პიტერ შლეზინგერი ამერიკელი არტისტი და ფოტოგრაფია, რომლის ყველაზე ცნობილი ნამუშევრებიც ორ წიგნშია თავმოყრილი - Chequered Past და A Photographic Memory. ეს უკანასკნელი საინტერესოა იმით, რომ ის გვთავაზობს ერთგვარ ფანჯარას 70-იანებსა და იმ პერიოდის ყველაზე გამოჩენილი არტისტების ცხოვრებაში. შლეზინგერი ფოტოგრაფიით სერიოზულად მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ბრიტანელ არტისტთან, დევიდ ჰოკნისთან ერთად ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად.
წყვილი წლების მანძილზე მსოფლიოში მოგზაურობდა, ძირითადად თავიანთ მეგობრებთან და კოლეგებთან, ცნობილ არტისტებთან ერთად, რომლებსაც ყველაზე ხშირად ხვდებით შლეზინგერის შემოქმედებაში. ამ მხრივ შლეზინგერის ფოტოებს დოკუმენტური ღირებულებაც აქვს, რადგან პოპ-კულტურის შემოქმედებს მათ უდარდელ ყოველდღიურობაში ვხედავთ.
საინტერესოა, შლეზინგერის ფოტოების გადაღების ადგილებსაც თუ გავითვალისწინებთ, ბევრი მათგანი დღეს აღარ არსებობს. მაგალითად, პარიზის La Piscine Deligny, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ცნობილი საცურაო აუზი, რომელსაც 200 წლის მანძილზე არაერთი ცნობილი სტუმარი ჰყოლია, მდინარე სენამ დატბორა. შლეზინგერის ფოტოებმა კი სიცოცხლით სავსე La Piscine Deligny შემოინახა.
თავის ფოტოგრაფიულ წიგნებზე საუბრისას შლეზინგერი განმარტავს, რომ თავდაპირველად ფოტოების გასაჯაროებას არ აპირებდა და მათ ხშირად ხატვისას რეფერირებისთვის იყენებდა, თუმცა პირადი ფოტოარქივის სენტიმენტალური ღირებულება არტისტმა საბოლოოდ დააფასა. “როცა წიგნისთვის ვარჩევდი ფოტოებს, უბრალოდ ამ ნამუშევრებზე ვფიქრობდი, თუ როგორ გავაერთიანებდი მათ. თუმცა, როცა ყველა ფოტოს მოვუყარე თავი, მხოლოდ მაშინ გავაცნობიერე, რომ ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა”.
A Photographic Memory-ის წინასიტყვაობაში ჰილტონ ალსი წერს, რომ “გაცრეცილი ფერები ძველ ნახატებზე აქერცლილ საღებავს ჰგავს”, რაც, შლეზინგერის თქმით, Kodacolor-ის ფირის დამსახურებაა, რომელიც 70-იან წლებში იყო გავრცელებული. “როგორც ტექნიკოლორ ფილმებს ან ციფრულ ფოტოებს აქვთ ძალიან სახასიათო გარეგნობა, იმავენაირადვე გამორჩეულია Kodacolor… ეს თავისი დროის პროდუქტია, რომელიც წარსულს ჩაჰბარდა”.
ფოტოების უმეტესობა შლეზინგერმა მაშინ გადაიღო, როცა დაახლოებით 20 წლის იყო და თავის პარტნიორთან, ჰოკნისთან ერთად მოგზაურობდა. “როცა ახალგაზრდა ხარ, ყველაფერს ისე იღებ, როგორც გევლინება. მაინცდამაინც არ აანალიზებ”. ფოტოების გადაღების მომენტში შლეზინგერი ვერ აცნობიერებდა, რომ ის ყველაზე ნათელი მოგონებების არქივს ქმნიდა.
დაწერე კომენტარი