20 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, TBC Concept-ის და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კინოთეატრ “საქართველოში” მაყურებელი მრავალფეროვან პროგრამას იხილავს. ფესტივალზე, საკონკურსო პროგრამის პარალელურად, ტრადიციულად ნაჩვენები იქნება ახალი და ძველი დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. გარდა ამისა, წლევანდელი გამოშვების - “ქვეყანა-ფოკუსის” ფარგლებში უჩვენებენ ჩეხური ახალი ტალღის და ბელგიელი კინემატოგრაფისტის, შანტალ აკერმანის კინოს. ფესტივალის დაწყებამდე ცოტა დრო რჩება და თუ ჯერ არ იცით რას უყუროთ, ამ სტატიაში იხილავთ რეჟისორი ლუკა ბერაძის და პროდიუსერების თეკლა მაჭავარიანისა და ირინა გელაშვილის იმ ფილმების რეკომენდაციებს, რომლებიც ქუთაისის მესამე საერთაშორისო კინოფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.
ქუთაისის კინოფესტივალი ჩემთვის არის…
თეკლა მაჭავარიანი:
იმედი, რომ თავისუფალი ქართული კინო გააგრძელებს არსებობას და მაყურებლამდე მისვლას.
ლუკა ბერაძე:
ძალიან საინტერესო, ახალი და მნიშვნელოვანი მოვლენა, სადაც ბევრი საინტერესო ფილმის ჩვენება, მასტერკლასი და ვორქშოპები ჩატარდება.
ირინა გელაშვილი:
ნაბიჯი მომავლისკენ…
ის, რაც არ მინახავს და ძალიან მაინტერესებს…
თეკლა მაჭავარიანი:
ქართული პანორამის ფილმები. მოკლემეტრაჟიანების ნახვა ყოველთვის მნიშვენლოვანია, რადგან სწორედ ამ დროს შეიძლება აღმოაჩინო ძალიან საინტერესო ახალგაზრდა ავტორები.
ლუკა ბერაძე:
ფესტივალის პორგრამიდან რაც არ მინახავს და მაინტერესებს, სწორედ ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებია.
ირინა გელაშვილი:
ანიმაციური ფილმი, მიტოვებული სოფელი, რომელზეც ძალიან ბევრი მსმენია.
ფილმი, რომელსაც დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ ვნახავდი…
თეკლა მაჭავარიანი:
ჩემი დღევანდელი განწყობიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვნახავდი შანტალ აკერმანის 'ზარმაცი ქალის პორტრეტს".
ლუკა ბერაძე:
ძალიან მაინტერესებს ანნა ძიაპშიპას დოკუმენტური ფილმი“ავტოპორტრეტი ზღვაზე” და გიორგი თავართქილაძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ამაღლება”.
ირინა გელაშვილი:
ვნახავდი “ღიმილიან საქართველოს” და ქართულ ანიმაციურ ფილმს - “ქაღალდის თვითმფრინავი”.
სამი თანამედროვე ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ ქუთაისის კინოფესტივალზე…
თეკლა მაჭავარიანი:
მაყურებლებს ვურჩევ იხილოს სამი ძალიან საინტერესო დოკუმენტური ფილმი, მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის “ჯადოსნური მთა”, ლუკა ბერაძის “ღიმილიანი საქართველო” და ანნა ძიაპშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”.
ლუკა ბერაძე:
ყველას ვურჩევ ანნა ძიაპშიპას "ავტოპორტრეტი ზღვარზე", ასევე გიორგი თავართქილაძის “ამაღლებას” და მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის "ჯადოსნური მთას". ასევე, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა ვახსენო ლანა ღოღობერიძის “დედა-შვილი, ან ღამე არ არის არასდროს ბოლომდე ბნელი”.
ირინა გელაშვილი:
პირველს ალბათ ვურჩევდი “კატოს სიზმრებს” - ძალიან საინტერესო ანიმაციური ფილმია, რომელიც მამა-შვილის დოკუმენტურ ჩანაწერებზეა დამყარებული, და სამი წლის კატოს კეთილ და ბოროტ სიზმრებში გვამოგზაურებს. მაყურებელს ასევე ვურჩევდი იხილოს გიორგი თავართქილაძის “ამაღლება” და მარადია ცაავას დოკუმენტური ფილმი “ოცნების ქალაქი”.
დაწერე კომენტარი