Boulders Resort & Spa არიზონაში, ქალაქ სკოტდეილში მდებარე სასტუმროა, რომელიც 33 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა გაშლილი და არიზონას უდაბნოში ერთგვარი ოაზისია.
სასტუმროს შემოგარენი კლდეებით არის დაფარული, სადაც საათობით შეიძლება სეირნობა, ხოლო მთების კალთებზე გაშლილი მინდვრები არიზონას შტატის ყველაზე შთამბეჭდავი გოლფის მოედნის ფუნქციას ითავსებს.
სასტუმრო დამსვენებლებს მრავალფეროვან სანახაობას სთავაზობს. ნომრები შემდეგი კატეგორიების მიხედვით არის განაწილებული: casitas, ანუ პატარა სახლები, ლუქსები და სხვადასხვა ზომის ვილები.
Casita ტიპის 550 კვადრატული მეტრის ფართობის სახლები ყველაზე პატარა ნომრებია, თუმცა აქ ძალიან კომფორტულად მოთავსდება ერთი ოჯახი. აქ შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ხედებით და დილას პატარა, პრივატულ ტერასაზე შეხვდეთ. ამასთანავე, ყველა “კასიტას” აქვს ბუხარი, სადაც ოჯახთან ერთად სასიამოვნო საღამოების გატარება შეგიძლიათ.
ლუქსის ტიპის ნომრები ძირითადად კორპორაციული შეხვედრებისთვის გამოიყენება, რადგან რამდენიმე საძინებლის გარდა, მისაღები ოთახის ფუნქციას საერთო სივრცე ითავსებს, რომელიც იდეალურია გუნდური მუშაობისთვის.
Boulders Resort-ში ორი ტიპის - სტანდარტული და ექსკლუზიური ვილები ძირითადად ორსართულიანი რეზიდენციებია. მეორე სართულზე მყუდრო საძინებლებია, პირველი სართული კი სამზარეულოს და მისაღებ ოთახს ეთმობა. ექსკლუზიური პაკეტი კი რეალურად ორ ვილას აერთიანებს, რომლებიც საერთო ტერასით უკავშირდება ერთმანეთს და კერძო აუზიც აქვს.
სასტუმროს ტერიტორიაზე რამდენიმე რესტორიანია - Palo Verde, რომელიც სტუმრებს კლასიკურ კერძებს სთავაზობს, Spotted Donkey Cantina-სა და Grill Chicken-ში კი შეგიძლიათ გრილზე შემწვარი უგემრიელესი მექსიკური და ამერიკული კერძები მიირთვათ. ორივე რესტორანს დიდი კომუნალური სივრცე აქვს, სადაც სასიამოვნო წვეულებები ეწყობა, რაც დამსვენებლებს ერთმანეთის გაცნობის და დროის ერთად გატარების საშუალებას აძლევს. ხოლო, Discovery Lounge იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ცოტა ხნით შეიძლება განმარტოება სურდეს. უგემრიელესი მსუბუქი კერძების გარდა აქ შეგიძლიათ მიირთვათ კლასიკური და სპეციალური კოქტეილები.
სასტუმრო დამსვენებლებს არაერთ საინტერესო აქტივობასაც სთავაზობს. მაგალითად, აქ შეგიძლიათ ჩაეწეროთ გოლფის აკადემიაში, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ინსტრუქტორები სპორტის ამ სახეობის ათვისებაში დაგეხმარებიან.
Boulders Resort, Hilton Hotels-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კურორტია და იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, აშშ-ის ბუნების გულში დრო მშვიდად და სასიამოვნოდ გაატაროს.
დაწერე კომენტარი