მოდერნიზმი ტრადიციების, ტრადიციული სტილის, რწმენისა და იდეალებისაგან თავის დაღწევის მიზნით მე-20 საუკუნეში წარმოიშვა. იტალიაში მოდერნისტული მოძრაობის დამკვიდრება თავდაპირველად ფაშისტური იდეოლოგიის გავლენით მოხდა, რომელიც თეორიულად აღმერთებდა იტალიის სიდიადეს და ხელს უწყობდა სიახლის დამკვიდრებას. შედეგად, მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა იტალიურ მოდერნიზმს, რომელმაც არქიტექტურასა და ინტერიერთან ერთად, ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, კინოსა და გასტრონომიაზეც კი იქონია გავლენა.
თუ სახელგანთქმული სკანდინავიური სტილი მინიმალიზმსა და ნეიტრალურ ფერებს აერთიანებს, იტალიურმა მოდერნიზმმა ინტერიერის დიზაინში სხვაგვარად იჩინა თავი. თუ მინიმალიზმისგან თავის დაღწევა გსურთ, თუმცა რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავთ, იტალიური მოდერნიზმი საუკეთესო არჩევანია, რომელიც თამამ და ნათელ ფერებს, მარმარილოს, ხავერდსა და ლითონებს აერთიანებს. ამასთან ერთად, ეს სტილი სხვადასხვა ათწლეულებისა და ეპოქების გავლენის იდეალურ თანხვედრას წარმოადგენს, რის გამოც იტალიური მოდერნიზმი როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ინტერიერის უნიკალურ მაგალითს ქმნის. იტალიურ მოდერნიზმს აქვს უნარი ასახოს თანამედროვე კულტურა, გემოვნება, ცხოვრების სტილი, ადამიანთა მოთხოვნილებები და ტენდენციები, ამიტომ ამ სტილის დიზაინის ნამუშევრები მუდმივად ინოვაციური, კლასიკური, კრეატიული და გემოვნებიანი ვიზუალით გამოირჩევა.
იტალიური მოდერნიზმისათვის აუცილებელია თამამ ფერთა მრავალფეროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერში ნეიტრალური ფერები კვლავ დიდი დოზით რჩება, მნიშვნელოვანია სივრცის მდიდარ ფერთა პალიტრით გაჯერება, რაც უმეტეს შემთხვევაში ავეჯის, ხალიჩებითა და ინტერიერისათვის საჭირო სხვა აქსესუარებით ხდება. გარდა ამისა, იტალიური მოდერნიზმი სისუფთავისა და კომფორტის ბალანსს წარმოადგენს, ის, რაც სხვა სტილის ინტერიერის დიზაინისათვის კომფორტთან ასოცირდება, მაგალითად, ე.წ. სკანდინავიური სტილის hygge-ის იატაკი, ეს ევროპული მოდერნიზმისათვის მიუღებელია. ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო გლუვი ტექსტურა ერწყმის მარმარილოს, ლითონს და სხვა სახის ელემენტებს.
იტალიური მოდერნიზმის ტიპის ინტერიერში გადამწყვეტი როლი ბუნებასა და მცენარეებთან სიახლოვეს ენიჭება. დიდ ფანჯრებთან ერთად, რომლებიც გარე სივრცეს ინტერიერში დიდი დოზით უთმობენ ადგილს, მნიშვნელოვანია შიდა სივრცეში მცენარეების განთავსებაც, რომლებიც სახლისა თუ სხვა სახის შენობის შიდა სივრცეს მეტ მნიშვნელობასა და ხასიათს შესძენენ.
მიუხედავად იმისა, რომ იტალიური მოდერნიზმი აერთიანებს თამამ და ნათელ ფერებს, მისი მოქნილობიდან გამომდინარე, მთავარი მახასიათებელი მრავალფეროვნებაა - როდესაც მინიმალიზმს იდეალურად ერწყმის ფერთა პალიტრა, არაორდინალური ფორმები, სინათლე და ბუნებაც კი. ინტერიერის ეს ტიპი კი ზუსტად ასახავს იტალიის ქაოსურ, თუმცა ღრმა, მრავალფეროვან და კლასიკურ ხასიათს, რომელიც თავს იტალიური მინიმალიზმის სახით იდეალურად წარმოაჩენს.
იტალიურმა მოდერნიზმმა მწვერვალს ინტერიერის დიზაინში ჯიო პონტის, აკილე კასტილიონისა და ჯოე კოლომბოს შემოქმედებაში მიაღწია. მე-19 მე -20 საუკუნეებში მოღვაწე იტალიელი ინტერიერისა და ავეჯის დიზაინერების მომავალზე ორიენტირებულმა ხედვამ ერთი მხრივ საფუძველი ჩაუყარა მოდერნიზმის დამკვიდრებას ინტერიერის დიზაინში, რამაც შემდგომ რევოლუციურად გარდაქმნა საცხოვრებელი სივრცის დაგეგმარება და ვიზუალური აღქმა.
