სანამ მოდის ინდუსტრიას ნაომი ქემპბელი, ქეით მოსი და 90-იანების საკულტო ტოპ-მოდელები დაიპყრობდნენ, იქამდე იყო ტვიგი, რომელმაც მე-20 საუკუნის 60-იანი წლების სტილის ფორმირება და მსოფლიოს პირველი სუპერმოდელის სტატუსის მიღება შეძლო. ელეგანტურმა და ამავდროულად, განსხვავებულმა თვალის მაკიაჟმა, მოკლედ შეჭრილმა თმამ და სტილის გასაოცარმა შეგრძნებამ ტვიგი გლობალურ სენსაციად და არა მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის, არამედ ათწლეულების მოდის ესთეტიკისა და სტილის განსახიერებად აქცია.
ბრიტანელი მოდელი ლესლი ჰორნბი, რომელიც შემდეგ მსოფლიოს ტვიგის სახელით მოევლინა, პროფესიონალურ სამოდელო ბიზნესში მხოლოდ 4 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. 1966 წელს იგი London’s Daily Express-ის მოდის ჟურნალისტმა აღმოაჩინა და სულ რაღაც 1 წლის შემდეგ Vogue-ს გარეკანთან ერთად მსოფლიოს გარშემო არაერთ ჩვენებას ამშვენებდა. მოდელის სავიზიტო ბარათად ქცეულმა ვიზუალურმა მახასიათებლებმა ტვიგი ლონდონისა და ბრიტანეთის სახედ აქცია, რომელიც თავისუფალ, თანამედროვე და ახალგაზრდულ ეპოქას განასახიერებდა. თუმცა, ვიზუალურ მახასიათებლებთან ერთად ახალგაზრდა მოდელის მიმართ მასშტაბური ყურადღება ფერადმა, ერთი შეხედვით ბავშვურმა სტილმა განაპირობა, რომელმაც მოგვიანებით არა მხოლოდ 60-იანების, არამედ მომდევნო დეკადების მოდის ტენდენციებისა და ბოჰემურ სტილის შთაგონებად იქცა. Hammock წარმოგიდგენთ მოდის ინდუსტრიის პირველი სუპერ მოდელის კულტად ქცეულ ჩაცმის სტილს, რომელმაც სტილისა და ესთეტიკურობის ორიენტირი სრულიად შეცვალა.
მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოდურ ტენდენციად მინი ქვედაკაბები და ე.წ. მერი ჯეინის სტილის ფეხსაცმელი იქცა. ქალთა განმათავისუფლებელი ორგანიზაციების მთელი რიგი მოძრაობების, ქალებისათვის მინიჭებული უფლებებისა და თავისუფლების შემდგომ, მსგავსი სტილის სამოსი გოგონების გარდერობში უფრო ჭარბად გამოჩნდა, რასაც 60-იანი წლების შუა პერიოდში ხელი შეუწყო ტვიგის, როგორც სტილის სიმბოლოს აღზევებამაც. 60-იანი წლების დასაწყისში მოდელი ე.წ. crochete-ს სტილის მინი კაბაში. 1967 წელს მოდელმა სამოდელო ბიზნესში დებიუტის შემდეგ საკუთარი სამოსის ხაზი - Twiggy Dresses შექმნა. ფოტოზე მისი კაბა სწორედ ამ ხაზის სადებიუტო კოლექციიდან არის. Twiggy Dresses-ის სადებიუტო კოლექციიდან მოდელმა ფერადი პრინტით გაფორმებული შარვალი და ბლუზაც მოირგო. ტვიგის სტილის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად 60-იან წლებში ლონდონის აეროპორტში გადაღებული ფოტო იქცა, სადაც მას წითელი ფერის მინი კაბა და ჩექმა აცვია. აპოლო 11-ის მთვარეზე დაშვების ფენომენი მოდის ინდუსტრიაში კოსმოსური ხანის დაწყების საფუძველი გახდა. კოსმოსითა და ასტრონავტების აღჭურვილობით შთაგონებული სამოსი სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდებოდა დიზაინერების კოლექციებში, მათ შორის იყო პაკო რაბანი, პიერ კარდენი და სხვები. ტვიგის სტილი ხშირად ფერად, ახალგაზრდულ სამოსთან ერთად კლასიკურ, უნისექს კომბინაციებსაც მოიცავდა. ქალებისათვის დიდი ზომის პიჯაკებისა და სმოკინგების მორგებამ ნელ-ნელა უფრო მძლავრად იჩინა თავი და მწვერვალს ივ სან ლორენის შემოქმედებაში მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ ტვიგი იყო ყველგან - საფრანგეთსა თუ იაპონიაში - თითქმის ყველა ჩვენებაზე, მას ხშირად უწევდა ფრენა. მისი სამგზავრო სტილი კომფორტული, ელეგანტური და ამავდროულად, მოდერნისტულია, რომელიც იდეალურად ეხმიანება თანამედროვე ტრენდებს. სანამ სარა ჯესიკა პარკერი ჯონ გალიანო Dior-ისათვის შექმნილ გაზეთის პრინტის კაბას მოირგებდა, იქამდე 70-იან წლების ლონდონში ფოტოსესიის დროს ტვიგი სწორედ იმავე პრინტის მქონე კაბას ატარებს. ბეწვის ქურქი და მაღალი ჩექმა, რომელიც ტვიგის 1971 წლის აეროპორტის ლუქის მთავარ მახასიათებელს წარმოადგენდა, მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ წამყვან ტრენდად იქცა. 70-იანი წლების დასაწყისში ტვიგიმ მოდელის კარიერა მიატოვა. სამოდელო ბიზნესიდან წასვლის შემდეგ მისი სტილი მეტად ბოჰემური და ელეგანტური გახდა.
ფოტო: Vogue, i-D, WWD
დაწერე კომენტარი