აშშ-ისა და კანადის საზღვარს შორის რამდენიმე ულამაზესი ტბაა თავისი პატარა დასახლებებით, მათ შორისაა პლასიდის ტბა იმავე სახელის მყუდრო სასტუმროთი, რომელსაც უკვე დიდი ხანია მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ, განსაკუთრებით - შემოდგომასა და ზამთარში.
Placid Lodge დასახლებისგან მოშორებით, ჩრდილოეთით მდებარეობს და რამდენიმე კოტეჯისგან შედგება, რომელიც სტუმრებს სხვადასხვანაირ გარემოს სთავაზობს. მთავარ კოტეჯში ოთახები პირდაპირ ტბას გადაჰყურებს და იდეალურია ორი ადამიანისთვის. ინტერიერი ადირონდეკის მთის კალთებზე გაშენებული ქალაქებისთვის სახასიათო დეკორით არის შთაგონებული, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გახდა პოპულარული. ყველა ოთახში იხილავთ ხელნაკეთ საწოლებს და ბუხრებს. მეორე კოტეჯში კი შედარებით პატარა, არანაკლებ მყუდრო ოთახებია და თითოეულ მათგანს საკუთარი ტერასა აქვს, რომელიც პირდაპირ ტყეში ან ტბის სანაპიროზე გადის.
ოდნავ მოშორებით კი, ტბის სანაპიროზე ლუქსები და პრივატული კოტეჯებია, რომლებიც იდეალურია, თუ ოჯახთან ერთად ისვენებთ. თითოეული კოტეჯი განსხვავებულია და აქაც ინტერიერის დეტალები თითქმის მთლიანად ხელნაკეთია.
Lake Placid Lodge-ის სტუმრებს სასტუმროს ტერიტორიაზე შეუძლიათ მიირთვან რესტორან Artisans-ში, რომელსაც მუდმივად განახლებადი სეზონური მენიუ და ღვინის შთამბეჭდავი მარანი აქვს. რესტორანთან ახლოს პატარა ბარი - Maggie’s Pub მდებარეობს, რომელიც მუდამ სავსეა და ბილიარდის მაგიდით არის აღჭურვილი. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ კლასიკური და სპეციალური კოქტეილები, ისევე როგორც ადგილობრივი ლუდი და ნატურალური ღვინოები.
Lake Placid Lodge-ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, ცხადია, მისი ადგილმდებარეობაა. სასტუმრო ბუნებით არის გარშემორტყმული, რომელიც იდეალურია სეირნობისა და ჰაიკინგისთვის. ამასთანავე, შეგიძლიათ ნავით ან კატერით გახვიდეთ ტბაზე, რომლის გულშიც ორი პატარა კუნძული მდებარეობს. Lake Placid Lodge სტუმრებს სხვადასხვა აქტივობებსაც სთავაზობს, მაგალითად, ნაოსნობას და ტურებს Lake Placid-ის ბუნების წიაღში.
სასტუმროს შემოთავაზებებით სარგებლობის გარდა, შეგიძლიათ დრო ქალაქში გაატაროთ. მაგალითად, ესტუმროთ McKenzie's-ს ან Crowne Plaza-ს, სადაც კლასიკურ ამერიკულ კერძებს ამზადებენ ან Lake Placid-ის გოლფის მინდვრებზე განიტვირთოთ.
მიუხედავად იმისა, რომ Lake Placid პატარა ქალაქია, აქ არაერთი ისტორიული შენობაა და ადრეული 1900-იანების სულისკვეთება ყველგან იგრძნობა, რადგან ქალაქი სწორედ ამ პერიოდში დაარსდა. Lake Placid და მისი შემოგარენი ჩრდილოეთში ყოველთვის პოპულარული ადგილია იმ დამსვენებლებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნებაში განტვირთვა.
დაწერე კომენტარი