„არქიტექტურა არის მცდელობა იმისა, რომ ეპოქა სივრცეში გადმოთარგმნო...“ – ეს სიტყვები გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გერმანელ არქიტექტორს, ლუდვიგ მის ვან დერ როეს ეკუთვნის, რომელმაც მთელი მეოცე საუკუნის პოლიტიკურად აქტიური ეპოქა მისთვის დამახასიათებელი მინიმალისტური სტილითა და Less is More პრინციპით მოდერნისტულ არქიტექტურაში ახლებური ხედვით წარმოადგინა. მარტივმა მინიმალისტურმა ესთეტიკამ და იმ პერიოდში თანამედროვე მასალებმა – ინდუსტრიულმა ფოლადმა და სარკის მინამ - თავდაპირველად მის ვან დერ როეს სტილი, შემდეგ კი მთელი მოდერნისტული არქიტექტურის მომავალი განსაზღვრა.
გერმანიის ქალაქ აახენში კათოლიკეთა ოჯახში დაბადებულმა ვან დერ როემ არქიტექტურის მიმართ ინტერესი ადრეულ ასაკშივე გამოავლინა, თავდაპირველად მამის მოპირკეთებული ქვის მაღაზიასა და რამდენიმე ადგილობრივი დიზაინის ფირმაში მუშაობდა, ბერლინში გადასვლის შემდეგ კი ცოტა ხნით ბრუნო პაულთან თანამშრომლობდა. მისი როგორც არქიტექტორის კარიერა 1908 წელს ცნობილ არქიტექტორ პიტერ ბერენსთან შეხვედრის შემდეგ დაიწყო. ბერენსის ფირმაში მის ვან დერ როე თანამედროვე დიზაინის თეორიას და გერმანულ პროგრესულ კულტურას ეზიარა, სადაც ისეთი არქიტექტორების გარემოცვაში უწევდა ყოფნა, როგორებიც ლე კორბუზიე და ვალტერ გროპიუსი იყვნენ, რომელმაც შემდგომ წლებში ბაუჰაუზის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ამ პერიოდში ვან დერ როეს მისი პირველი არტ ნუვოს გავლენით პოტსდამში მდებარე სახლი უკვე აშენებული ჰქონდა, რასაც მალევე, 1911 წელს, შტეგლიც-ცელენდორფში მდებარე სახლი, 1917 წელს კი ნეოკლასიკურ შინკელის სტილში შესრულებული Churchill Villa მოჰყვა.
პოლიტიკური თვალსაზრისით ეს ის პერიოდია, როცა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციისთვის საფუძველი უკვე მზადდება, იმდროინდელი ხელოვანები კი თავის მხრივ მიმდინარე მოვლენების საპასუხო დისკუსიებისთვის შესაბამისი სიმბოლური სახელით ახალ მოძრაობას – „ნოემბრის დაჯგუფებას“ ამზადებენ, რომელსაც 1921 წლიდან მის ვან დერ როეც უერთდება. სწორედ ამ პერიოდში ის ერთ-ერთი კონკურსისთვის მინით გაფორმებულ ისეთ დიზაინს ქმნის, რომელიც იმდროინდელი პერსპექტივიდან შესაძლოა არარეალურ და ფანტასტიკურ ნიმუშად აღიქმება, თუმცა ფაქტობრივად ეს იყო ვან დერ როეს პირველი ნამუშევარი მის მიერვე წოდებული skin-and-bones არქიტექტურიდან, რომელმაც შემდგომ მთელი მისი გვიანდელი პერიოდის შემოქმედება გააერთიანა.
