მიუხედავად იმისა, რომ, მაგალითად, “ჰორორ-ფილმებს” ხშირად უბრალოდ საშიშ ფილმებს ეძახიან, მსგავსი თარგმანი არასწორად აღწერს თავად “ჰორორის” არსს, რომელიც მრავალ მედიუმში იკვეთება და ძალიან ბევრ ემოციას, მათ შორის - შიშს, უკავშირდება. ჰორორის შეგრძნებას შემოქმედებაში ისეთი ესთეტიკა ბადებს, რომელიც უცნაური ან მოულოდნელია. ისევ ფილმების ანალოგიას რომ მივყვეთ, ამ ჟანრში ანტაგონისტები ხშირად არიან უჩვეულოდ მაღლები, უჩვეულოდ გაფითრებული კანით და არამხოლოდ. მთავარი აქ სწორედ “უჩვეულობაა”, ანუ რაღაც, რაც ჩვენს მოლოდინს არ ამართლებს. გასაკვირი არაა, რომ მსგავს მოტივებს კინოს გარდა, შემოქმედებაში ყველგან ვხვდებით და სწორედ ამ მხრივ შეგვიძლია განვმარტოთ, რა არის ჰორორი არქიტექტურაში. ერთ-ერთი პირველი “უჩვეულო” ესთეტიკური მოტივი არქიტექტურაში პატარა მასშტაბისთვის შექმნილი კონსტრუქციების უჩვეულოდ გაზრდა იყო. მაგალითად, ჩიკაგოში, სოლომონ ს. ბემანის ვაშინგტონ პარკში აშენებული ტრიბუნა დოღის მაყურებლებისთვის, რომელიც სუბურბიის სახლს ჰგავს, თუმცა ტრადიციულად პატარა პროპორციები ძალიან არის გაზრდილი.
ზოგადად, ჰორორში უცნაურ პროპორციებს და ზომას დიდი დატვირთვა აქვს. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ გარკვეულ არქიტექტურულ მოტივებს ხშირად ვხვდებით სხვადასხვა ჰორორ-ფილმებში ან თანამედროვე ინტერნეტ-კულტურაში. ერთ-ერთი ასეთი მოტივია, გამეორება და რაკურსი: როცა ერთი და იგივე ობიექტი ან დიზაინის ელემენტი თითქოს უსასრულოდ მეორდება, რისი ნათელი ილუსტრაციაც არის ამერიკული სუბურბიები.
მსგავს ჰორორის განცდას ტოვებს საბჭოთა საცხოვრებელი ბლოკები, პრაქტიკულად ერთი და იგივე შენობა, რომელიც მრავალჯერ მეორდება.
არქიტექტურაში არსებული “გამეორების” და “დანაწევრების” მოტივი, სადაც ადამიანები თითქოს ერთმანეთისგან გაუცხოებულნი არიან, ხშირად არის ილუსტრირებული ფილმებსა და მხატვრობაში, ყველაზე უკეთ კი Songs from the Second Floor-ში და ჯორჯ ტუკერის შემოქმედებაში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ოპტიმიზმი შემოქმედებაში მალევე ჩაანაცვლა ერთგვარმა სასოწარკვეთამ, რაც დიდწილად განპირობებული იყო “იდენტობის” უგულებელყოფით. თუ განმანათლებლობაში რაიმეს იდენტობა ხშირად მისი უნიკალურობის განმსაზღვრელი იყო, მასობრივი წარმოების პოპულარიზაციასთან ერთად, აშკარა გახდა, რომ “უნიკალურობა” ან უნიკალური იდენტობა არც ისე მომგებიანი იყო.
იდენტობის ამგვარი პერვერსია ჰორორში ხშირად ტყუპების ფენომენით არის ილუსტრირებული. ისევ ფილმების მაგალითი რომ განვიხილოთ, გაიხსენეთ ტყუპები shining-იდან, ან Social Network-ის ანტაგონისტები, ჰარვარდელი ძმები და ა.შ. არქიტექტურაშიც ასეა: ბევრისთვის “დუპლიკატების” და გამეორების ფენომენი რაღაც უცნაურთან, ავისმომასწავებელთან ასოცირდება.
არქიტექტურის ჰორორის კიდევ ერთი საინტერესო მახასიათებელია შეუთავსებლობა, რასაც ჯოშუა კომაროფი incongruity-ის ეძახის, როცა შენობის სხვადასხვა კომპონენტები არ ქმნის ერთი მთლიანის განცდას და, შეიძლება ითქვას, არღვევს ჰარმონიას.
თავსებადობაზე ინტუიციები ადამიანებში ადრევე იჩენს თავს, რისი დარღვევაც ერთგვარი “უჩვეულობაა”, რომელიც ჰორორისთვის ასეთი მნიშვნელოვანია. შეუთავსებლობის იდეას საინტერესოდ ავრცობს ფოტოგრაფი ფილიპ დუჟარდინი თავის ნამუშევრების სერიაში Fictions. შემთხვევითი არაა, რომ დუჟარდინის ზოგი ფიქციური შენობა საბჭოთა არქიტექტურას მოგაგონებთ.
დუჟარდინი თავის ნამუშევრებს “კომიკურად” მიიჩნევს, რაც კარგად წარმოაჩენს ესთეტიკაში არსებულ მოსაზრებას, რომ კომედია და ჰორორი, რეალურად მედალიონის ორი მხარეა. უჩვეულო პროპორციები ხშირად ეგრეთწოდებულ “მეგალოფობიას”, გიგანტური ობიექტების შიშსაც აღძრავს.
დროთა განმავლობაში ეტიენ-ლუი ბულიეს შემოქმედებამ, როგორც ჩანს, რეალური კონსტრუქციებიც შთააგონა. ამ შემთხვევაში “ჰორორი” ექსპლიციტურად იქცა “ესთეტიკად”, რომელიც თავისთავად შეიძლება იყოს ლამაზი.
ჰორორის განცდა ერთ-ერთი ფუნდამენტური რამ არის ადამიანის ფსიქოლოგიაში და გასაკვირი არ არის, რომ ჩვენი გონება მუდამ პოულობს ჰორორის ელემენტებს “უცნაურ” გარემოებებში. დროთა განმავლობაში, ტექნოლოგიის პროგრესისა და წარმოების მასშტაბების ზრდასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი რამ გვეჩვენება უცხოდ, იმიტომ, რომ უფრო და უფრო მეტი რამ ხდება ძალიან რთული და კომპლექსური ისე, რომ ვამჩნევთ მხოლოდ ნაწილებს და არა ერთ მთლიანს. ეს “გაუცნობიერებლობა” და უჩვეულობაა ის, რაც არქიტექტურაში ჰორორის განცდებს აღძრავს და მოსალოდნელია, რომ ჩვენი გარემო კიდევ უფრო “უცნაური” გახდება.
დაწერე კომენტარი