20 ოქტომბრიდან 22 ოქტომბრის ჩათვლით საფრანგეთის დედაქალაქი თანამედროვე ხელოვნებისა და მის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცა. უკვე მეორე წელია პარიზი Paris+ par Art Basel-ის ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც წელს საფრანგეთის დედაქალაქის გულში მდებარე Grand Palais Éphémère-ში გაიმართა. 20-იდან 22 ოქტომბრამდე მიმდინარე ფესტივალის ფარგლებში 33 ქვეყნიდან 154 გალერეაში წარმოდგენილი ნიმუშების ჩვენება, ფრანგი და საერთაშორისო მხატვრების სოლო გამოფენები და ჯგუფური პრეზენტაციები მოეწყო.  

ფესტივალის მეორე გამოშვების ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად ლეგენდარული ფრანგული მოდის სახლი, Louis Vuitton მოგვევლინა. მე-19 საუკუნეში დაფუძნებული ბრენდისა და ხელოვნების მჭიდრო კავშირი დაახლოებით ერთი საუკუნის წინ იწყება, მას შემდეგ რაც გასტონ ლუი ვიტონმა ხელოვანებს Louis Vuitton-ის მაღაზიებისა და ფანჯრების ხელოვნების ნიმუშებით გაფორმება დაავალა. რაც დრო გადიოდა, ფრანგული მოდის სახლისა და ხელოვნების კავშირი სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერდებოდა, რამაც მოდისა და ხელოვნების ისეთი იდეალური კომბინაციები შემოგვთავაზა, როგორიც ტაკაში მურაკამის, იაიოი კუსამას, ჯეფ კუნსის, რიჩარდ პრინსისა და სტივენ სპრაისის Louis Vuitton-თან კოლაბორაციაა. ბრენდმა ფესტივალის ფარგლებში გამოფენის სახით საარქივო საგანძურიდან უკვდავი ნიმუშებიც წარმოადგინა, რომლებიც მოდის სახლისა და ხელოვნების ღრმა კავშირს ასახავს. 

თუმცა, ლეგენდარული არტისტების მიერ შექმნილ კოლექციებთან ერთად, მოდის სახლმა გამოფენაზე Artycapucines collection-ის მე-5 გამოშვების ნიმუშებიც წარმოადგინა. უკვე 5 წელია Louis Vuitton თანამედროვე მხატვრების ჯგუფს Capucines-ის ჩანთის საკუთარი ხედვით გარდაქმნისა და შექმნის საშუალებას აძლევს. მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან შერჩეული მხატვრები კი  Louis Vuitton-ის დიზაინის სამყაროს სიურპრიზებითა და მდიდარი ფერთა პალიტრით ავსებენ. 

საგამოფენო დარბაზი ბრენდის ლეგენდარული ჩემოდნის იმიტაციაა, ხოლო მისი შიდა სივრცე Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის ახალი კრეატიული დირექტორის, ფარელ უილიამსის  2024 წლის გაზაფხული-ზაფხულის სადებიუტო კოლექციის ჩვენებაზე წარმოდგენილი Copper Malle Courrier-ით არის შთაგონებული. 


ფოტო: Wonderland Magazine