ცნობილი მუსიკოსის და მოდის დიზაინერის, კანიე ვესტის მუსიკალური ალბომი My Beautiful Dark Twisted Fantasy 2010 წლის 22 ნოემბერს გამოქვეყნდა. ალბომის თემატიკა მოგვითხრობს - კანიეს სოციალური სტატუსის, შეხედულებების, ბიოგრაფიის, რასის, კულტურისა და “ამერიკული ოცნების” შესახებ. 



კანიეს სურდა ალბომის ქავერი პროვოკაციული ყოფილიყო და მხატვარ ჯორჯ კონდოსთან თანამშრომლობით  ისეთი ვერსია შექმნა, რომელიც შემდეგ  ამერიკაში აიკრძალა. ამერიკელი მხატვარი ჯორჯ კონდო  თავის სიურრეალისტურ შემოქმედებას “ფსიქოლოგიურ კუბიზმს” უწოდებს. კანიე მას სტუდიაში ეწვია, მეორე დღეს ჯორჯმა ალბომის ქავერისთვის 9 ალტერნატიული ვერსია შექმნა, რომელთაგან 5 გამოქვეყნდა. მათი კოლაბორაცია არა მხოლოდ სკანდალური, არამედ ორი ხელოვანის ბნელი, მეტაფორული ფანტაზიის არაჩვეულებრივი სინთეზი გამოვიდა.

ალბომის მთავარი ქავერი - The Phoenix -  ჩანაფიქრის მიხედვით იმდენად პროვოკაციული გამოვიდა, რომ Wal-Mart-სა და Apple’s iTunes Music Store-ში აიკრძალა



ქავერზე გამოსახულია კანიე და  შიშველი ქალი, ფრთებითა და კუდით.  ქალის გამოსახულებაზე მხატვარი აღნიშნავს, რომ “ის  სფინქსის, ფენიქსის, სულებზე მონადირის, მტაცებლის ერთგვარი ფრაგმენტია.” ხოლო ჯორჯის თქმით, კანიეს ის სახე, რომელიც ქავერზეა, ძალიან განსხვავდება ნამდვილი კანიესგან. აკრძალვის შემდეგ კანიემ განაცხადა,   “Nirvana-ს შეუძლია შიშველი ადამიანი გამოსახოს  ქავერზე, მაგრამ მე არ შემიძლია გამოვიყენო მონსტრის ნახატი, რომელსაც არ აქვს ხელები, აქვს კუდზე კოპლები და ფრთები”. ასევე აღნიშნა:  “ მე ვიცი ამ ქავერმა ააფეთქა თქვენი ტვინები… ნეტავ იცოდეთ, როგორ  მეღიმება ახლა”, ეღიმებოდა, რადგან, როგორც ჯორჯმა  ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, კანიეს თავიდანვე განზრახული ჰქონდა პროვოკაციული ქავერის შექმნა. ამით სურდა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, რამდენად ბნელია მათი ფანტაზია. შეგვიძლია მისი პროვიკაციული სურვილის კავშირი აღმოვაჩინოთ  ალბომიდან ერთ-ერთ სიმღერასთან - Dark Fantasy, რომელიც იწყება სიტყვებით:

 You might think you've peeped the scene

  You haven't

  The real one is far too mean...


ჯორჯს Ballerina-ს კონცეფციის იდეა მას შემდეგ მოუვიდა, რაც კანიეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი - “Runway” ნახა. ფილმი კაცის (კანიეს) და ნახევრად ქალის, ნახევრად ფენიქსის ურთიერთობაზეა, სადაც დიდი როლი უჭირავს ბალეტს. არსებობს მოსაზრება, რომ ნახატზე გამოსახული ბალერინა, ღვინის ჭიქით და გაკვირვებული სახით, სიმბოლოა იმისა, თუ როგორ აღვიქვამთ სილამაზეს. 

 



“The Portrait” კარგი მაგალითია კონდოს “ფსიქოლოგიური კუბიზმის”. ნათელია, რომ ეს კანიეს პორტრეტია. ნახატი გვიჩვენებს კანიეს ბევრ ვერსიას, მას როგორც - რეპერს, პროდიუსერს, მხატვარს, დიზაინერს, ქმარს და მამას.



“Head With Sword”-ზე გამოსახულია კანიეს თავი ხმლით და გვირგვინით. ვესტმა 2009 წელს, რთული პერიოდი გაიარა - სკანდალი, კრიტიკა და ა.შ. სწორედ ალბომი “My Beautiful Dark Twisted Fantasy”-ი იყო მისი ტრიუმფალური დაბრუნება, რთული წლის შემდეგ. ამ ნამუშევარს კანიეს იმ დროინდელ სიტუაციასთან ხშირად აკავშირებენ, ის როგორც მეფე და სასიკვდილო ჭრილობა მის თავში - როგორც განვლილი 2009 წელი. თუმცა, კანიეს თვალები გახელილი აქვს, რაც მის გამოღვიძებასთან და ტრიმფალური ალბომით დაბრუნებასთან შეგვიძლია გავაიგივოთ. თავად კანიეც ხშირად აიგივებდა თავს რაიმე დიდებულთან, მან ერთხელ აღნიშნა: “ მე ვარ უორჰოლი. მე ვარ ჩვენი თაობის ნომერ პირველი, გავლენიანი ხელოვანი. მე ხორციელი შექსპირი ვარ...” შესაძლოა, ეს ქავერი მისი უკვდავობის მეტაფორადაც მივიჩნიოთ.


“Head With Sword”-ის მსგავსი ილუსტრაცია თავის გარეშე, ალბათ ისევ კანიეს ეგოს და დაუმარცხებლობის რწმენას უკავშირდება.



კონდომ ჟურნალ “New York”-თან ინტერვიუში, ექსკლუზიურად მისი და კანიეს კოლაბორაციით შექმნილი ნახატი - “Pries” გამოაქვეყნა. როგორც მათ კოლაბორაციას ახასიათებს, ეს ნახატიც აბსტრაქტული და მეტაფორულია. კონდომ ჟურნალ “New York”-თან განმარტა: “მე და კანიემ ვისაუბრეთ, ადრეულ ბაროკოს ეპოქაზე, სადაც ნახატები ასახავდნენ რელიგიურ მოღვაწეებს და გვინდოდა ეს ყველაფერი დღევანდელ სამყაროში გადმოგვეტანა…”


ალბომის ვინილს, თან მოჰყვება ყველა ეს ალტერნატიული ქავერი და შეძენის შემთხვევაში, შენ თავად შეგიძლია ამოირჩიო, რომელი ქავერი ჰქონდეს ვინილს.


ჯორჯმა ამ ნამუშევრებით, კანიეს შინაგანი სამყარო უკეთ დაგვანახა. მან შეკრიბა ყველა ის თვისება რაც მასში იყო და ერთიანად მოგვაწოდა, მეტაფორების ხარჯზე. რაც ძალიან საინტერესოა და დიდი მსჯელობის საგნადაც იქცა. 

“My Beautiful Dark Twisted Fantasy”-ი კანიეს საუკეთესო ალბომად ითვლება და გირჩევთ გადახედოთ ალბომში შესულ სიმღერებს, რათა გაიგოთ მეტი კანიესა და იმ ყველაფრის შესახებ, რაც ალბომს და ილუსტრაციებს ერთმანეთთან აკავშირებს.