ბრუტალიზმი ბევრისთვის ხშირად საბჭოთა ბლოკთან და სიტყვა “ბრუტალურობასთან” ასოცირდება, რაც გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ ბრუტალური შენობების მონუმენტურობას და ერთგვარ რეტრო-ფუტურისტულ გარეგნობას, რომელიც საბჭოთა კომუნიზმის ვიზუალურ ესთეტიკაში დიდ როლს თამაშობდა. თუმცა, ბრუტალიზმის დასაბამს არანაირი კავშირი არ აქვს არც სსრკ-თან და არც “ბრუტალურობასთან”, არამედ სიტყვა “ბრუტალიზმი” ფრანგული ფრაზიდან - “beton brut”-იდან მოდის და ნედლ ბეტონს ნიშნავს. სწორედ საფრანგეთში გამოჩნდნენ ადრეული ბრუტალიზმის, როგორც არა მხოლოდ ესთეტიკური პარადიგმის, არამედ ფილოსოფიური მოძრაობის მხარდამჭერები, მათ შორის - ლე კორბუზიე.
ბრუტალიზმი დიდწილად მოდერნიზმიდან ამოიზარდა, თუმცა მოდერნიზმისგან განსხვავებით, ბევრად ამბიციური იყო და როგორც ეს არქიტექტორმა რენერ ბანაჰამმა კონფერენციაზე განმარტა, ბრუტალიზმი სამ მთავარ მახასიათებელს უნდა ეფუძნებოდეს: 1. შენობა დანახვისას მომენტალურად უნდა დაგვამახსოვრდეს; 2. კარგად უნდა იყოს გამოკვეთილი მისი სტრუქტურა; 3. სამშენებლო მასალები უნდა იყოს გამოყენებული “ნედლად”.
მოდერნისტი არქიტექტორები 50-იანებში ბეტონის კონსტრუქციებს ხშირად “მალავდნენ” სპეციალური დამცავი ფენით, რომელიც ბეტონზე ეროზიის კვალს არ ტოვებდა, როგორც ამას ფრენკ ლოიდ რაიტის არქიტექტურაში ვხედავთ, ან მინის საფარებით, როგორც ამას კორპორაციული შენობების დიზაინში ვხვდებით. ნაიჯელ გრინის წიგნში - Brutalist Paris პარიზში აშენებული ბრუტალური შენობები და მათი ისტორიაა განხილული, მათ შორისაა ცნობილი რეზიდენციული უბნები, მაგალითად, Choux de créteil.
ბრუტალიზმის პოპულარობა ნაწილობრივ მასშტაბური პოსტსაომარი რეკონსტრუქციებით იყო განპირობებული. ბრუტალური არქიტექტურა შთამბეჭდავია, მონუმენტური და რაც მთავარია, არც ისე ძვირია, რადგან მთავარი მასალა ბეტონია, რომელსაც ბრუტალისტები შელამაზების გარეშე იყენებენ. ეკონომიკური ბუმის შედეგად, ბრუტალიზმის გავლენით, საფრანგეთში მთელი ქალაქების მშენებლობები დაიწყო, მაგალითად, La Grande-Motte-ის, რომელიც ძირითადად არქიტექტორ ჟან ბალადურის ხედვით შეიქმნა.
ცხადია, ფრანგული ბრუტალიზმი მხოლოდ რეზიდენციული შენობებით არ შემოიფარგლება და საფრანგეთში ბევრი ადმინისტრაციული ნაგებობაც კი ბრუტალური ან ბრუტალიზმითაა შთაგონებული, როგორებიცაა, მაგალითად, UNESCO-ს საკონფერენციო დარბაზი - დაპროექტებული მარსელ ბრეიერის, პიერ-ლუიჯი ნერვის და ბერნარდ ზერფუსის მიერ 1958 წელს. ან პიერ ვივიენის “ტელეკომუნიკაციების” შენობა და ჟაკ კალისზის და ჟან პეროტეტის დაპროექტებული ადმინისტრაციული ცენტრი პანტინისთვის.
ბრუტალიზმის პოპულარობამ პრაქტიკულად 80-იანებამდე გასტანა, თუმცა მზარდ კომერციულ გარემოში ბრუტალიზმიც კი არამომგებიანად მიიჩნეოდა და მიმდინარეობის პოპულარობა დაეცა. ამის მიზეზი კიდევ ორი ფაქტორი გახდა: მზარდი ნოსტალგია “კლასიკური” არქიტექტურის მიმართ და ბრუტალიზმის ერთგვარი სინონიმურობა საბჭოთა კავშირთან.
მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ბრუტალიზმი, როგორც არქიტექტურული მოძრაობა დღეს პოტენციური აღარაა, ის თანამედროვე არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ესთეტიკური პარადიგმა აღმოჩნდა. კენგო კუმათი დაწყებული, სანტიაგო კალატრავათი დამთავრებული ბრუტალიზმმა არქიტექტორების მთელი თაობები შთააგონა და მიუხედავად იმისა, რომ “ნედლი ბეტონისგან” ახალი შენობები ხშირად არ შენდება, როგორც არქიტექტორი და ისტორიკოსი ტიმოთი როჰანი განმარტავს, “ინტერნეტში ბრუტალიზმი ისეთივე პოპულარულია, როგორც კატები”. “საბჭოთა” და “ბრუტალური” ესთეტიკის პოპულარობა, შესაბამისად, სავარაუდოდ, არსად გაქრება.
დაწერე კომენტარი