ჰელოუინის კვირეულში ჰორორ-ფილმების მარათონის მოწყობა მსოფლიოში ერთგვარ ტრადიციად იქცა. თუ ჰელოუინზე სანახავი ფილმების სიის შედგენა ჯერ არ დაგისრულებიათ, ამ სიაში ჟანრის ცნობილ კინოშედევრებთან ერთად, წარმოგიდგენთ ახალ ფილმებსაც, რომლებიც ჰორორის და ჰორორ-კომედიის კლასიკად დამკვიდრდნენ. 


Rosemary’s Baby (1968)

Rosemary’s Baby რომან პოლანსკის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი და ჰორორის ჟანრის საკულტო კლასიკაა, რომელიც ირა ლევინის ამავე სახელწოდების ნოველას ეყრდნობა. ფილმმა, გარდა იმისა, რომ დიდი გავლენა იქონია ჰორორის ჟანრზე, არაერთი ცნობილი რეჟისორი შთააგონა.

The Haunting (1963)

რობერტ ვაისის ფილმი შირლი ჯექსონის ნოველის, The Haunting of Hill House-ის ადაპტაციაა, რომელიც სასახლეში მცხოვრები ორი ქალის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც პარანორმალური მოვლენების გამო ჭკუიდან იშლებიან. The Haunting-მა დიდი გავლენა იქონია ჰორორის ჟანრის კინემატოგრაფიაზე და “საუნდ ეფექტებზე” და ამ მხრივ, ისტორიულადაც საინტერესოა.


Goodnight Mommy (2014)

Goodnight Mommy ვერონიკა ფრანცის და სევერინ ფიალას 2014 წლის ფსიქოლოგიური ჰორორ-ფილმია, რომელიც ტყუპი ბიჭების და საავადმყოფოდან ახალგამოწერილი დედის ურთიერთობას იკვლევს. ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ მათი დედა, რომელსაც ავარიის შემდეგ სახეზე პლასტიკური ოპერაციის ჩატარება მოუწია, სხვამ ჩაანაცვლა. 


Raw (2017)

Raw ჯულია დუკორნაუს 2017 წლის ფილმია, რომელიც ჟუსტინის და მისი უფროსი დის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ჟუსტინი, რომელიც ცხოვრების მანძილზე ვეგეტარიანელი იყო, ხორცს პირველად ვეტერინარულ სკოლაში გასინჯავს და ამით მისი და მისი დის შემზარავი თავგადასავალი იწყება. დუკორნაუს ფილმში ჰორორის გარდა კომედიის და ოჯახური დრამის ელემენტებიცაა, რაც ბოლო წლებში ფრანგი რეჟისორის ხელწერად იქცა. 


Titane (2021)

Titane დუკორნაუს მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმია და Raw-ს მსგავსად, რეალურად ძალიან უცნაური ოჯახური ისტორიაა. ფილმი ადრიენის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც მანქანებისადმი ძალიან უცნაურად არის განწყობილი და რამდენიმე სასტიკი მკვლელობის შემდეგ, უპირობო სიყვარულს პოულობს. Titane მსოფლიო კინოს უცნაური ნიმუშია, რადგან მისი ანალოგი პრაქტიკულად არ მოიძებნება. 


Teeth (2007)

Teeth 2007 წლის ჰორორ-კომედიაა, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგოს, დონის შესახებ. დონი სკოლაში “უმანკოების კლუბის” წევრია და ქორწილამდე სექსს ეწინააღმდეგება. თუმცა, ინსტინქტების მოთოკვა გაუჭირდება და ტობისთან სექსს გადაწყვეტს. დონისთვის სამწუხაროდ, მას Vagina Dentata, ანუ სხვაგვარად რომ ითქვას, “კბილებიანი ვაგინა” აღმოაჩნდება, რაც სექსში სერიოზულად უშლის ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ერთი შეხედვით ვულგარული კომედიაა, ის სავსეა ჭეშმარიტად საშიში მომენტებით და რეალურად coming of age თინეიჯერულ დრამაა, რომელიც ჩვენს სხეულში კომფორტულად ყოფნას გვასწავლის. 


Practical Magic (1998)

Practical Magic-ში  გირფინ დუნნში, სანდრა ბალოკი და ნიკოლ კიდმანი დების როლს ასრულებენ, რომლებიც მშობლების გარდაცვალების შემდეგ, დეიდებთან - ჯეტთან და ფრანცესთან საცხოვრებლად გადავლენ. თავდაპირველად მათ საერთო არაფერი აქვთ, გარდა მაგიური უნარებისა, რომელთა ათვისებასაც ისინი ფილმის მანძილზე სწავლობენ. Practical Magic დროთა განმავლობაში ჰორორ-კომედიის საკულტო კლასიკად იქცა. 


The Witch (2018)

The Witch რობერტ ეგერსის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუნის New England-ის კოლონისტი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. A24-ის ეს ფილმი თანამედროვე ჰორორის კლასიკაა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჟანრის განვითარებაში.


X (2022)

X ტაი ვესტის 2022 წლის ფილმი და Pearl-ის “სიქველია”. ფილმი მოგვითხრობს გადამღები ჯგუფის შესახებ, რომელიც ცივილიზაციისგან მოშორებულ სახლში პორნოგრაფიული კინოს გაკეთებას ცდილობს, მათ მცდელობებს ხელს სახლის მეპატრონე უშლის, რომელსაც გადამღები ჯგუფის  წევრების მოკვლა აქვს განზრახული.