20 ოქტომბერს CROSTY ART SPACE-ში NS Product-ის პროდუქტის დიზაინის მეორე გამოფენა გაიხსნა, რომელიც უნიკალური სკამების სერიას და დიზაინ ობიექტებს აერთიანებს, მათ შორის - აქსესუარებს კოლექციებიდან - “გობი” და “ზიგ-ზაგ თარო”. NS PRODUCT არქიტექტურული კომპანია NS STUDIO-ს პლატფორმაა, რომელიც 2021-დან ნინი ჭანტურიას ხელმძღვანელობით, რუსუდან დუშუაშვილთან და მცირე გუნდთან ერთად არაერთ საინტერესო პროექტზე მუშაობს. ექსპერიმენტულ ფორმებზე ერთობლივი მუშაობის შედეგად, დაიბადა გამოფენაზე წარმოდგენილი სკამების იდეა, რომლის შთაგონებაც ქართული არქიტექტურული ორნამენტები იყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა მასალით - მეტალის, ხის და ქსოვილის გამოყენებით არის დამზადებული. თითოეული სკამი გამოირჩევა გეომეტრიული ფორმებით, რაც ტილოზე შესრულებულ ორგანზომილებიან გამოსაახულებას მოგვაგონებს, რომლის მინიმალისტური ფორმები და ხავერდოვანი ზედაპირის ტექსტურა სიმყუდროვის განცდას აჩენს, ხოლო მაღლა აზიდული საზურგეები ნამუშევრებს მონუმენტურობას სძენს. გამოფენის შექმნის პროცესში, რომელსაც კატი არსენიშვილი კურირებს, დიდი ყურადღება დაეთმო სკამების განლაგებას, რომელიც ფერის კონტრასტული და გრადაციული სისტემით არის შერჩეული. მინიმალისტური ესთეტიკით შექმნილი კოლექციის თითოეული ნამუშევარი ექსკლუზიურია და დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს სიმარტივეში დამალული ინდივიდუალიზმი აღმოაჩინოს.
Crosty ისეთ გამოფენებს აკეთებს სადაც წარმოდგენილია არტისტების წლების მანძილზე შესრულებული ნამუშევრები”, - ამბობს კურატორი კატი არსენიშვილი. გვინდა საზოგადოებას მივცეთ საშუალება თანამედროვე, ნაკლებად ცნობილი ან უკვე ნაცნობი ხელოვანების ხედვას გაეცნონ. ნახონ, რა შექმნეს და როგორ განვითარდნენ… ჩვენ ვცდილობთ, რომ თანამედროვე ქართველი ხელოვანები გავაცნოთ ქართულ საზოგადოებას. კითხვაზე, თუ რატომ შედგა თანამშრომლობა კონკრეტულად NS PRODUCT-თან, არსენიშვილი ამბობს, რომ დიზაინერების ახალი ნამუშევრები იდეალურად გადმოსცემს კონტრასტს, რომელსაც საქართველოს ყოველდღიურობაში ვხვდებით:
“ისეთი გამოფენა გვინდოდა მოგვეწყო, სადაც იქნებოდა ცივის და თბილის კონტრასტი… ეს ნაწილობრივ ბოლო დროს არსებული ცვალებადი ამინდით იყო განპირობებული. ვფიქრობ, NS PRODUCT-ის დიზაინი ძალიან კარგად ქმნის კონტრასტს ქსოვილს და რკინას - ხისტს და რბილს შორის. როგორც სიცივეში ვეძებთ სითბოს, ისევე ვეძებთ რაღაც სიმყუდროვეს ავეჯის დიზაინში. დამთვალიერებლებისთვისაც NS PRODUCT-ის დიზაინში ეს კონტრასტი აშკარა გახდა. ამასთანავე, სიმყუდროვეს ჩვენ ხშირად ჩვენს მოგონებებში, წარსულში ვეძებთ, რაც იდეალურად იკვეთება ქართული ესთეტიკით შთაგონებულ სკამებში და აქსესუარებში”.
ინდივიდუალიზმი NS STUDIO-ს დიზაინის ფილოსოფიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ამ მხრივ, NS PRODUCT არქიტექტორების და დიზაინერების ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა. პირველი გამოფენა, Take a seat, We are starting ამ ფილოსოფიას პროდუქტის დიზაინის ენაზე თარგმნის.
აღნიშნული ექსპოზიციის შემოქმედებით პროცესზე Hammock Magazine NS PRODUCT-ის დამფუძნებელს, ნინი ჭანტურიას ესაუბრა:
რამდენად იცვლება დიზაინი თავდაპირველი ჩანაფიქრიდან, წარმოების ბოლო ეტაპამდე?