სწორედ ამგვარ – skin-and-bones – ნამუშევართა რიცხვს მიეკუთვნება მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბარსელონას პავილიონი, სადაც სწორედ შუშის მასალის გამოყენებით ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ზღვარი ისეა წაშლილი, თითქოს სივრცე ერთი მთლიანობას წარმოადგენს, რაც იმ პერიოდის არქიტექტურისთვის ნამდვილად რევოლუციური სიახლე იყო. ვან დერ როემ ეს შენობა 1929 წელს ბარსელონას საერთაშორისო გამოფენისთვის შექმნა, თავდაპირველად მას გერმანული პავილიონი ეწოდებოდა, 1930 წელს, გამოფენის დასრულების შემდეგ, პავილიონები დაიშალა. თუმცა, მისი როგორც საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ნიმუშის მნიშვნელობის გამო, ხელახალი რეკონსტრუქციის შემდეგ, პავილიონი 1986 წელს მეორედ გაიხსნა.
ამ პავილიონისთვის ვან დერ როემ ლილი რეიხთან ერთად მისი ძალიან ცნობილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინის სკამიც შექმნა, თუმცა გარდა ამ სკამისა, მისი როგორც პროდუქტის დიზაინერის შემოქმედება არა მარტო ბარსელონას, არამედ ბრნოს და ტუგენდატის სკამებსაც მოიცავს. ხოლო როგორც არქიტექტორის კარიერა, არა მხოლოდ პრაქტიკულ საქმიანობას, არამედ საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილებასაც გულისხმობს.
1930 წელს მის ვან დერ როე Bauhaus Dessau-ის მესამე და უკანასკნელი დირექტორი გახდა, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ქვეყანაში არსებული ნაცისტური პოლიტიკისა და ფინანსური მდგომარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლებელი დაიხურა, ვან დერ როე კი ბევრის მსგავსად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. პოსტ-დეპრესიის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატები არქიტექტორისთვის იმ ახალი იდეების და სურვილების განხორციელების ადგილად იქცა, რომელთა ხორცშესხმა გერმანიაში წარმოუდგენლად მიაჩნდა, ამ ყველაფერს ისიც უწყობდა ხელს, რომ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში საერთაშორისო გამოფენაზე გამოჩენამ ვან დერ როეს სახელი უკვე ბევრი ადამიანისთვის ცნობილი და მისაღები გახადა. 1944 წლიდან მის ვან დერ როე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა და სწორედ ამ პერიოდიდან აკადემიური საქმიანობა Armour-ის ინსტიტუტში გააგრძელა.
1947 წელს მის ვან დერ როეს რეტროსპექტული გამოფენა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყო, ერთი წლის შემდეგ მან ჩიკაგოში მდებარე მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა Lake Shore Drive შექმნა, ასევე მინიმალისტური სტილით გამორჩეული ილინოისის შტატში მდებარე Farnsworth House, რომელშიც ბარსელონას პავილიონების მსგავსად ინტერიერსა და ექსტერიერს შორის ზღვარი თითქმის წაშლილია. მის ვან დერ როეს ამერიკული კარიერა ჩიკაგოს ფედერალურ კომპლექსს, სიგრამ ბილდინგსა და ჰიუსტონის ხელოვნების მუზეუმსაც მოიცავს, რომლებშიც ყველაზე უკეთ იგრძნობა ამერიკული ურბანული გარემოს გავლენა არქიტექტორის მინიმალისტურ სტილზე.
ამერიკაში უკვე კარგად ცნობილი მის ვან დერ როე სამოციანი წლების დასაწყისში დასავლეთ ბერლინის სენატმა ახალი ეროვნული გალერეის დიზაინის შესაქმნელად მიიწვია, რომლის მშენებლობაც 1968 წელს დასრულდა, ერთი წლის შემდეგ კი მის ვან დერ როე ჩიკაგოში გარდაიცვალა. არქიტექტორმა სამწუხაროდ ბაუჰაუსის სახით იმდროინდელი გერმანული არქიტექტურის მომავალი ვერ გადაარჩინა, თუმცა მთელი მისი მინიმალისტური სტილით და რევოლუციური ხედვით საფუძველი შეუქმნა მოდერნისტული არქიტექტურის მომავალს, რომლის ღმერთიც, როგორც თავადვე ამბობს, ეპოქის დეტალებში იმალება.
დაწერე კომენტარი