ავლაბრის მოედანზე თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დავით ნათიძის სკულპტურა “წინააღმდეგობა” დაიდგა. პორტუგალიურ კირქვაში გამოთლილი ადამიანის პორტრეტი, თვალებდახრილი, რთულად ამოსაცნობი გამომეტყველებით, თითქოს მოფრიალე ნაჭრიდან იკვეთება და ინტროსპექციული მზერით უღრმავდება საკუთარ თავს.

Hammock Magazine-სთვის მიცემულ ინტერვიუში თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის პროექტების მენეჯერმა ელენე კაპანაძემ განმარტა, რომ ეს ფონდის მესამე პროექტია. “ფონდი არჩევს ადგილს, სად უნდა განთავსდეს ნამუშევარი და ადგენს ზოგად წესებს არტისტებისთვის. შემდგომ კი გამარჯვებულს 6 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს, სადაც ერთი მერიის წარმომადგენელია, ერთი - საკრებულოსი და ერთიც - ფონდის დირექტორი ლიკა ჭკუასელი. ჟიურის დანარჩენი სამი  წევრი თანამედროვე ხელოვნების სფეროდან მოწვეული პროფესიონალები არიან”. 

მოქანდაკის თქმით, ნამუშევარი წინააღმდეგობის გაწევის ჰეროიკული აქტის, მამაცი ბუნების, თავდადებისა და ხასიათის სიმტკიცის აღნიშვნაა. დავით ნათიძე ბელგიაში მოღვაწე მოქანდაკეა, რომელმაც 90-იანებში სწავლა ანტვერპენის სახვითი ხელოვნების სამეფო აკადემიაში გააგრძელა. მისი ნამუშევრები ხშირად იფინება როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. 


ფოტო: Gregory Sokolinsky