ყველაფერი იწყება ფურცლიდან, მარტივი ჩანახატით. მასალების და მაქსიმალურად მიახლოებული გაბარიტების ფურცელზე დადასტურების შემდეგ ვიწყებთ პირველ პროტოტიპზე მუშაობას. პროდუქტი დიდ სახეცვლილებას განიცდის ესკიზურ ეტაპზე, სანამ ჩამოვყალიბდებით საბოლოო სახეზე. ამის შემდეგ წარმოების ეტაპზე გადავდივართ, სადაც იხვეწება სტრუქტურის სიმყარე, ჩამაგრების კვანძები და საბოლოო დამუშავების სახე. აუცილებელია, რომ პროტოტიპიც საბოლოოდ სრულყოფილებამდე დავხვეწოთ, შეიძლება რამდენიმეჯერ მოგვიწიოს მისი ცვლილება უკეთესი შედეგის მისაღებად. როდესაც ბოლომდე კმაყოფილები ვართ მიღებული პროტოტიპით, შემდეგ უკვე ვიწყებთ პროდუქტის საბოლოო სახით წარმოებას.
რა იყო შთაგონების წყარო ნამუშევრების შექმნისას?
შთაგონება ნებისმიერი გარემოებიდან შეიძლება რომ მიიღო, იქნება ეს არსებული გარემო, ისტორიული თუ კულტურული მემკვიდრეობა, მასალებთან ურთიერთობისას დაჭერილი საინტერესო დეტალები და სხვა… ხშირ შემთხვევაში ადამიანის ქმედება კონკრეტულ სიტუაციასა და გარემოში შეიძლება იყოს ახალი პროდუქტის შექმნის წინაპირობა. მნიშვნელოვანია როგორ აღიქვამ, აკავშირებ და გარდაქმნი შენ ირგვლივ არსებულ გარემოს.
მოგვიყევით მეტი “გობზე” და “ზიგ-ზაგ თაროზე”…
"გობიც" და "ზიგ-ზაგიც" თავდაპირველად კონკრეტული პროექტებისთვის შეიქმნა.. გობი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ნივთია, რომლის სხვადასხვა ფორმისა და ზომის ძველი ქართული ანალოგი არაერთი მაქვს სახლში. მომწონს მათი მრავალფუნქციური გამოყენება და განწყობა, რომელიც შემოაქვთ ინტერიერში. ამიტომ ვიფიქრეთ, ჩვენი გობი შედარებით მოწესრიგებული ფორმის ერთიანი ხის მასალისგან შეგვექმნა და დამატებით ცენტრალური ელემენტი გავაჩინეთ - ლითონის ამრეკლი ბურთის სახით. ის ირეკლავს გარშემო არსებულ სივრცეს და თანაბრად საინტერესოა როგორც მაგიდის კომპოზიციაში, ასევე კედლის დეკორის სახით. რაც შეეხება "ზიგ-ზაგ" თაროს, ვფიქრობთ, ეს ის პროდუქტია, რომელიც მასალის ცვლილების ხარჯზე შესაძლებელობას იძლევა, რომ ყველა ტიპის ინტერიერში იქნას გამოყენებული. შეიძლება დამზადდეს ქვითა და ლითონით, ასევე შეიქმნას სხვადასხვა ფერით შეღებილი ხის კომბინაციები. სამაგრის მარტივი გეომეტრიული ფორმა კედელზე თავისივე გეომეტრიულ ჩრდილს ქმნის, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. არის პროდუქტები, რომლებიც შეგიძლია მოარგო შენს განწყობას და ვფიქრობ, ეს თაროები სწორედ ასეთია. მალე "ზიგ-ზაგ" ფორმა სხვა ფუნქციურ ელემენტებშიც აისახება და დაემატება ამ კოლექციას და ამასაც აუცილებლად შეგატყობინებთ.
სამომავლო გეგმები…
წინ ბევრი გამოწვევა და საინტერესო გეგმა გვაქვს, მათ შორის - არსებული კოლექციების გაფართოება და ახალი პროექტების განხორციელება. მიზნად დავისახეთ, რომ ყოველწლიურად ორი ახალი კოლექცია გამოვუშვათ და საერთაშორისო ბაზარს ქართული, ხარისხიანი პროდუქტი გავაცნოთ. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ საკუთარი შოურუმის გახსნას, სადაც მსურველებს ექნებათ საშუალება ცოცხალ გარემოში ჰქონდეთ ჩვენს პროდუქტებთან ინტერაქცია. ასევე, ერთ-ერთ ფრანგულ გალერეასთან გვაქვს მოლაპარაკება და მალე ჩვენი პროდუქტები ევროპულ ბაზარზეც გახდება ხელმისაწვდომი.
დაწერე კომენტარი