ქუთაისში სულ მალე ამ ქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალი დაიწყება, სადაც მაყურებელს კინოთეატრ „საქართველოში“ უამრავი აქამდე უცნობი და კარგად ნაცნობი ქართული და უცხოური ფილმის ჩვენებები ელოდება. ფესტივალის მხარდამჭერი ტრადიციულად თიბისი კონცეპტია, რომელიც კინოფესტივალის პერიოდში თავის მომხმარებლებს არაერთ საინტერესო შეთავაზებას უმზადებს, მათ შორის ზოგიერთ იმ კაფეში, რომელსაც ამ სტატიის მთავარი გმირი ესმა ხეცურიანი გვირჩევს. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები კაფეებსა და რესტორნებში: „პაოლო“, “დები” “ჰოეგარდენი”, “მიო ჯელატო”, Cherry, „სახლში“, “თეთრი ქვები”, “პალატი” და “სთორი” Mastercard-ით გადახდისას, 30%-იანი ქეშბექს, მაქსიმუმ 100 ლარის ოდენობით მიიღებენ. ინტერიერის დიზაინერი ესმა ხეცურიანი, რომელიც ქუთაისის წარსულს, ისტორიას და თანამედროვე ცხოვრების სტილს ზედმიწევნით კარგად იცნობს,
ამ ჩამოთვლილი ადგილების გარდა ქუთაისის სხვა წერტილებშიც გაგვიწევს საინტერესო მეგზურობას.
ბოლო დროს აღმოჩენილი საყვარელი ადგილი ქუთაისში…
მწვანეყვავილასაკენ მიმავალი რიონის სანაპირო.
თქვენთვის საყვარელი ღვინო, რომელიც ამ მხარესთან ყველაზე მეტად ასოცირდება…
შალვა ხეცურიანის იმერული თეთრი ღვინოები - 25 წელია, მეც ყოველთვის ვმონაწილეობ შიდა დეგუსტაციებში - მარანი, რომელიც ქუთაისის ერთ-ერთ ძველ უბანშია.
მთავარი ადგილები ქუთაისში საუკეთესო ღვინის და კერძების დასაგემოვნებლად...
დები - თითქოს აქ ყოველდღიურად რაღაც ფილმის სიუჟეტი ვითარდება ქუთაისზე. გარემო, მუსიკა, გასტრონომია... გარდა ღვინოებისა, ფანტასტიკური საკუთარი ჭაჭა აქვს მარიკას - ამას ისე ვამბობ როგორც ჭაჭის მოყვარული.
სახლში - მდიდარი ღვინის ბარათი აქვთ გიზოს და ხათუნას - რიონის პირას, იმ ქუთაისურ პეიზაჟებში მათი მორთმეული თეკლას პეტნატი განსაკუთრებით დამამახსოვრდა.
პაოლო - ცისფერყანწელების ისტორიასთან დაკავშირებული კონცეპტუალური სივრცე - ამ დიზაინ-პროექტზე ჩემთვის მუშაობა ძალიან ემოციური იყო - ღვინის ძველი ეტიკეტების კოლექციით.
ლილესთან - როგორ იგრძნობა, რომ აქ უყვართ ქუთაისი, მუდმივი ინოვაციები გასტრონომიაში და საინტერესო „ღვინის შეხვედრები“.
სთორი - ქუთაისის მშვენების - მუსიკოს ციცინო თოდუას ოჯახის არაჩვეულებრივი შვილების მართლა გემრიელი ადგილი.
პალატი - ჩემთვის პირველები იყვნენ იმდროინდელ ქუთაისში, გემრიელი და გემოვნებიანი, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ამდენი წელია ინარჩუნებენ ხარისხს. სხვათა შორის, ყველანი ხეცურიანის სომელიეს სკოლის სტუდენტები არიან.
დავამატებდი სორმონს, ანუ ვალოდია მაღლაკელიძის დუქანს - სოფლის გასტრონომიით, ეზოში დუდუკით და არღნით, მე კი - თაფლის სასწაული არყით ხელში. ეს კიდევ სხვა, რაღაცნაირი ქუთაისია.
