Foe გარეთ დეივისის ახალი sci-fi ჟანრის ფილმია, რომლის სცენარზეც ედვარდსი, იმავე სახელწოდების ნოველის ავტორთან, იეინ რეიდთან ერთად მუშაობდა. ფილმი სირშა რონანის, პოლ მესკალის და აარონ პიერის მონაწილეობით აშშ-ში 6 ოქტომბერს გამოვიდა.
Foe მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილის შესახებ, რომლებსაც ერთი შეხედვით მყუდრო ცხოვრება აქვთ, თუმცა დროთა განმავლობაში მათ ურთიერთობაში ბზარები იკვეთება, მას შემდეგ რაც პოლ მესკალის პერსონაჟი, ჯუნიორი შეიტყობს, რომ კოსმოსურ სადგურზე უნდა გააგზავნონ, მის მაგივრობას სირშა რონანის პერსონაჟისთვის, ჰენრიეტასთვის რობოტი შეასრულებს. გარეთ დეივისის ახალი ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკაში გავრცელებულ ნარატივებს იკვლევს, როგორიცაა იდენტობა და ურთიერთობები ტექნოლოგიის ეპოქაში. ამასთანავე, Foe ფსიქოლოგიური ტრილერიცაა, სადაც მაყურებელი სამი პერსონაჟის - ჰენრიეტას, მისი მეუღლის, ჯუნიორის და აარონ პიერის პერსონაჟის, ტერანსის უჩვეულო ურთიერთობას ადევნებს თვალს.
ფილმი რეიდის იმავე სახელის ნოველის ადაპტაციაა, რომლის მოქმედებებიც 2065 წელს ვითარდება. რეჟისორის თქმით, “Foe რეალურად ერთდროულად ორი ფილმია… ამის გადაღება ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო”. აღსანიშნავია, რომ Foe იეინ რეიდის მეორე ნოველის ადაპტაციაა. ჩარლი კაუფმანის 2020 წლის ფილმი - I’m thinking of ending things რეიდის იმავე სახელწოდების წიგნის სიუჟეტს მიჰყვება.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კინოკრიტიკოსისთვის Foe-ს სიუჟეტი ზედმეტად გაურკვეველი აღმოჩნდა, განსაკუთრებული ქება დაიმსახურეს მესკალმა და რონანმა თავიანთი როლებისთვის. ამასთანავე, კრიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ Foe-ს შესანიშნავ კინემატოგრაფიაზე, რომელიც იდეალურად გადმოსცემს ფილმის განწყობას და პერსონაჟების შინაგან სამყაროს.
დაწერე კომენტარი