სტანდარტებისა და კლიშეების გარეშე, თეატრალური და არაორდინალური სტილით გამოირჩევა მუსიკოსი და მსახიობი ეზრა მილერი. წითელ ხალიჩაზე მისი გამოჩენა - სანახაობაა, რომელსაც მოდის კრიტიკოსები თუ მოყვარულები მოუთმენლად ელიან.
ეზრა მეთიუ მილერი 1992 წლის 30 სექტემბერს ნიუ ჯერსიში დაიბადა. 6 წლის ასაკში ეზრამ მუსიკალურ სკოლაში ოპერის შესწავლა დაიწყო. 16 წლისამ სწავლა შეწყვიტა და მალევე მისი სამსახიობო დებიუტი ფილმ Afterschool-ში მთავარი როლის შესრულებით შედგა. ფილმს დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია, მაგრამ ეზრას ნიჭი კინორეჟისორებს არ გამოჰპარვიათ.
Afterschool-ის შემდეგ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ მისი კარიერული აღმასვლა We Need To Talk About Kevin-ის შემდეგ დაიწყო. ფილმი ფსიქოლოგიური თრილერია, სადაც ეზრა ტილდა სუინტონთან ერთად მთავარ როლს ასრულებს. ეზრა ნელ-ნელა გაიცნო ფართო საზოგადოებამ. მან შეასრულა როლები ფილმებში - The Perks Of Being Wallflower, Madame Bovary, Justice League, ასევე 2016 წლის და 2018 წლის Fantastic Beast-ში და ა.შ.
გარდა ამისა, 2011 წელს ეზრა მუსიკალურ ბენდს, Sons of an Illustrious Father-ს შეუერთდა, სადაც დრამერი და სოლისტია.
J.K Rowling-ის ფილმში - Fantastic Beast, იდუმალი ბიჭის - ქრიდენს ბერბოუნის როლი ეზრასთვის ბავშვობის ოცნების ასრულება აღმოჩნდა. როგორც ყველა ბავშვი, ისიც ოცნებობდა ჰარი პოტერის სამყაროს ნაწილი ყოფილიყო. ეზრას სტილში ყოველთვის იყო მაგიური ნარატივები, თუმცა ამ როლის შემდეგ უფრო დიდი დოზით წარმოაჩინა ეს თავისებურება.
მას უყვარს რისკი, არ ადარდებს კლიშეები და კრიტიკა, მისთვის სტილი ხელოვნება და თვითგამოხატვაა, მისი თეატრალური ნიჭის და ამ ყველაფრის ხარჯზე ეზრა მილერი ქმნის 21-ე საუკუნის მოდის აიქონის სახეს. უყვარს თამაში და ყოველ ჯერზე, წითელ ხალიჩაზე თუ ფოტოგადაღებებზე, სამოსით ახალ, საინტერესო პერსონაჟებს გვთავაზობს.
მართალია, ეზრას ყოველთვის გამორჩეული სტილი ჰქონდა, მაგრამ ასეთ იმიჯამდე მისვლა ადვილი არავისთვისაა. საინტერესოა იმ გზის დაკვირვება და თვალის გადავლება, რომელიც ეზრამ აქამდე მოსასვლელად განვლო.
2011 წელი
მისი გზა მოდისკენ სამსახიობო კარიერასთან ერთად იწყება. 2011 წელს ტორონტოს ფილმის ფესტივალზე We need to talk about Kevin-ის პრემიერა შედგა, სადაც წითელ ხალიჩაზე ეზრა - ხავერდის შავი არასტანდარტული კოსტიუმით, ფრინველის ბუმბულით, გულსაბნევზე - სამკუთხედი პრაიდის დროშის ფერებით და წითელი ხელთათმანით წარდგა. მთლიანობაში, ეს სტილი ჯადოქარს ან მსგავს პერსონაჟს გაგახსენებთ. აღსანიშნავია, რომ ეზრა ქვიარია და მისი გულსაბნევი შესაძლოა სწორედ ამის გამოხატვა და ღიად დაფიქსირებაა.
2012 წელი
2012 წლის MTV VIDEO MUSIC-ის დაჯილდოებაზე ეზრა წარდგა კოსტიუმით, რომელიც ყავისფერი და ოქროსფერი დეტალებით იყო გაწყობილი.
იმავე წელს, ამჯერად MTV-ის ფილმების დაჯილდოებაზე, მას ყოველდღიური სამოსი - შავი ჯინსი, წითელი მაისური, ფერადი შარფი და შავი პიჯაკი ეცვა. მაგრამ მთავარი დეტალი, რომელიც ამ ჩვეულებრივ ლუქს გამორჩეულს ხდის, ბუშტია წარწერით - “NOTHING loves you”.