ქუთაისის მთავარი ღირსშესანიშნაობა…
ჩემი აზრით, ქუთაისი თავად ღირსშესანიშნაობაა... ის, რაც ამ კუთხეს უნიკალურს ხდის... ისტორიაა, თავის მრავალფეროვნებით, რომელიც არცერთ სხვა კუთხეს არ ჰგავს... არგონავტიკა, საკრალური ობიექტები, დავით აღმაშენებელი, ავანგარდი, თეატრი, კინო, მუსიკა, პირველი სკოლის დაფა... რამდენი რამ... ჩვეულებრივი ადამიანური სითბო... ჩემთვის ლამაზი ქუთაისელი ქალბატონებიც ქმნიან ამ უნიკალურობას: ნანა ნაკაშიძე, მარინა შაშიაშვილი, სოფიკო კვეტენაძე, ნარგიზა ხეცურიანი, ტაჩუ ლომინაძე, მარინა ჩხიკვაძე, ნინო ფოჩხუა, ნინო შაშიაშვილი, დალი მანაგაძე, ქეთინო რობაქიძე, სალომე და მაგდა კუპატაშვილები და კიდევ ბევრი და ბევრი... ქუთაისს ყოველთვის ჰყავდა და ეყოლება თავის მერი შერვაშიძე, ვერიკო ანჯაფარიძე, კატო მიქელაძე, დები იშხნელები...
საყვარელი ფესტივალი ან ღონისძიება, რომლისთვისაც ქუთაისში აუცილებლად ჩამოდიხართ…
ჩემი ბავშვობის დღესასწაული არის ორმაისობა - ვერ ვახერხებ ხშირად იმ დროს ჩამოსვლას, მაგრამ... მაინც. გემოფესტიც მომეწონა და მიხარია, რომ ქართული კინოს დაბადების ქალაქში კინოფესტივალი შედგა. წელს, 22 ოქტომბერს ფესტივალზე ნანა ჯორჯაძის და შალვა ხეცურიანის ფილმის, “ღვინის ნულოვანი მერიდიანის” ქუთაისური პრემიერა გაიმართება. თან ფილმში სპიკერები შალვა, რეზო, ანტონი და მაქსიმე ხეცურიანები არიან.
ღვინო, რომელიც კინოს ყველაზე მეტად უხდება...
ყველა ფილმს ალბათ თავისი ღვინო აქვს.
საყვარელი ადგილი ღია ცის ქვეშ...
რიონის სანაპირო, თეთრი ქვები.
ქუთაისში მოგზაურობისას პირველი გაჩერების წერტილი არის...
ჩემი სახლი პაოლო იაშვილის ქუჩაზე.
სასტუმრო, სადაც ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული…
“მემუარი” - ალბათ გასაგებია, რატომაც მიყვარს, მაგრამ, ამავდროულად, ეს ადგილი და „ებრაელების უბანი“ ჩემთვის ჩემი ქუთაისური ბავშვობის მართლა დიდი ნაწილია.
გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობა ქუთაისში…
ჩინური სახლი, რომელიც დღეს ერთ ჩემს მართლა ჩინებულ მეგობარს და ნიჭიერ მსახიობს - ენდი ძიძავას ეკუთვნის.
საყვარელი ადგილი შოპინგისთვის…
ყოველ ჩასვლაზე მაქვს ქუთაისური მეორადი ავეჯის ჩამოვლა.
მიზეზი, რის გამოც ამ ქალაქში მუდმივად ვბრუნდები...
იქ ჩემი ბავშვობაა, და ბოლოს... დედამიწაზე ყველაზე საყვარელი ადგილი ქუთაისში მამაჩემის სახლია, სადაც მე დავიბადე და რიგაში წასვლამდე ვცხოვრობდი. რა ვიცი როგორ გითხრათ, რა არის ჩემთვის ქუთაისი. ალბათ ჩემი დედიკოს და მამიკოს სახლი. იქ, სადაც ჩემი ბავშვობაა…
გარეკანის ფოტო: Mikhail Loskutov
დაწერე კომენტარი