იტალია უძველესი არქიტექტურული ნიმუშების სიმბოლოა, სადაც თავს იყრის არაერთი ეპოქისა და მიმდინარეობის საერო თუ სასულიერო დანიშნულების არქიტექტურული არტეფაქტი. თუმცა, ქვეყანაში მოდერნიზმის დამკვიდრების შემდეგ არქიტექტურა ისტორიას, ბაროკოს, რენესანსისა და გოტიკურ სტილს ნელ-ნელა ჩამოშორდა და 1945 წლიდან თანამედროვე ტენდენციებმა იტალიური შენობა-ნაგებობების იერსახეშიც შეაღწია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმდინარეობის დამკვიდრებიდან ჯერ ერთი საუკუნეც არ გასულა, იტალია მოდერნისტული არქიტექტურული ნიმუშების არაერთ გამორჩეულ ნიმუშს ითვლის, რომელთა მიღმაც ისეთი დიდი არქიტექტორები დგანან, როგორებიც ზაჰა ჰადიდი, რენცო პიანო, სერ ნორმან ფოსტერი და რიჩარდ მეიერი არიან. Hammock წარმოგიდგენთ იტალიური მოდერნისტული არქიტექტურის გამორჩეულ ნიმუშებს, რომლებიც სიძველის სინონიმად აღქმული ქვეყნის ტურისტული თავშეყრის ადგილებად იქცა.
ქალაქ სალერნოს საზღვაო სადგური და ქალაქის საკრუიზო ტერმინალი 2016 წლის 25 აპრილს ოფიციალურად გაიხსნა. 1999 წელს ტენდერში ზაჰა ჰადიდის სტუდიამ გაიმარჯვა და 17 წლის განმავლობაში არაერთი ტენდერისა და ბიუროკრატიული ცვლილების მიუხედავად, საბოლოო სახით ხმელეთისა და ხმელთაშუა ზღვის გასაყარზე აღიმართა. ინოვაციური დიზაინის მქონე საზღვაო სადგური ქალაქისა და ზღვის ურთიერთკავშირს კიდევ უფრო მეტად აძლიერებს. 4500 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ნაგებობა ორ დონესა და სამ დაკავშირებულ ბლოკში რესტორანს, მოსაცდელსა და ბილეთების ოფისს, ადმინისტრაციულ ოფისებს, ბორნებისა და ასევე დიდი საკრუიზო გემების ტერმინალს აერთიანებს. თუმცა, ფუნქციურ დანიშნულებასთან ერთად, უზარმაზარი ვიტრაჟებიდან ვიზიტორებს ამალფის სანაპიროსა და ქალაქ სალერნოს ულამაზესი ხედებით ტკბობაც შეუძლიათ.
Ponte della Costituzione ვენეციის Grand Canal-ზე გადაშლილი მე-4 ხიდია, რომლის დიზაინი და პროექტი ლეგენდარულმა ესპანელმა არქიტექტორმა, სანტიაგო კალატრავამ დააპროექტა. Ხიდი 2008 წელს გაიხსნა და იტალიის კონსტიტუციის 60 წლის იუბილეს აღსანიშნად “კონსტიტუციის ხიდი” ეწოდა. თუმცა, ესპანელ არქიტექტორსა და მის მიერ შექმნილ ნამუშევარს თავდაპირველად კრიტიკის ქარცეცხლის გამოვლა მოუწიათ, რადგან ხიდი ეტლის მოსარგებლეთა საჭიროებების არ აკმაყოფილებდა და მისი მოდერნისტულ-მინიმალისტური სტილი ვენეციის არქიტექტურასთან თანხვედრაში არ იყო, სწორედ ამიტომ 2010 წელს ხიდზე რეკონსტრუქციის სამუშაოები ჩატარდა და დამონტაჟდა შესაბამისი საშუალებები, რაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს გადაადგილებას უადვილებს.