2013 წელი
2013 წელს ეზრამ Another man ჟურნალისთვის, ვილი ვანდერპიერის ობიექტივისთვის იპოზიორა. ჟურნალის შემოდგომა-ზამთრის ნომრის გადაღებულ ფოტოსერიაში, უმეტესად, ვეფხვის ტყავის პრინტი, ვერცხლისფერი სამოსი და ბეწვი ჭარბობს.
2015 წელი
2015 წლის ივლისს ნიუ-იორკში გამართულ ფილმ Trainwreck-ის პრემიერაზე, მას ეცვა შავი პიჯაკი, მუქი წითელი ორნამენტებით, და ჯინსის შარვალი, ასევე ეხურა ქუდი, ამ ჩაცმულობას კი სამკაული სრულყოფდა. აღსანიშნავია, რომ ეზრას ძალიან უყვარს სამკაულები. ამჯერად ის ხისგან დამზადებულ ფერად ყელსაბამს და მწვანე ფერის ქვას ატარებდა.
2016 წელი
2016 წელს Fantastic Beasts and Where to Find Them-ის მსოფლიო პრემიერები მიმდინარეობდა და მას ბევრჯერ მოუწია წითელ ხალიჩაზე გავლა. ალბათ 2016 წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ჩაცმულობა ლონდონის პრემიერაზე შერჩეული სამოსი იყო - ოქროსფერი ორნამენტებით მოქარგული პიჯაკი და თეთრი მაისური, რომელზეც ლეონარდ კოენის სიმღერის - Anthem-ის ტექსტის ფრაგმენტი ეწერა:
Forget your perfect offering
There is a crack, a crack in everything
That's how the light gets in...
2017 წელი
Justice League-ის 2017 წლის პრემიერაზე ეზრა შავი გრძელი კოსტიუმით, ლურჯი ჟილეტითა და თეთრი პერანგით წარდგა. მთავარი დეტალი კი მისი ტუჩსაცხი იყო, რომელიც კოსტიუმის ჯიბეში მოთავსებულ ატლასის ნაჭერთან იყო შეხამებული.
2018 წელი
გასაკვირი არაა, რომ ეზრა მილერის “ბაჭიის ყურებს” საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა. სექსუალური, არაორდინარული, გიჟური, “რაც გვჭირდებოდა და არ ვიცოდით”, “რაღაც, რასაც დიდი ხანი ველოდით” - ეს იმ კომენტარების მცირე ნაწილია, რაც 2018 წელს ეზრა მილერის და Playboy-ის თანამშრომლობას მოჰყვა. ფოტოგადაღებების შემდეგ, ამავე ჟურნალის ეზრასთან ინტერვიუსაც არ მოჰყოლია ნაკლები გამოხმაურება.
მაგრამ, პირველი, რაც ეზრას 2018 წლის ჩაცმულობებიდან გვახსენდება, Playboy-ის ფოტოგადაღება ნამდვილად არაა. ეს არის მისი შავი გრძელი, Moncler-ის და Pierpaolo Piccioli-ს კოლაბორაციით შექმნილი ქურთუკი, რომლითაც ეზრა პარიზში, Fantastic Beasts: The Crimes of Grindelwald-ის პრემიერაზე წარდგა. ამ წლის მეორე, ასევე დაუვიწყარი ლუქი იყო იმავე ფილმის ლონდონის პრემიერისთვის შერჩეული Givanchy-ის სამოსი და ხელის გულებზე წარწერა - “AVADAKEDAVRA”.
2019 წელი
ამ სიაში, რა თქმა უნდა, მისი 2019 წლის Met Gala-ს სამოსიც არ უნდა გამოგვრჩეს. სიურრეალისტური ჩაცმულობა 7 თვალი და საკუთარი სახის ნიღაბი ხელში. სამოსი რიკარდო ტისკს ეკუთვნის და როგორც ეზრამ ახსენა, მას ბევრი უცნაური აზრი აწუხებდა ლუქთან დაკავშირებით და რიკარდომ ზუსტად გაუგო მას.
როგორც უკვე ვიცით, ეზრას უყვარს უცნაური აქსესუარები - ბუმბული, ბუშტი, ნიღაბი… მაგრამ, მაინც ყველას გაგვიკვირდა და თან ძალიან მოგვეწონა მისი აქსესუარი 2019 წლის Dior-ის ჩვენებაზე. მას ერთ ხელში შამპანურის ჭიქა ეჭირა, მეორე ხელში კი, როგორი უცნაურიც უნდა იყოს, კალამი და ფურცლები ჩანაწერების გასაკეთებლად.
დაწერე კომენტარი