინაშე იდგა სამყარო.

 გასაოცარი ნიჭისა და ოსტატობის გარდა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული არტისტი თაობებისათვის ინოვაციური, პროვოკაციული, უშიშარი და თავისუფალი მხატვრობის სიმბოლოდ იქცა. ემიგრაციამ, მამის თვითმკვლელობამ და სამყაროში გაბატონებულმა სისასტიკემ გასტონის შემოქმედება გამოკვება და მისცა მას შესაძლებლობა შეექმნა დიდებული ხელოვნება, რომელიც საზოგადოებისათვის ბოროტების დანახვისა და მასთან დაპირისპირების იარაღად იქცა. 


ფოტო: National Gallery of Art, ArtForum, Hauser & Wirth, Tate, The Paris Review, The Independet, The New York Times