Auditorium Parco della Musica მრავალფუნქციური მასშტაბური სივრცეა, რომელიც მთლიანად მუსიკას ეძღვნება. იტალიელი არქიტექტორის, რენცო პიანოს ნამუშევარი რომის ისტორიული ცენტრისაგან მოშორებით, დაბლობზე მდებარეობს და სამი სხვადასხვა რაოდენობის - 2,800, 1,200 და 700 - ადამიანზე გათვლილ სივრცეს აერთიანებს. გარდა ამისა, მუსიკალურ კომპლექსს გარე ამფითეატრიც აქვს, რომელიც 3000 ადამიანს იტევს. შენობები ერთმანეთისაგან სტრუქტურული თვალსაზრისით არის გამოყოფილი აკუსტიკის გასაუმჯობესებლად და ხმების ჩასახშობად, რათა არ მოხდეს მათი აღრევა. რომში მდებარე იტალიის მოდერნისტული არქიტექტურის გამორჩეული ნიმუში კლასიკური მუსიკისა და სიმფონიური ორკესტრების მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს.
მილანის გარეუბანში, სეგრატეში მდებარე იტალიაში უდიდესი გამომცემლობის, Mondadori-ს სათავო ოფისი ბრაზილიელი არქიტექტორის, ოსკარ ნიმეიერის ყველაზე მნიშვნელოვან ნამუშევრად ითვლება. Palazzo Mondadori, იგივე Mondadori-ს სასახლე, 1970-75 წლებში შენდებოდა კომპანიის რედაქტორის, არნოლდო მონდარორისათვის. Mondadori-ს სასახლე ლანდშაფტის არქიტექტორის, პიეტრო პორცინაის მიერ შექმნილ ხელოვნურ ტბაზეა აღმართული. ხუთსართულიანი თაღოვანი შენობა ოფისებსა და ნიუსრუმებს აერთიანებს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად არქიტექტურულ ნამუშევარს განსაკუთრებულობას თითოეული თაღის განსხვავებაც სძენს. ბეტონის მასიური თაღებითა და შუშებით გაფორმებული ნაგებობა, რომელიც თითქოს წყალზე დგას, მნახველთათვის სიმსუბუქის გასაოცარ შეგრძნებას იწვევს.
ლუიჯი ეინაუდის კამპუსი - ასე ეწოდება ტურინის უნივერსიტეტს, იტალიის მეორე პრეზიდენტის, ლუიჯი ეინაუდის პატივსაცემად. შენობა ბრიტანელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა, ნორმან ფოსტერმა და მისმა სტუდიამ დააპროექტა და ოფიციალურად 2012 წელს გაიხსნა. კამპუსი 45,000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული და შვიდი შენობისაგან შედგება, თითოეული მათგანი კი წრიულად ერთიანდება და ერთიანი თაღოვანი სახურავით არის დახურული. სტრუქტურის მთავარი მახასიათებლები დიდი ფანჯრები და ვიტრაჟებია, რომლებიც ტურინის გასაოცარი ხედებით ტკბობის საშუალებას იძლევა. 2014 წელს CNN-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ტურინის უნივერსიტეტი მსოფლიოს 10 ყველაზე ლამაზ უნივერსიტეტს შორის არის დასახელებული.
2008 წელს პესკარაში “ფუქსას სტუდიოს” მიერ კომპანია De Cecco-ს სათავო ოფისი გაიხსნა, რომელიც 6,300 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. კუბის ფორმის შენობის ქვედა ნაწილს ტალღოვანი, რგოლის ფორმის შეკიდებული სტრუქტურა ამშვენებს, რომელიც მენეჯმენტის ოფისებისათვის არის განკუთვნილი. ნაგებობა გეომეტრიული ფიგურების იდეალურ თანხვედრას წარმოადგენს, რაც მასიმილიანო ფუქსასისა და მისი სტუდიის მიერ შექმნილ სტრუქტურას იტალიის მოდერნისტული არქიტექტურის ღირსეულ ნაწილად აქცევს.
საიუბილეო ტაძარი ან, როგორც მას იტალიელები მოიხსენიებენ, “მოწყალე მამის ტაძარი” რომში, ტორ ტრე ტესტეში მდებარეობს. ტაძარი რომის ამ რაიონის რვა ათას მცხოვრებს ემსახურება. 1996 წელს Chiesa di Dio Padre Misericordioso-ს მშენებლობისათვის კონკურსი გამოცხადდა, რომელშიც ისეთი ცნობილი არქიტექტორები მონაწილეობდნენ, როგორებიც ფრენკ გერი, სანტიაგო კალატრავა და ტადაო ანდო არიან, თუმცა გამარჯვების მოპოვება ამერიკელმა არქიტექტორმა, რიჩარდ მეიერმა შეძლო. გემის ფორმის მქონე ტაძრის სტრუქტურა მაქსიმალურად უშლის ხელს შიდა სივრცეში სითბოს მატებას და აკონტროლებს თერმულ მასებსა და ტემპერატურის ცვალებადობას.
ფოტო: Architectural Digest, Apartment Therapy, The New York Times Styles Magazine, Hommes Studio, Home Magazine
დაწერე კომენტარი